Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეის საკითხი შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილონ


აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ჩინეთს მოუწოდა დაგმოს ჩრდილოეთი კორეის მიერ სამხრეთი კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის ფაქტი: ”ჩრდილოეთი კორეა შეშფოთების მიზეზია. გასულ წელს ვითანამშრომლეთ იმისათვის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიეღო ძლიერი რეზოლუცია ჩრდილოეთი კორეის მიერ ბირთვული ტესტის ჩატარების გამო. დღეს კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც სამხრეთი კორეის გემის ჩაძირვამ გამოიწვია. უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევა და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის მიზანს მივუახლოვდეთ”. სამხრეთი კორეის სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა ქვეყნის ჯარი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა. დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხრეთმა კორეამ მეზობელს სანქციები დაუწესა, რადგან მას სამხედრო გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს. გემის ჩაძირვას მარტში 46 მეზღვაური შეეწირა. სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანს. გაეროს გენერალური მდივანი კი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოსგან ჩრდილოეთი კორეის მიმართ მოქმედებას მოელის. ობამას ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში და დასაჯოს თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები.

XS
SM
MD
LG