Accessibility links

logo-print

არასამთავრობოები არჩევნებში სამხედროთა მონაწილეობის წესს აკრიტიკებენ


არასამთავრობო ორგანიზაციები 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში სამხედრო პირთა მონაწილეობის წესს ეწინააღმდეგებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსის მეათე მუხლის მეათე პუნქტის ინტერპრეტაცია მოახდინეს, რის შედეგადაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა იმ სამხედრო პირს, რომელსაც სპეციალური სიის შედგენამდე ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი დღით ადრე, გაუფორმდა ერთი ან მეტწლიანი კონტრაქტი. მათივე განმარტებით, მსგავსმა ცვლილებამ, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს.

საარჩევნო მედიაცენტრში შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს კონკრეტული მაგალითი წარუდგინეს იმისა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნებში სამხედრო პირების ხმებით მანიპულირებას. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს ვახტანგ კობალაძეს ახმეტის რაიონის ერთ-ერთი უბნის მაგალითი მოჰყავს:

”ახმეტის რაიონის მერვე მაჟორიტარულ ოლქში სულ 90 ამომრჩეველია. უკანასკნელ წლებში აღნიშნულ რაიონში სულ 12 მესაზღვრე იყო დისლოცირებული. ახლა კი, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 75 მესაზღვრე გადაიყვანეს.”

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მეათე მუხლის მეათე პუნქტის თანახმად, რომელში ცვლილებაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციათა საფუძველზე 2009 წლის 28 დეკემბერს შევიდა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო ძალებისა და შენაერთების სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, თუ ისინი არჩევნების დღისთვის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე ერთი წლით ან მეტი ვადით იმყოფებიან. როგორც ირაკლი სესიაშვილი, ხელმძღვანელი ასოციაციისა ”სამართალი და თავისუფლება”, ამბობს, აღნიშნული მუხლის მიხედვით იქმნებოდა იმის გარანტია, რომ სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილება არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მათი ხმებით მანიპულირების შესაძლებლობას გამორიცხავდა, თუმცა, მისი განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ მუხლს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცეს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა იმ სამხედრო პირს, რომელსაც სპეციალური სიის შედგენამდე ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი დღით ადრე, გაუფორმდა ერთი ან მეტწლიანი კონტრაქტი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე შესული ცვლილება, რომელიც სამხედრო პირთა ხმების გაყალბების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანდა, ფაქტობრივად, ანულირებული, საზოგადოება კი მოტყუებულია:

” მე რომ არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრეც კი გადავიყვანო სამხედრო პირი და ერთწლიანი კონტრაქტი გავუფორმო, მას უკვე ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარულ არჩევნებში. ჩვენ კი არ გვაქვს მონიტორინგის განხორციელების საშუალება, რომ შევიტყოთ, ეს გადაყვანა საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელდა თუ საჭიროებიდან გამომდინარე”, - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ჯული გიორგაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, საარჩევნო კოდექსში არანაირი ცვლილება არ შესულა და კომისიას კოდექსის არანაირი ინტერპრეტაცია არ მოუხდენია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურის მინიმალური საკონტრაქტო ვადა სამი წელია, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის - ერთი წელი. ერთ წელზე ნაკლებ კონტრაქტს კანონი არ იცნობს, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობას ყველა სამხედრო პირი მიიღებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მათი ზუსტი რაოდენობა დახურული ინფორმაციაა, თუმცა, საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო ძალების შემადგენლობა 2010 წლისთვის 37 ათასია. ამ რიცხვს ემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული ნაწილების რაოდენობა, რაც რამდენიმე ათასს შეადგენს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, საარჩევნო პროცესში მონაწილეობის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ მათ დაანახვა ის არასახარბიელო მდგომარეობა, რომელშიც სამხედრო პირები არჩევნების პერიოდში იმყოფებიან. ირაკლი სესიაშვილი ხელისუფლების მხრიდან სამხედრო პირებზე ზეწოლის შესაძლებლობაზე საუბრობს:

”უშუალოდ არჩევნების წინ სამხედრო პირებს უცხადებენ, რომ თუკი ისინი ხელისუფლებისათვის სასურველ კანდიდატურას ან პარტიას არ დაუჭერენ მხარს, მაშინ მათ არ მისცემენ კუთვნილ შვებულებებს, მათზე სხვადასხვა დისციპლინურ ზომებს გაატარებენ, ზედმეტად დატვირთავენ წვრთნებით, რაც რეალურად სერიოზული ზეწოლის საშუალებას იძლევა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამხედრო პირებს მედიის საშუალებით მივმართო, რომ მათი ხმები ადგილზე არ ითვლება და, შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება”, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
XS
SM
MD
LG