Accessibility links

logo-print

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა


სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე

სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე

92 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თითქმის სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად, არსებობა შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მოახერხა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე 11.00 საათზე დაიწყო. როგორ აღნიშნეს 2010 წლის 26 მაისი საქართველოს მთავრობამ და რუსთაველზე გამოსულმა რიგითმა მოქალაქეებმა?

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი წელს წუთიერი დუმილით დაიწყო:

”გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს და კატინში დაღუპულ პოლონელთა ხსოვნას.”

2010 წლის სამხედრო აღლუმი სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აღლუმის სარდალმა, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისთვის, პრეზიდენტმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

“თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, ეს ჩვენ ვართ, ქართველები”, - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა აღლუმზე მისულ რიგით მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს. მან პირობა დადო, რომ საქართველო გარეშე ძალებისგან მართული სახელმწიფო არასდროს აღარ იქნება. მისივე თქმით, მომავალი განვითარების გზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლა, რამდენად ძლიერი არმია ეყოლება საქართველოს:

”ეს დღე ყველაზე სათაყვანებელი დღეა ყველა ქართველისთვის, იმიტომ რომ თავისუფლებისმოყვარე ერისთვის არაფერია უფრო ძვირფასი და უფრო სათაყვანებელი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა - მით უმეტეს იმ ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძოდა არსებობისთვის. მტერი ანადგურებდა ყველაფერს, რაზეც კი ქართველ კაცს მომავლის აგება შეეძლო, მაგრამ ჩვენი ერი არ გატყდა, არ დათმო ოცნება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე და მტერი მაინც დაამარცხა.”

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით” 23 ადამიანი დააჯილდოვა, მათ შორის, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებები: პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ნინო და ილიკო სუხიშვილები, ნიაზ დიასამიძე. საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის დააჯილდოვა, 70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასა და მაფიასთან ხმალამოღებული თავდადებული ბრძოლისთვის კი - როლანდ ახალაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა აღლუმს რუსთაველის გამზირზე რიგითი მოქალაქეების გვერდით ადევნებდა თვალყურს. ეს დღე ჩემთვის ბავშვობიდან ყველაზე სათუთი და საყვარელი დღე იყოო, ამბობს გიგი უგულავა:

”ეს დღე არის ჩვენთვის ყველაზე სანუკვარი და ყველაზე წმინდა, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლების საფუძველია. თავისუფლება არ არსებობს დამოუკიდებლობის გარეშე”, - ამბობს უგულავა.

ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის. ქართველები განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნავდეთ ამ დღეს, ჩვენ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ყოველთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოდით, - ამბობს საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე:

”21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებენ. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაფიქსირებდეთ ამ დღისადმი ქართველი ერის დამოკიდებულებას და იმას, რომ ჩვენ ამის დამთმობნი არ ვართ”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

წელს აღლუმის საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა 4 325-მა ქვეითმა მიიღო. აღლუმზე სამხედროები ახალი შეფერილობის ტექნიკითა და ფორმით წარდგნენ. რუსთაველის გამზირზე ჩაიარა ქვეითების მსუბუქმა ავტომანქანებმა, ჯავშანტრანსპორტიორებმა, საარტილერიო სისტემებმა. აღლუმი კი ავიაციის საჩვენებელმა ფრენამ დაასრულა.

აღლუმზე მისულ პატარებს ყველაზე მეტად სწორედ მათი ნახვა აინტერესებდათ: ”მე იმიტომ მოვედი, რომ ტანკები მენახა, ყველაზე ძალიან მომეწონა ტანკები რომ გამოვიდნენ. ჯარისკაცები მომეწონა, ძალიან ლამაზად დადიოდნენ”, - თქვა 8 წლის ლევანმა.

კაპიტანმა ზერეკიძემ აღლუმში მონაწილეობა ცოლ-შვილთან ერთად მიიღო, მისი მეუღლე თეა ამბობს, მეამაყება ჩემი ქმარი სამშობლოს რომ იცავსო, თავად კაპიტანი ზერეკიძე სამხედრო სამსახურში 96 წლიდან მსახურობს, დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე აზრის გამოთქმას კი ერთი წინადადებითაც ახერხებს: ”ამაზე ლამაზი დღე არ არსებობს, ჩემთვის ეს დღე ყველაზე ლამაზი და საუკეთესოა.”
XS
SM
MD
LG