Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მემორიალი“ მედვედევს კატინის ხელახალ გამოძიებას სთხოვს


კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტი
კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტი
„მემორიალმა“, რუსეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, გენერალურ პროკურატურას დაავალოს კატინის მასობრივი მკვლელობების ხელახალი გამოძიება - გამოძიება საქმის, რომელიც ამჟამად დახურულია. მეორე მსოფლიო ომის დროს კატინში, საბჭოთა ლიდერ იოსებ სტალინის ბრძანებით, ათასობით პოლონელი ოფიცერი, სამხედრო და სამოქალაქო პირი დახვრიტეს.

რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში „მემორიალი“ სთხოვს მედვედევს, პროკურატურამ ხელახლა დაიწყოს იმ დოკუმენტებზე მუშაობა, რომელთა გამოძიება 2004 წელს შეწყდა. „მემორიალის“ წარმომადგენელი ალექსანდრ გორიანოვი ამბობს, რომ საარქივო მასალები ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ პოლონელთა მასობრივი დახოცვის ბრძანება უშუალოდ იოსებ სტალინმა გასცა:

„ამ დოკუმენტებზე არსებობს სტალინის, ვოროშილოვის, მოლოტოვისა და მიქოიანის ხელმოწერა და ჩანს კენჭისყრაში კაგანოვიჩისა და კალინინის მონაწილეობა. ეს ხელმოწერები და თავად დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ ამ დანაშაულის ძირითადი მონაწილეები და ინიციატორები იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც გასცეს კიდეც განკარგულება დაეხვრიტათ პოლონელი მოქალაქეები ყოველგვარი გამოძებისა და საბრალდებო დასკვნის წარდგენის გარეშე.“

საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ 1940 წლის აპრილ-მაისში სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში, 22 ათასი პოლონელი ოფიცერი და ინტელიგენციის წარმომადგენელი დახვრიტა. საბჭოთა კავშირის მონაწილეობა ამ ტრაგედიაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურის, მერე კი რუსეთის ფედერაციის სამხედრო პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაატასტურა. თუმცა გამოძიებამ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელობას კოლექტიური პასუხისმგებლობა დააკისრა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე.

„მემორიალი“ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი და გამჭვირვალე გამოძიება აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ დღევანდელმა რუსეთმა ჩამოირეცხოს სტალინური დანაშაულის ლაქა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG