Accessibility links

logo-print
დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართული გაზეთების უმეტესობა ისვენებდა. რაც გამოვიდა, იმას მიმოვიხილავთ.

„ვერსია“ დღეს აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ზურაბ ნოღაიდელთან, სათაურით „გამომწვევი თვალებით ნუ მიყურებთ, თითქოს რაღაცაში გამომიჭირეთ“. ნოღაიდელის ეს რეპლიკა მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას მოსკოვში „ეროვნული საბჭოს“ ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით. ინტერვიუს დიდი ნაწილი ორი კვირის წინანდელ ამბებს ეხება, ნოღაიდელისა და ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს, თუმცა მომავალ არჩევნებზეც ლაპარაკობენ. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ეს არჩევნები ობიექტური და სამართლიანი იყოს და საზოგადოების განწყობა გადმოსცესო, - უთხრა ნოღაიდელმა ”ვერსიას.”

არჩევნებს რაც შეეხება, აქვე წაიკითხავთ სტატიას გია თორთლაძის პარტიის რამდენიმე წევრის მიერ ალასანიასთვის მხარდაჭერის გამოცხადების შესახებ. გია გურგულიამ ”ვერსიას” უთხრა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ, ჯერ ერთი, მზად არ აღმოვჩნდი ამ არჩევნებისთვის და, მეორეც, ისე არ წავიდა ჩემი პროგრამის გაშუქება, როგორც მინდოდაო; მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს თავს ირაკლი ალასანიას გვერდით უფრო ვხედავ, ვიდრე გიას გვერდითო. თავად თორთლაძე კი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებით გაკვირვებული ჩანდა. ”მათთან საუბარი გუშინ ღამეც მქონდა და ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ეტყობა წუხელ შეისწავლეს ალასანიას პარტიის წესდებაო”, - უთხრა გია თორთლაძემ“ ვერსიას“.

”ახალი თაობა” დღევანდელ აღლუმზე წერს და იხსენებს ოპოზიციის მუქარას, სააკაშვილს აღლუმს არ ჩავატარებინებთო. ”ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაურიგდა” - ასეთია სტატიის სათაური, თუმცა ავტორი ოპოზიციის სხვა შესაძლო მოტივაციაზეც ლაპარაკობს: ”ოპოზიციას, ალბათ, უფრო იმის შეეშინდა, რომ მათ აქციაზე ხალხი არ მივიდოდა. მარტო ისინი აღლუმს, ცხადია, ვერ ჩაშლიდნენო”, - წერს ”ახალი თაობა”.

ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებაზე 26 მაისის მიმართ კომენტარს აქვე პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი აკეთებს. ”მიჭირს რაიმე რაციონალური დავინახო ასეთ შეფასებებში, როდესაც ამბობენ, რომ რა წესია ეროვნულ დღესასწაულზე სამხედროების გამოსვლა. ის წესია, რომ დამოუკიდებლობა აღინიშნება ფორმიანი ადამიანებითაც, იმიტომ რომ ფორმიანი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ატრიბუტიაო”, -უთხრა დავით დარჩიაშვილმა ”ახალ თაობას”.
XS
SM
MD
LG