Accessibility links

მართალია, ის ჯერ არ არის ხელოვნურად შექმნილი ცოცხალი არსება, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ბაქტერია, რომლის მთელი გენეტრიკური მემკვიდრეობა ქიმიური წესით აგებული. მათ ლაბორატორიაში სინთეზირებული მიკოპლაზმის სრული გენომი გადაიტანეს ამ ტიპის ბაქტერიების სხვა სახეობაში. გამრავლების შედეგად წარმოქმნილი ახალი ბაქტერიის სასიცოცხლო ფუნქციები მთლიანად განისაზღვრებოდა ტრანსპლანტირებული, ხელოვნურად შექმნილი მემკვიდრეობითი კოდით. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამ ტექნიკით მომავალში გამიზნულად იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ ახალი თვისების მქონე მიკროორგანიზმების შექმნა, წერენ ისინი ჟურნალ „საიენსში“.

„ეს გახლავთ სინთეტიკურად შექმნილი პირველი უჯრედი, ვინაიდან მისი არსებობა მთლიანად ემყარება სინთეტიკურ ქრომოსომს, რომელიც ავტომატმა შექმნა ქიმიკატების ოთხი ბოთლის მეშვეობით,“ ამბობს კრეიგ ვენტერი - როკვილის „ჯეი კრეიგ ვენტერის ინსტიტუტიდან“. მისმა მკვლევართა გუნდმა მიკოპლაზმის მთელი გენეტიკური მემკვიდრეობა, რომელიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ერთი მილიონი ელემენტისგან შედგება, ქიმიურად შექმნეს. საჭირო იყო დნმ-ს ცალკეული მონაკვეთების ეტაპობრივად ერთმანეთთან შეერთება. სინთეზის უკანასკნელი ნაბიჯები ჩატარდა საფუარისა და კუჭნაწლავის ჩხირის უჯრედებში. შემდეგ აქედან საბოლოოდ აიღეს ბაქტერიის გენომი და ბაქტერია „მიკოპლაზმა კაპრიკოლუმში“ შეიყვანეს. გამრავლების შედეგად წარმოიშვა ბაქტერიები, რომელთა საწყისი დნმ მთლიანად ხელოვნურით იქნა შეცვლილი.

ახალშექმნილ მიკრობს იგივე თვისებები აქვს, როგორც ბუნებრივ ბაქტერია „მიკოპლაზმა მიკოიდესს“. პროექტში, რომელიც ათ წელს გრძელდებოდა, ოცი მეცნიერი მონაწილეობდა. პროექტი 40 მილონ დოლარამდე დაჯდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მომავალში ეს ხარჯები საგრძნობლად შემცირდება. ამის შემდეგ ხელოვნური გენომით სხვა უჯრედების აღჭურვაც გახდება შესაძლებელი. ამგვარი წესით შექმნილი მიკრობებით ე.წ. ბიოფაბრიკების შექმნა და მათი მეშვეობით სამედიცინო და სხვა ნივთიერებების წარმოება ანდა გარემოს დამაბინძურებელი შხამების უფრო ეფექტიანად გადამუშავება იქნებოდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG