Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წინასაარჩევნო გარემო კახეთში


თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი, თუმცა პოლიტიკური პარტიების პლაკატები კახეთში მხოლოდ ახლა გამოჩნდა. ყველაზე მეტი პლაკატი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სააგიტაციო მასალის განადგურება კანონით აკრძალულია, პარტიების აქტივისტები კონკურენტების პლაკატებს ღამღამობით მაინც ხევენ. მაგალითად, ყვარელში ჩამოჭრილია “ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო ბანერი და დახეულია პლაკატები.

“ბანერი საკმაოდ დიდ სიმაღლეზე იყო და იქ კიბის გამოყენება გახდებოდა საჭირო. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა და მომხდარ ფაქტზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს“, - განაცხადა”ალიანსი საქართველოსთვის” ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ ხონიაშვილმა.

ამავე პარტიის თელავის რაიონულ ოფისში კი ამბობენ, რომ მათ საარჩევნო პლაკატებს “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები გადააკრეს.

“ალიანსი საქართველოსთვის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “ალიანსის” მიერ ქუჩებში გაკრული პლაკატები დახიეს, ხოლო მის ადგილას მიხეილ სააკაშვილის პლაკატები გააკრეს.

“რაც არ გაუკეთებია თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირს”, ახლა “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს. მივმართავ საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები, რადგან აღნიშნული ქმედებით დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, - განაცხადა ვარდოშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონალურ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ვარდოშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

“ეროვნული საბჭოს” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი კი თელავის უმწეოთა და უპოვართა სასადილოში მიხეილ სააკაშვილის პლაკატების არსებობას აპროტესტებს და მის ჩამოხსნას ითხოვს:

“სასადილო გამგეობის პირველ სართულზე მდებარეობს და გაკრული პრეზიდენტის პლაკატებით საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლი დაირღვა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ორგანოების ინტერიერსა და ექსტერიერზე ყოველგვარი სააგიტაციო მასალების გავრცელება იკრძალება”, - განაცხადა მოსიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ხელმძღვანელის მანანა ბაზერაშვილის განცხადებით, აღნიშნული პლაკატები წლებია სასადილოში გაკრულია და ამ ფაქტით მოქმედი საარჩევნო კანონი არ ირღვევა.

მაჟორიტარი კანდიდატების სიმრავლითაც რეგიონში “ნაციონალური მოძრაობა” გამოირჩევა. ”ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდა ასევე ის ერთადერთი პარტია, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა არაქართულენოვან სოფლებში მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციურ პარტიებზე. მაგალითად, ლაგოდეხში ასეთი ორი ოპოზიციური პარტიაა. ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე ზურიკაშვილის განცხადებით, ეს პარტიებია „მომავალი საქართველოსთვის“ და „ეროვნული საბჭო“.

„ლაგოდეხის რაიონის არაქართულენოვან სოფლებში მხოლოდ ორ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ჰყავს წარმოდგენილი კანდიდატები: პარტიას „მომავალი საქართველოსთვის“, რომელსაც სოფელ კაბალში ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატი ვაგიბ აივაზოვი, და „ეროვნულ საბჭოს“, რომელსაც კანდიდატები ჰყავს ოსურენოვან სოფლებში: არეშფერანში - თენგო ქოქაშვილი და ფონაში - თენგიზ ჯალიაშვილი, ასევე ჰყავს წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალში, თენგიზ მახათაძე.

“ეროვნული საბჭო”, ლაგოდეხის რაიონის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, წინასაარჩევნო კამპანიების წარმოებითაც, სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, როგორც ქართულ, ისე არაქართულენოვან სოფლებში საკმაო აქტიურობით გამოირჩევა. ალბათ ამიტომაც მათი ცნობადობა შედარებით მაღალია. მაგალითად, აზერბაიჯანულენოვან სოფელ უზუნთალაში, სადაც პარტიამ ადგილობრივებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, ამბობენ, რომ “ეროვნული საბჭო” მათ დახმარებას ჰპირდება - მიიღეს დაპირება შიდა გზების მოწესრიგებასა და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით. “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ყველაზე მაღალი ცნობადობით ისევ “ეროვნული საბჭო” გამოირჩევა ოსურენოვან სოფლებშიც. სოფელ არეშფერანსა და ფონაში ამბობენ, რომ ოპოზიცია, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების დროულ მოგვარებას ჰპირდება.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი კი, როგორც თავად ამბობენ, იქ, სადაც მმართველ პარტიას მოგება გარანტირებული აქვს, რესურსის ხარჯვას ერიდება. ასეთი ადგილები კი, როგორც აღნიშნავენ, ძირითადად, არაქართულენოვანი სოფლებია. თუმცა ამაზე ღიად პარტიის ლიდერები არ საუბრობენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავიანთი თანამოაზრეების დაშინებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს დაშინებულთა უსაფრთხოების მიზნით არ ახმაურებენ.

ამომრჩევლებსაც, ისევ ლაგოდეხის რაიონის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ აქვთ. ლაგოდეხში ამბობენ, რომ ოპოზიცია რაიონში ნაკლებად აქტიურობს,

თვითმმართველობის არჩევნებს კი ლაგოდეხელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები სწორედ თვითთმმართველობის მოსაგვარებელია. ლაგოდეხელების თქმით, მთავარია სწორი არჩევანის გაკეთება.
XS
SM
MD
LG