Accessibility links

logo-print

”საია” ალასანიასა და ძიძიგურის წინააღმდეგ


ირაკლი ალასანია და ძვიად ძიძიგური

ირაკლი ალასანია და ძვიად ძიძიგური

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ირაკლი ალასანიასა და ზვიად ძიძიგურის მოხსნას ითხოვს. სწორედ ამ შედეგს ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის მოთხოვნილი რეაგირება. თბილისის მერის პოსტზე ”ალიანსი საქართველოსთვის” და ”ეროვნული საბჭოს” კანდიდატურებს საია ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს, თუმცა დარღვევაში ეჭვმიტანილი მხარეები თავიანთ ქმედებებს აბსოლუტურად კანონიერად მიიჩნევენ.

ზვიად ძიძიგურს, ასე ვთქვათ, ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონის 9 მაისს ღვინითა და ყვავილებით მოსყიდვა, ხოლო ირაკლი ალასანიას მიმართ იმავე ტიპის ბრალდება ეფუძნება სასწავლო ცენტრ ”ვიციპედიას” კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების კომპიუტერებით, აიპოდებითა და წიგნებით დაჯილდოებას, რასაც საქართველოს მოქალაქეების გულისა და ხმების მოგების მცდელობად მიიჩნევენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც მედიაში გავრცელებულ ვიზუალურ და ტექსტურ ინფორმაციას ეყრდნობა, ცესკოს 26 მაისს სპეციალური განცხადებით მიმართა და ხსენებული ფაქტების შესწავლა და მათზე რეაგირება მოითხოვა. საუბარია საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ”აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/ სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა).”

თამარ ხიდაშელი, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე
”თუკი დარღვევები დადასტურდება, სასჯელი ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრია. ეს არის კანდიდატურების რეგისტრაციიდან მოხსნა. თუმცა ამის უფლება არ აქვს ცესკოს. მან ამის შესახებ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა. ჯერჯერობით ცესკოს პასუხი უცნობია, თუმცა თავად თამარ ხიდაშელი ამ ეტაპზე დარწმუნებულია, რომ მერობის კანდიდატებმა - ძიძიგურმა და ალასანიამ - კანონის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს:

”მიუხედავად იმისა, რომ ღვინო და ყვავილები მართლაც სიმბოლური მნიშვნელობისაა და მათ არ გააჩნიათ, ჩემი აზრით, განსაკუთრებული ღირებულება, საარჩევნო კოდექსი მაინც შეიცავს მსგავსი ტიპის აკრძალვას... რაც შეეხება ბატონ ირაკლი ალასანიას მოქმედებას, მართალია, სიუჟეტიდანაც კარგად ჩანს, რომ ის თავად არ გადასცემს საჩუქრებს დაჯილდოებულ ბავშვებს, მაგრამ ჩვენ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ ეს ფონდი არის მის პარტიასთან არსებული ფონდი (ამ შემთხვევაში ვეყრდნობი მისი პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდს) და, გარდა ამისა, ალასანია თავად ესწრებოდა დაჯილდოებას და კადრებიდან ჩანს, რომ ის იმ ბავშვებთან ერთად, რომლებსაც ხელში საჩუქრები უკავიათ, იღებს სურათებს...”

ალასანიას მხრიდან კანონის დარღვევას აბსოლუტურად უარყოფს მისი თანაგუნდელი, ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი

ლიდერი, თინა ხიდაშელი. მისი განმარტებით, ალასანია მხოლოდ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მეტი არაფერი იმ ფონდისა, რომელმაც 21 მაისს კონკურსში გამარჯვებული მოზარდები დააჯილდოვა.

თინა ხიდაშელი, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი
”ეს ამბავი დაახლოებით იმას ჰგავს, ჩემი არჩევნებიდან მოხსნა რომ მოითხოვოს ახლა რომელიმე ორგანიზაციამ... მე ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ვარ ამ ქვეყანაში - მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ იღებს დახმარებას (კონსულტაცია იქნება ეს თუ წიგნები...), მირეკავს ხშირად და მადლობას მიხდის, ვინაიდან ისინი ასოცირებას აკეთებენ...”

თინა ხიდაშელის თქმით, ”არასერიოზულია”, როდესაც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისთვის დღეს შექმნილ აშკარად არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოში ოპოზიციის კანდიდატებს პასუხი არჩადენილი დარღვევისთვის მოეთხოვებათ.

იმას, რომ ოპოზიციური ძალების მიერ წამოყენებული მერობის კანდიდატები, სახელისუფლებო კანდიდატთან შედარებით, ”გაცილებით არათანაბარ მდგომარეობაში” იმყოფებიან, თამარ ხიდაშელიც აღნიშნავს, მაგრამ, მისი თქმით, ”ეს ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევს იმის უფლებას, რომ მათ არ იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებით.”

პარალელურად, „ალიანსი საქართველოსთვის“ მზად არის, რომ ცესკოს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს და ეს იმ შემთხვევაშიც გააკეთოს, თუკი საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

სასამართლომდე საქმის მიყვანას არ მოელიან ზვიად ძიძიგურის თანამოაზრეები. მაგალითად, კონსერვატორი კახა კუკავა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში წარმოდგენილ ფაქტს ასეთ განმარტებას უპირისპირებს:

”ღვინო გადაცემული იყო როგორც სუვენირი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული ღვინო, ”კონსერვატორები”, რომელიც არის სუვენირი... ჩვენ რომ 20-ლიტრიანები ჩამოგვერიგებინა საქეიფოდ, ეს სხვა ამბავი იქნებოდა... სუვენირების დარიგება კი არ არის აკრძალული, ისევე როგორც მაისური რომ გადავცეთ 7 ნომრით ამომრჩეველს. ხომ გასაგებია, რომ როდესაც ჩვენნომრიან მაისურებს და ქუდებს ვარიგებთ, იმიტომ არ ვარიგებთ, რომ მაისური არ აქვს რომელიმეს ან ქუდი...”

თამარ ხიდაშელის თქმით, ტელეეთერით გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა, რომ ვეტერანი ქალბატონისთვის ძიძიგურის მიერ გადაცემულ ღვინის ბოთლზე პარტიის ლოგო იყო აღბეჭდილი. ”თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ”, - გვითხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ”მოუთმენლად მოელის” ძიძიგურისა და ალასანიას ქმედებათა განხილვას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. განხილვის კონკრეტული დრო ჯერჯერობით არ დასახელებულა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალოდ ცესკოს მერობის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის უფლება არ აქვს, მას ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია. თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ გააკეთებს, ჯერჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა ამას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG