Accessibility links

logo-print

რეპრესიების მსხვერპლი ქალები


"საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი ქალები" - ფოტოგამოფენის ბუკლეტი

"საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი ქალები" - ფოტოგამოფენის ბუკლეტი

საზოგადოება „მემორიალი“ განაგრძობს საგამოფენო პროექტს „საბჭოური პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში“. ორიოდე თვის წინ რეპრესირებული ქალებისადმი მიძღვნილ გამოფენას „კავკასიურმა სახლმა“ უმასპინძლა, ამჯერად კი “მემორიალის” მიერ მოძიებული ფოტოები, პატიმრობაში შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და პატიმარ ქალთა ცხოვრების ამსახველი მდიდარი დოკუმენტური მასალა ეროვნული არქივის დარბაზში გამოიფინა. რა ნიშნით სდევნიდა ქალებს საბჭოთა სისტემა და რა კეთდება რეპრესირებულთა ხსონვის შესანარჩუნებლად?

საზოგადოება „მემორიალის“ დამფუძნებლისა და აქტიური წევრის ილამაზ მიწიშვილის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილ სიებში 2500-მდე ქალის სახელი და გვარია. განსხვავებაც ძირითადად გვარ-სახელებშია. სხვა მხრივ, თითქმის ყველა მათგანს, ვიდრე დააპატიმრებდნენ და გადაასახლებდნენ, დაუხვრიტეს ქმარი ან ოჯახის სხვა წევრი. ნელი კურცხალია რეპრესირებულ ნინო ჭიჭინაძის ქალიშვილი, იხსენებს:

„ორი ძმა დაუხვრიტეს, მამა, ბიძა, მამამთილი და ქმარი. თვითონ რვა წელიწადი მოიხადა.“

რეპრესირებული ნინო ჭიჭინაძე
ნინო ჭიჭინაძე 1937 წლის სექტემბერში, როგორც ЧСИР - Член семьи изменника родины, ანუ სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი, დააპატიმრეს. საქმე ისაა, რომ 1937 წლის 15 აგვისტოს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გამოსცა ოპერატიული ბრძანება ნომერი 00486, რომელმაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით ათობით ათასი ქალის ბედი განსაზღვრა:

„ბრძანების მიღებისთანავე შეუდექით სამშობლოს მოღალატეთა და მემარჯვენე-ტროცკისტული ჯაშუშურ-დივერსიული ორგანიზაციების წევრების, სამხედრო კოლეგიებისა და სამხედრო ტრიბუნალების მიერ პირველი და მეორე კატეგორიების მიხედვით 1936 წლის პირველი აგვისტოდან მსჯავრდებულთა ცოლების რეპრესირებას. სამშობლოს მოღალატეთა ცოლები, რომლებიც პატიმრობაში არ აუყვანიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მცირეწლოვანი შვილების ავადმყოფობის გამო, გამოჯანმრთელებისთანავე ექვემდებარებიან დაპატიმრებას და ბანაკებში გაგზავნას.“

სსრკ სახალხო კომისრის ბრძანების შესაბამისად, დაპატიმრებულ და ბანაკებში მოხვედრილ ქალებს უმძიმეს პირობებში უწევდათ გადარჩენისათვის ბრძოლა, თუმცა, როგორც რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, ბევრი ქალი დანიშნულების ადგილამდეც ვერ აღწევდა ცოცხალი, რადგანაც ეტაპირება ხდებოდა დახურული და ადამიანებით გადავსებული სატვირთო ვაგონებით, ეგრეთ წოდებული „ტეპლუშკებით“. დიანა კურცხალია, რეპრესირებულ ნინო ჭიჭინაძის რძალი, დედამთილის მონაყოლს იხსენებს:

რეპრესირებულ ნინო ჭიჭინაძის რძალი და ქალიშვილი
„მომიყვა, როგორ ჩაყარეს ვაგონში, რომლებსაც ფანჯრები არ ჰქონდა. გვაჭმევდნენ მხოლოდ მარილიან თევზს და წყალს არ გვასმევდნენო. წვიმა თუ წამოვიდოდა, ბედნიერები, პირს ვუშვერდითო.“

უმძიმესი იყო ქალების ყოფა ბანაკებშიც. გამოფენის ორგანიზატორისა და საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელის გურამ სოსელიას თქმით, უმძიმეს კლიმატურ პირობებს, შრომასა და ცუდ კვებას ემატებოდა სრული იზოლაცია. ქალებმა არაფერი იცოდნენ სამშობლოში დარჩენილი შვილების შესახებ. კანონი 1939 წელს შეიცვალა და ქალებს წერილების გაგზავნისა და მიღების ნება დართეს.

