Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგვიანებული შეთანხმება ვაკეში


კახა კუკავა, ”ეროვნული საბჭოს” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი
კახა კუკავა, ”ეროვნული საბჭოს” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი
თბილისის ვაკის ოლქში ”ეროვნული საბჭოს” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან საკუთარი კანდიდატურა ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა. თავის მხრივ, დავით საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ვაკეში არჩევნებს მოიგებს და თბილისის საკრებულოს წევრი გახდება.

დავით საგანელიძე თბილისის ვაკის ოლქში თავის მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ვახტანგ ნაცვლიშვილს მიიჩნევს, თუმცა აქვე აკონკრეტებს, რომ კონკურენტია არა უშუალოდ ნაცვლიშვილი, არამედ გაყალბება, ძალადობა და დაშინება, ანუ ის, რაც უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან ასოცირებულ საარჩევნო სტერეოტიპად ჩამოყალიბდა. ერთგვარი სტერეოტიპია ისიც, რომ ოპოზიცია მმართველ პარტიასთან დასაპირისპირებლად ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავიდანვე დღის წესრიგში დადგა, ერთი მხრივ, მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერება, მეორე მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატის გამოვლენა და, ბოლოს, შეთანხმება საარჩევნო ოლქებში საკრებულოს წევრობის ერთიანი კანდიდატურების წარდგენის შესახებ. შეთანხმებები ამ სამი მიმართულებით, ძირითადად, არ შედგა. იშვიათ გამონაკლისთა რიგში აღმოჩნდა საგანელიძე-კუკავას შეთანხმება, რომელიც იმ კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნას ითვალისწინებდა, რომელსაც პოტენციურად საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ნაკლები რაოდენობა უჭერდა მხარს. დავით საგანელიძისა და კახა კუკავას სააარჩევნო შტაბების პარიტეტულმა ჯგუფმა ამისათვის 25 მაისს სპეციალური სატელეფონო კვლევა ჩაატარა.

დავით საგანელიძე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი
”გამოკითხულ იქნა 2500 რესპონდენტი ვაკის რაიონში, ღამით დაითვალა შედეგები. შედეგების შედეგად აღმოჩნდა, რომ მეტი ხმა დავაგროვე მე. ამიტომ, შეთანხმებისამებრ, კახა ხსნის თავის კანდიდატურას და მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავიმარჯვო, რათა ოპოზიციამ დაანახვოს ხელისუფლებას, რომ დღეს ქვეყანაში საზოგადოების და ხალხის მოთხოვნა არის ამ ხელისუფლების შეცვლა”, - გვითხრა დავით საგანელიძემ. თავის მხრივ, კახა კუკავამ არ უარყო, რომ პირადად მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამ გამოკითხვას სხვა შედეგი ეჩვენებინა, მაგრამ უფრო მთავარი პოლიტიკური ინტერესია:

”პოლიტიკური ინტერესი არის ის, რომ ჩვენ, ოპოზიციას, ჯამში, გვექნება ერთი მანდატი საკრებულოში გარანტირებულად. შესაბამისად, შესაძლებელია, უმრავლესობის შექმნის დროს ეს გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მე და დავითმა. სხვა კანდიდატებსაც შეუძლიათ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის პერსონალური შეთანხმება კანდიდატებს შორის.”

კანდიდატებს შორის შეთანხმებისკენ, კერძოდ კი, ვაკის საარჩევნო ოლქში მორიგი გამოკითხვის ჩატარებისკენ დავით საგანელიძე სხვა ოპოზიციონერ კანდიდატებსაც მოუწოდებს - მათ შორის, ”სახალხო დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატს დავით ჭელიძეს. ამ პარტიის თავმჯდომარე ნიკა ივანიშვილი კი ამბობს, რომ გამოკითხვა, ჭელიძესა და საგანელიძეს შორის უფრო რეიტინგულის გამოვლენის მიზნით, არ შედგება:

” ალტერნატივა არ ჰყავს დავით ჭელიძეს ვაკეში. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და 12, 5 პროცენტით ჭელიძე უსწრებს სახელისუფლებო კანდიდატს. ამიტომ იქით მოვუწოდებ საგანელიძეს, მოხსნას თავისი კანდიდატურა ჭელიძის სასარგებლოდ.”

ამ დღეებში თავიანთი კანდიდატურები ”საქართველოს დემოკრატიული პარტიის” ვაკისა და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გიორგი გურგულიამ და გიორგი ღლონტმაც მოხსნეს, თუმცა არა რომელიმე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. მათ ’”საქართველოს დემოკრატიული პარტია” დატოვეს და მხარდაჭერა ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს ირაკლი ალასანიას გამოუცხადეს. ”თორთლაძე-დემოკრატებში” მომხდარის კომენტირება უჭირთ.

”ჩვენს პარტიაში არის 32 000 კაცი. რაოდენობა ჩვენი პარტიის წევრებისა არის საკმაოდ დიდი. ვინ რას აკეთებს და როგორ აკეთებს, დღეს ამის შეფასება მე მიჭირს, 3-5 დღით ადრე არჩევნებამდე”, - ამბობს ” საქართველოს დემოკრატიული პარტიის” პოლიტიკური მდივანი აკაკი ფაჩულიძე. კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი კი ფიქრობს, რომ პროცესები ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნისაკენ მიდის და არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თვითმხილველნიც გავხდეთ.
XS
SM
MD
LG