Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ემნისტი ინტერნეიშენალმა” წლიური ანგარიში გამოაქვეყნა


სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა “ემნისტი ინტერნეიშენალის” წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მასში ასახულია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები 159 ქვეყანაში. “ემნისტი ინტერნეიშენალის” თანახმად, დიდი ძალაუფლების მქონე მთავრობები აფერხებენ საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებას და თავიანთ თავს აყენებენ ადამიანის უფლებათა შესახებ კანონმდებლობაზე მაღლა, იცავენ თავიანთ მოკავშირეებს კრიტიკისგან და მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად მისაღებია. “რეპრესიები და უსამართლობა ყვავის გლობალურად მართლმსაჯულების უფსკრულში, რითაც მილიონობით ადამიანი ძალადობისთვის, რეპრესიებისა და სიღარიბისთვის არის განწირული” - აცხადებს კლაუდიო კორდონე, ემნისტი ინტერნეიშენალის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. მისივე თქმით, “მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არავინ დადგეს კანონზე მაღლა და მართლმსაჯულება ყველასთვის მისაწვდომი იყოს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში. ვიდრე მთავრობები არ შეწყვეტენ მართლმსაჯულების პოლიტიკური ინტერესებისთვის დაქვემდებარებას, შიშისგან და გასაჭირისგან თავისუფლება ილუზიად დარჩება კაცობრიობის უდიდესი ნაწილისთვის”. ანგარიშში არაერთ პრობლემაზეა საუბარი. მაგალითად, აღიშნულია, რომ დამოუკიდებელი აზრის გავრცელება და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა შეიზღუდა ევროპისა და შუა აზიის ნაწილში. უსამართლოდ იზღუდებოდა გამოხატვის თავისუფლება რუსეთში, თურქეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანშჲ, ბელარუსსა და უზბეკეთში. კლაუდიო კორდონე აგრეთვე აცხადებს: ”დიდი ძალაუფლების მქონე მთავრობები ხშირად ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დაცვისა და დაუსჯელობის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე. ამ რიტორიკის მიუხედავად, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, ისინი რეალობაში ორმაგ სტანდარტებს მიმართავენ”.
XS
SM
MD
LG