თუმცა გამოფენაზე წარმოდგენილი წერილები, უმკაცრესი ცენზურის გამო, მიახლოებითაც კი ვერ აღწერს იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც ათობით ათას ქალს უწევდა ცხოვრება. მამა კონსტანტინემ ორი წლის წინ ყაზახეთში რეპრესირებულთა მემორიალი აკურთხა. სწორედ ყაზახეთში, აკმოლინსკში მდებარეობდა „ალჟირი“ - სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულთა ცოლების ყველაზე დიდი ბანაკი.

„Алжир - Акмолинский лагерь жен изменников родины – უკაცრიელ სტეპებში სახლდებოდნენ. ბარაკებიც კი არ იყო და უწევდათ ამოთხრილ ორმოებში ცხოვრება.“

- მამა კონსტანტინე ამბობს,რომ, 1937 წლიდან მოყოლებული, „ალჟირის“ ჯოჯოხეთი 150-მდე ქართველმა ქალმა გამოიარა, თუმცა, რეჟისორ გია ჭუბაბრიას თქმით, საქართველოში რეპრესიები გაცილებით ადრე დაიწყო.

„მოსკოვში სწავლის დროს შევხვდი რომან რუდენკოს - გენერალურ პროკურორს. მან ბრძანა, რომ 1921 წლიდან 1952 წლამდე საქართველოში 250 ათასი ადამიანი იქნა რეპრესირებული“, განაცხადა გია ჭუბაბრიამ.

ბუნებრივია, რეპრესიები მხოლოდ საქართველოს არ შეხებია. ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე საბჭოთა რეპრესიულ მანქანას ასე აღწერს:

„ ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რეპრესიული, რომელიც ვერ იტანდა განათლებულ ადამიანებს. საუკეთესო სპეციალისტები დახვრიტეს, საზოგადოებას თავი წააჭრეს იმიტომ, რომ გაუნათლებლების მართვა უფრო ადვილია.“

რეპრესიებით საზოგადოების მართვა რომ ადვილი იყო, ამაზე საზოგადოების ნაწილში საბჭოთა ბელადებისადმი შემორჩენილი თაყვანისცემაც მეტყველებს. მწერალ რევაზ კვერენჩხილაძის თქმით, ის, რომ რეპრესიებს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა, უბედურების მხოლოდ ნაწილია:

„ამაზე მეტი უბედურება ისაა, რომ ამ უბედურების ჩამდენებს დღესაც ვერ ელევა ქართველი ხალხის დიდი ნაწილი. სტალინზე ძვირს ვერ იტყვი, ბერიაზე ძვირს ვერ იტყვი! გაიარეთ ხაშურში, სტალინის ძეგლი - კაცუნა დგას. აი, ესაა საწუხარი და საფიქრალი.“

ფიქრის შედეგია ის, რომ საზოგადოება „მემორიალის“ ძირითადი საქმიანობა მხოლოდ საბჭოური რეჟიმის პოლიტპატიმრებისადმი თანადგომითა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნით არ შემოიფარგლება. „აუცილებელია საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების გამომზეურება“, ამბობს ილამაზ მიწიშვილი და რეპრესირებულთა შთამომავლებს მიმართავს:

„დაწერეთ ყველაფერი, რაც განგიცდიათ, რაც თქვენს ოჯახში მოხდა. აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ყველაფერი შეიკრიბება ერთად და პირუთვნელი ისტორია დაიწერება. ეს ცოდნა და გამოცდილება არ უნდა წავიღოთ იმქვეყნად. ეს ხომ მომავალი თაობებისთვის ჭკუის სასწავლებელია!“

ჭკუის სასწავლებელია ის, რომ ახლო წარსულში არაფრის გულისთვის, სასამართლოსა და გასაჩივრების უფლების გარეშე ასახლებდნენ, აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ადამიანებს. ეროვნულ არქივში გამოფენილ ერთ სიაში ვკითხულობთ: ვერა ასათიანი - დახვრიტეს, ნინო კასრაძე - დახვრიტეს, ოლია ოკუჯავა - დახვრიტეს... ეს საშინელი სიტყვა - „დახვრიტეს“ სამოცდასამჯერ მეორდება, თუმცა, ილამაზ მიწიშვილის თქმით, არსებობდა ბევრი სხვა სიაც, ხშირ შემთხვევაში კი სიების გარეშეც ხვრეტდნენ. საზოგადოება „მემორიალი“ არ ივიწყებს ამ ადამიანებს და განაგრძობს საქმიანობას იმ რწმენით, რომ წარსულის ცოდნა საზოგადოებას საბედისწერო შეცდომებისგან დაიცავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG