Accessibility links

logo-print

საქართველო მეფე ამაზასპის კურსს დაადგა?


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი (მარჯვნივ) და მისი ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე პრესკონფერენციაზე, თეირანი, ირანი, 18 იანვარი, 2010 წელი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი (მარჯვნივ) და მისი ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე პრესკონფერენციაზე, თეირანი, ირანი, 18 იანვარი, 2010 წელი.

ის ოპონენტებიც კი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას საშინაო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებდნენ, იძულებული იყვნენ ეღიარებინათ სააკაშვილის მიერ აღებული პროდასავლური პოლიტიკური კურსის უალტერნატივობა. თუმცა ვითარება ძირეულად იცვლება. ამის მიზეზია თბილისის გადაწყვეტილება დაუახლოვდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, განიხილოს ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი და სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლოს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს.

სტრატეგიის საკითხების მკვლევარი პროფესორი კახა კაციტაძე ამბობს, რომ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რადიკალურ შეცვლას, რომლის ანალოგი საქართველოს ისტორიაში მესამე საუკუნის შუა ხანებში თუ მოიძებნება.

„ეს იყო მეფე ამაზასპის დროს. და ლეონტი მროველს აქვს კიდეც აღწერილი, რომ „განუდგა ამაზასპი იგი რომელთ და გადავიდა მხარესა სპარსთა.“

თბილისის ელვისებური და ასიმეტრიული საერთაშორისო პოლიტიკა

კახა კაციტაძის დაკვირვებით, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ირანთან დაახლოების სურვილი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის შიგნით გატარებულ საშინაო პოლიტიკასთან, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თანდათან კარგავდა დემოკრატიის ნიშნებს. მკვლევარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და დასავლელმა პარტნიორებმა მიატოვეს, მათ ჯიბრზე მოქმედებს.

„როგორც ბრიტანულ კლუბში არ მიგიღებენ გაუპარსავ, დაუბანელ ჯენტლმენს, ასევე არ გიღებენ იმ ელიტარულ კლუბში, რომელსაც დასავლეთი ჰქვია. შენ ახლა ჯიბრზე იმ დასავლეთს არტყამ სილას და ვეხვევი ვის? ვიპოვე ჩემნაირი მარგინალი. ირანის მერე დამრჩენია ვინ? ჩრდილოეთ კორეა.“

საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან შემდგომი დაახლოების სურვილი გამოხატა მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივმოქმედი წევრი თითქმის თანხმდება, აამოქმედოს ვაშინგტონის შუამავლობით შემუშავებული სანქციების ახალი რეჟიმი ირანის წინააღმდეგ. 17 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „დიპლომატიური გარღვევა“ და „პატარა ქვეყნებისათვის გადარჩენის შანსი“ უწოდა ირანის მიერ ბრაზილიისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილის თურქეთში გაგზავნას ითვალისწინებს ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ.

დასავლეთის სახელმწიფოები და შეერთებული შტატები „თავშეკავებით შეხვდნენ“ ურანის გაცვლის თაობაზე დადებულ შეთანხმებას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ ეშტონმა თქვა, რომ „ხელმოწერილი დოკუმენტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ჯერ მთლიანად პასუხს ვერ გასცემს.“

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიაში ელვისებურ მოქმედებასაა მიჩვეული. კვირის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ ივნისში საქართველოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი ეწვევა ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი საკითხების დასაზუსტებლად. საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობა, რომელიც ირანსა და საქართველოს შორის წინა წლებში იყო, არასოდეს იწვევდა უარყოფით რეაქციას შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან:

„მაგალითად, ბუშის ადმინისტრაციის დროს, როდესაც განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა იყო შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, საქართველოს პრეზიდენტი 2006 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შეხვდა აჰმადინეჟადს და მასთან აწარმოვა მოლაპარაკებები. იმავე „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, მე როგორც ვიცი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გაიმართა 2004 წლის ივლისში ირანში.“

ვინ უფრო დიდი მეგობარია - ირანი თუ აშშ?

ირანისა და საქართველოს დაახლოებას ლოგიკურად მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი. ვიზების გაუქმებას ირანთან და პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის შესაძლო ვიზიტს საქართველოში ბარნოვი აფასებს როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ირანისა და დასავლეთის ურთიერთობის მოწესრიგებას:

„შუამავალი ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის, რომ საქართველო, რომელიც არის მკვეთრად გამოხატული დასავლური ყაიდის, დასავლური ორიენტირების სახელმწიფო, ამყარებს კავშირს ირანთან და ამას აკეთებს არა იზოლირებულად, ცალკე, არამედ თურქეთთან ერთად, - ეს, მე მგონი, არის პოზიტივი.“

საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ ირანთან შემდგომ დაახლოებას განიხილავს როგორც საშუალებას მიიღოს სარგებელი ეკონომიკური თვალსაზრისითაც. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში, განსაკუთრებით ენერგოსექტორში და სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა 21 მაისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. თუმცა ეკონომიკის საკითხების ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები დიდი არ არის და, თანაც, შესაძლოა, ირანულ ინვესტიციებში საქართველოს მოუწიოს „პოლიტიკური საფასურის“ გადახდა:

„ ჩვენ ვიცით, რომ, ნავთობიდან გამომდინარე, ირანში არის საკმაოდ დიდი კაპიტალი, მაგრამ ირანული კაპიტალი, გამომდინარე მისი ხელისუფლების აგრეთვე ზეამოცანებიდან, - პოლიტიკის სუნი ასდის ამ ყველაფერს, მოგეხსენებათ. და თუ საქართველოში ირანის მხრიდან რაიმე ტიპის ეკონომიკური აქტიურობა იქნა, აუცილებლად ეს იქნება გარკვეული პოლიტიკური რისკების შემცველი.“

საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და უარყოფითად არ აისახება საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე.“

ცალკეულ პუბლიკაციებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, თბილისის ირანთან დაახლოებაზე დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მხრიდან ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. შესაძლოა, ისინი ელოდებოდნენ თბილისისა და თეირანის შემდგომ ნაბიჯებს. თანაც, თბილისი ცდილობს მაქსიმალურად კორექტული იყოს, რასაც ვერ ვიტყვით ირანელ დიპლომატებზე. „შეერთებული შტატების დახმარება არ ყოფილა მაშინ, როდესაც თქვენ [საქართველოს] ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდათ. ჭეშმარიტი მეგობრობა გასაჭირში გამოჩნდება ხოლმე“, - არაორაზროვნად განაცხადა 21 მაისს თბილისში მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა რამინ მეჰმან ფარსატმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG