Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოვებს ევროკავშირი საქართველოს „ფსიქოლოგიური აღჭურვილობის“ გარეშე?


”თავისუფლების” მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშები ააფრიალეს. თბილისი, 1 სექტემბერი 2008 წ.
”თავისუფლების” მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშები ააფრიალეს. თბილისი, 1 სექტემბერი 2008 წ.
დაძაბულობა და აპათია, რომლითაც 2000 წლის დასაწყისიდან ხასიათდებოდა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა და რამაც სულ ბოლოს მძლავრად იჩინა თავი 2009 წლის სტოკჰოლმის სამიტზე, გაიფანტა. 31 მაისს, დონის როსტოვში, ახალი ათასწლეულის რუსეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართება. ორივე მხარე სამიტისაგან ელოდება გარკვეული სარგებლის მიღებას, იტყობინება რადიო თავისუფლების კორეპონდენტი ბრიუსელში აჰტო ლობიაკასი, რომელიც სამიტამდე რამდენიმე ცნობილი ექსპერტს დაუკავშირდა. რუსეთს სურს გარანტიები, ევროპაში უვიზო მიმოსვლისათვის. ევროპის ბლოკი კი დაინტერესებული იმით, რომ მოიპოვოს გავლენა რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

„სტოკჰოლმის სამიტი იყო ბოლო სამიტი, რომელზეც გამოჩნდა, რომ ბევრ უთანხმოებას წერტილი დაესვა, ახლა კი შესაძლოა მოვიდა დრო უფრო პოზიტიური დღის წესრიგის ამოქმედებისათვის.“ ამბობს ენდრიუ ვილსონი, ლონდონში არსებული საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭოს ანალიტიკოსი.

ვილსონის თქმით, ევროკავშირის მხრიდან პირველ პოზიტიურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთ-პოლონეთს შორის ურთიერთობის აღდგენა, რაც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაიწყო. ბალტიის ქვეყნებიც კი „უფრო პრაგმატულნი“ გახდნენ და ყველაფერს დაემატა ის, რომ ამ წლის განმავლობაში ევროკავშირს როტაციის წესით ხელმძღვანელობენ ესპანეთი და ბელგია, რომლებიც რუსეთის მიმართ შედარებით უფრო მეგობრულად განწყობილი ქვეყნები არიან.

ევროკავშირი ასევე ცდილობს გადაიტანოს ყურადღება ისეთი პრობლემებიდან, რომლებიც რუსეთ-ევროკავშირს შორის წინააღმდეგობას იწვევს. დონის როსტოვის მოახლოებული სამიტის წინ ევროპის ბლოკის ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა მხოლოდ გაკვრით ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის მონაწილეობაზე ე.წ. „გაყინულ კრიზისებში“, განსაკუთრებით კი - საქართველოში.

ევროკავშირის მხრიდან ასეთმა „გაჩუმებამ“ ათქმევინა კიდეც ვლადიმირ ჩიზოვს, რუსეთის ელჩს ევროკავშირში, „საქართველოში გაყინული კრიზისები აღარ არსებობსო.“

ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობის დათბობის გლობალური მიზეზი

ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკური სწავლების ცენტრის ანალიტიკოსი პიოტრ კაჩინსკი ფიქრობს, რომ რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობის განახლებას სხვა - გლობალური - მიზეზიც აქვს:

„ორივე მხარე - ევროპის კავშირიც და რუსეთიც - აცნობიერებს, რომ მათ სჭირდებათ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უფრო მომზადებულები შეხვდნენ გლობალურ პრობლემებს, რადგან ცალ-ცალკე ისინი ჩამორჩებიან ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა ჩინეთი ან ინდოეთი.“

ამ პრობლემის გათვალისწინებით, დონის როსტოვის მოახლოებულ სამიტზე ევროკავშირი და რუსეთი აპირებენ შექმნან „პარტნიორობა მოდერნიზებისათვის“, თუმცა ასეთი პროექტის შემუშავება, თავის მხრივ, იწვევს იმის აუცილებლობას, რომ არსებული განსხვავებები აღმოიფხვრას.

ევროკავშირს მოუწევს დაარწმუნოს რუსეთი დათანხმდეს სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც საბაზრო პრინციპებს ეფუძნება. თავის მხრივ, რუსეთი ესწრაფვის, გამოიყენოს დასავლური ტექნოლოგიები და „ნოუ-ჰაუ“ საკუთარი მიზნების მისაღწევად მთელ მნიშვნელოვან სფეროებში. ასეთი თანამშრომლობის კარგ მაგალითად მიიჩნევა რუსეთ-გერმანიის ფართო ურთიერთობა მრეწველობის სფეროში. ანალიტიკოსი პიოტრ კაჩინსკი რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობის გაჯანსაღებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან ელემენტად პოლონეთის პოზიციის შეცვლას მიიჩნევს:

„როგორც ჩანს, პოლონეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო უახლოვდება იმის გაცნობიერებას, რომ არსებობს საჭიროება რუსეთ-ევროკავშირს შორის პრაგმატული ურთიერთობის დამყარებისა.“

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ 10 მაისის შეხვედრაზე ბრიუსელში პოლონეთის საგარეო-საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ყველაზე უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ბლოკმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაუშვას რუსეთის მიმართ დათმობები, თუკი შესაბამისი უკუგება იქნება. ლაპარაკია რუსეთის სურვილზე, მიაღწიოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რაც მოსკოვის უმნიშვნელოვანესი მიზანია.

საქართველო ევროკავშირის ორღობეში?

რუსეთთან უვიზო რეჟიმის საკითხის განხილვა ძალიან სიმბოლურია მაშინ, როდესაც ევროპის ბლოკი უარს ეუბნება იმავე პრივილეგიაზე თავის უფრო ახლო პარტნიორებს - უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრები არიან.

ოფიციალური წარმომადგენლები ბრიუსელში ამბობენ, რომ რუსეთი კარს მომდგარ სამიტზე მიიღებს მხოლოდ „საგზაო რუკას“, ევროკავშირის საგანგებო პირობების აღწერით, რომლებიც დროებით აუქმებენ სავიზო მოთხოვნებს. ასეთივე „საგზაო რუკის“ მიღებას მალევე მოელის უკრაინა და მოლდავეთიც იმედოვნებს, რომ იგივე შეთავაზება ექნება.

თუმცა ლონდონში არსებული საგარეო ურთიერთობების ევროპის საბჭოს ანალიტიკოსი ენდრიუ ვილსონი ფიქრობს, რომ რუსეთისათვის ასეთი პრივილეგიის მიცემა ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება:

„ასეთი მიდგომა - „სამსახური სამსახურის წილ“- სახიფათოა. თუკი რუსეთი მიიღებს „საგზაო რუკას“ უვიზო მოგზაურობისათვის და იმასვე შესთავაზებენ ისეთ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა, ამას შეუძლია შეარყიოს ფუნდამენტური - პირობების შესრულებაზე დამყარებული - პრინციპები. მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გზა არ გვაქვს.“

საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ასეთი პოლიტიკა ნიშნავს, რომ რუსეთი და სხვა დაწინაურებული მეზობლები მიიღებენ როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდეს, პროცესის მონაწილეებს მოუწევთ საკმაოდ დიდი კონკურსის გავლა, რის შედეგადაც აუცილებლად იქნებიან გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც, - ვარაუდობს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრიუსელში აჰტო ლობიაკასი.

აშკარაა, რომ საქართველო დამარცხებული იქნება. მიუხედავად დემოკრატიული სტანდარტების შესუსტებისა, თბილისი ამაყობს იმით, რომ "რეკორდსმენია როგორც ნაყოფიერი რეფორმატორი ქვეყანა, მაგრამ სავიზო პროცესებში რუსეთს, უკრაინასა და მოლდავეთს ძალიან ჩამორჩება, რაც საქართველოს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური აღჭურვილობის გარეშე დატოვებს რუსეთთან ბრძოლაში".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG