Accessibility links

logo-print
სარედაქციო წერილით „ვედომოსტი“ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის გამოსვლას ეხმაურება. პრეზიდენტს უთქვამს: „ამოცანა ისაა, რომ შეიქმნას ახალი რუსული იდენტობა. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის ბედი სამწუხაროაო“.

პრობლემების საძირკველში დმიტრი მედვედევს ცოტა ხნით ადრე ერში არსებული ინიციატივის ნაკლებობა, სულიერი და გონებრივი სიმთვრალე და სიზარმაცე შეუნიშნავს. გაზეთის თქმით, მედვედევის სურვილია ააშენოს „ნამდვილი რუსეთი, თანამედროვე, მომავლისკენ ორიენტირებული ნაცია, რომელიც დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო შრომის განაწილებაში“. თუმცა როგორ? „ვედომოსტი“ გამოსავლის მოძებნას მიზეზებში ჩაღრმავებით ცდილობს და ყველაფერს ჯერ იმპერიალისტურ რუსეთს, შემდეგ კი საბჭოთა კავშირს აბრალებს.

ორივე პროექტის მთავარი იდეოლოგია მესიანიზმი იყოო, წერს გაზეთი, ეს კი ნიშნავს რომ რუს ერს სამყარო უნდა შეეცვალა და თუ ამას ვერ მოახერხებდა, მისგან უნდა ჩაკეტილიყოო. ორივე პროექტი ჩავარდაო, წერს „ვედომოსტი“ და სწორედ ამიტომ გაზეთი ვარაუდობს, მესიანიზმის სახელმწიფოს მშენებლობასთან გაიგივება შეცდომააო, რადგან მესიანიზმი ხომ მიზეზების არამიწიერ სტრუქტურებში ძიებაა, მაშინ როცა გაზეთი კონკრეტულ პრობლემებს მიწაზე, კერძოდ კი, არაეფექტურ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებში ხედავს. „იმისათვის, რომ შეიქმნას სრულფასოვანი სამოქალაქო ნაცია, აუცილებელია არა მარტო სამოქალაქო თვითშეგნების ზრდა ქვევიდან, არამედ ეფექტური სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების შექმნაო“, წერს „ვედომოსტი“ და ამ სიტყვებით უპასუხებს პრეზიდენტ მედვედევს, რომელიც საზოგადოებას ახალი იდენტობის ფორმირების გზაზე რჩევა-დარიგებებს აძლევს.

იმპერიალისტურ - თუ, მოგვიანებით, საბჭოთა - მესიანიზმში სხვა რუსულ გაზეთები არა ინდივიდუალურ, არამედ ცენტრალიზებულად შექმნილ და მასობრივად თავს მოხვეულ იდეალებს ხედავენ. ამ იდეას ამ კვირის რუსული გაზეთები სხვადასხვა ფორმით ავითარებენ. ძირითადად, ალბათ, გუშინდელი დაბადების დღის გამო, რუს პოეტს იოსებ ბროდსკის იხსენებენ, ინდივიდს, რომელიც თავის დროზე მხოლოდ იმის გამო გადაასახლეს, რომ თავი სასამართლოს წინაშე პოეტად გამოაცხადა - იმ პროფესიის ადამიანად, რომლისთვისაც საბჭოთა მოსამართლემ ცენტრალიზებული სანქცია ვერ მოძებნა.

იოსებ ბროდსკის კვალდაკვალ „ნოვაია გაზეტა“ მეოცე საუკუნის სხვა რუსი პოეტისა და ესეისტის, ლევ ლოსევის ისტორიას იხსენებს. ლოსევსაც პრობლემები სისტემის მხრიდან ინდივიდუალიზმის გამოვლინების გამო შეექმნა. პირველკურსელი პოეტი სასამართლოში ნიცშეს ზარათუშტრას წაკითხვის გამო მოხვდა, წიგნისა, რომლის გმირიც, საბჭოთა იდეოლოგიით, ჰიტლერის ტიპაჟთან ასოცირდებოდა. ბიჭუნა ოდნავ შეაშინესო, წერს გაზეთი. გაუმართლა: რამდენიმე წლით ადრე, სტალინის ეპოქაში რომ მოხვედრილიყო, იმავე წიგნის წაკითხვისთვის აუცილებლად იმ ბანაკებს მოინახულებდა, რომელთა სიავეზეც თავად წერდაო.

ნაკლებად გაუმართლა, როგორც აღვნიშნეთ, თავად იოსებ ბროდსკის, რომელსაც ინდივიდუალიზმი საბჭოეთში ხუთი წლის ფიზიკურ თავისუფლებად დაუჯდა.

ბროდსკის იხსენებს„იზვესტია“, რუს ებრაელ პოეტს, რომელსაც ერთხელ, ხელოვნების აკადემიასთან პეტერგბურგში კიბეზე ჩამომჯდარს, თავი მუხლებში ჩაურგავს და უთქვამს: ღმერთო ჩემო, რა ქალაქი ჩაუვარდათ ხელში ბოლშევიკებსო. კაცი, რომელიც მორგში მუშაობდა, რადგან სიკვდილის თემა აინტერესებდა; კაცი, რომელმაც მოგვიანებით ნობელის პრემია მიიღო... დღეს მის კომუნალურ სახლში მისულ ჟურნალისტს ხალათში გამოწყობილი მეზობელი ქალბატონი ამრეზით უყურებს. არ ესმის, ვინ ცხოვრობდა მის მეზობლადო, წაიკითხავთ გაზეთში.

გაზეთი აქვე აქვეყნებს ძალიან საინტერესო ინტერვიუს თავად ბროდსკისთან, რომელიც „იზვესტიას“ ჟურნალისტს 1990 წელს ჩაუწერია. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან. ადამიანის დანიშნულებას ბროდსკი ჟურნალისტს ასე განუმარტავს: დანიშნულება ადამიანისა არის „უნარი იცხოვროს საკუთარი და არა ვინმეს ცხოვრებით. სხვა სიტყვებით, ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს საკუთარი ფასეულობანი და არა იხელმძღვანელოს იმ ფასეულობებით, რომელთაც მას თავს ახვევენ, როგორადაც მიმზიდველი არ უნდა იყოს ის. პირველ რიგში, თითოეულმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს ის, სუფთა ადამიანური კატეგორიებით, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ახდენდეს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ნაციონალურ, პოლიტიკურ ან რელიგიურ კატეგორიებთან“, ამბობს რუსი პოეტი ბროდსკი „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში 1990 წელს.
XS
SM
MD
LG