Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: გიორგი ჭანტურია


გიორგი ჭანტურია, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების კანდიდატი
გიორგი ჭანტურია, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების კანდიდატი
28 მაისს რადიო თავისუფლებამ დაასრულა თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენა მსმენელისთვის. ამჯერად რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობდა გიორგი ჭანტურია, რომელიც ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების” კანდიდატია.

1. სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარება - რას უწუნებთ დღევანდელ მერიას და თქვენ რის შეცვლას შეძლებთ?

ძალიან მიხარია, რომ ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ ამომრჩევლებს უმუშევრობის მოგვარების კუთხით, შემდეგ გაზიარებული იქნა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან დღეს თბილისში და მთლიანად საქართველოში მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა არის დასაქმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასაქმების პრობლემა ვერ გადაწყდება მხოლოდ დაპირებით და მხოლოდ სურვილით და ამას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება იმ სიტუაციის ანალიზი, რომელშიც ჩვენ ვართ.

დღეს ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი რუსული აგრესიის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია ასეთ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ძალიან ძნელია ასეთ პირობებში დიდმა ინვესტიციამ დასაბამი მისცეს გარდატეხას ეკონომიკაში. ეს არის ის სიტუაცია, როცა ჩვენ თვითონ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ არსებული რესურსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასაქმება შეუძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე. ყველაზე ძლიერი გზა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა, გარდა სახელმწიფო სტრატეგიისა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს... ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს საერთაშორისო ბაზარზე. ამის განხორციელების ყველაზე რეალური გზა არის ის, რომ შემცირდეს გადასახადები ენერგეტიკაზე და ეს არ არის აბსტრაქტული თემა, ეს არის რეალური და კონკრეტული დაპირება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ხელშეკრულებები, რომელიც გვაქვს გაფორმებული უცხოეთის სახელმწიფოებთან და კომპანიებთან გაზსადენისა და ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, საიდანაც ჩვენ გვეკუთვნის საკმაოდ დიდი მოცულობა - 5% უფასო გაზის, 500 მლნ კუბური მეტრი გაზი 55 დოლარად ფიქსირებული ფასით და ჩვენ გვაქვს გაზის შეძენის უფლება არადისკრიმინაციული ფასით, ანუ იმავე ფასით, როგორადაც იძენს რეგიონში, მაგალითად, თურქეთი, რომელიც 120 დოლარად იძენს 1000 კუბურ მეტრ გაზს.

მერს როგორ შეუძლია ამის გაკეთება, სად არის მერის უფლებამოსილების ზღვარი?

ამ შემთხვევაში ჩვენ მარტივად გამოვდივართ, რადგან გია ჭანტურია არის ყველა ამ ხელშეკრულების ხელმომწერი და პასუხისმგებელი ყველა ამ ხელშეკრულების პირობების განხორციელებაზე. ისინი რთული ხელშეკრულებებია. ის არ არის კონტინენტური სამართლის ხელშეკრულებები, რასაც ჩვენ ვართ მიჩვეული და რისი კანონმდებლობაც ჩვენ გვაქვს. ეს არის პრეცედენტული სამართლის ხელშეკრულებები, ძირითადად ბრიტანულ სამართალზე აგებული, და ამ ხელშეკრულებების მონაწილე მხარეები, საქართველოს გარდა, არის სამი ქვეყანა; ამას გარდა, არის 15 საერთაშორისო კომპანია და მათ შორის არის მსოფლიო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ამერიკის ექსიმ ბანკი და ყველა მათგანს, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ისეთივე ვალდებულება აქვს ერთმანეთის წინაშე, როგორიც საქართველოს აქვს მათ წინაშე. ამიტომ ამას მერის ფუნქცია არა სჭირდება. მე, როგორც ერთი პიროვნება, რომელიც არის ამ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე, ჩვენ ვაყენებთ მოთხოვნას, რომ ხელშეკრულებას დაუბრუნდეს საქართველო და ყველა ის ვალდებულება შესრულდეს ისე, როგორც არის ამ ხელშეკრულებაში აღწერილი. საქართველომ ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა ყველა ამ ქვეყნის, კომპანიის და საერთაშორისო ინსტიტუტის წინაშე და ახლა საქართველომ უნდა მიიღოს ის, რაც ამ ხელშეკრულებით არის ნავარაუდევი.

ეს ხელშეკრულება არ არის დოტაციური, ის არანაირად არ უკავშირდება ბიუჯეტს, ბიუჯეტის ხარჯებს ამ მოცულობების მისაღებად. დღეს რა ცნებებიც ჟღერს, იმ ვაიექსპერტებმა დანერგეს, რადგან მიმაჩნია,რომ მათ ეს ხელშეკრულება წაკითხულიც არ აქვთ. ეს არის რთული ხელშეკრულება და მას ერთი წაკითხვა არ ჰყოფნის. ჩვენ, ამ ხეშეკრულების მიხედვით, არა მარტო მოსახლეობას, არამედ წარმოებასაც შეგვიძლია მივაწოდოთ გაზი 10 თეთრად. დღეს არის 75 თეთრი და 51 თეთრი მოსახლეობისთვის. ამიტომ ამ ფასით ნაწარმოები ვერც ერთი პროდუქტი ვერ იქნება ბაზარზე კონკურენტუნარიანი.

ყველა წინასაარჩევნო დაპირება სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით არის ტყუილი. ვერც ერთი საავადმყოფო, აფთიაქი და ვერც სესხი ვერ გაიცემა, თუ ბიუჯეტი არ შეივსო ეკონომიკით. დღეს ბიუჯეტი ივსება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით, იმიტომ არის ასეთი მაღალი გადასახადები. როცა ბიუჯეტს ავსებს ეკონომიკა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ბაზარზე, მაშინ ბიუჯეტი სხვანაირი მდგენელებისგან შედგება. ერთადერთი რეალური გზა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ, ეს არის დაბალი ტარიფები - მათ შორის, ენერგეტიკაში. ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება დღეში ჯდება 1,7 თეთრი, თურქეთში ეს ელექტროენერგია იყიდება 2 თეთრად, საკუთარ მოსახლეობზე - 17 თეთრად. ამ ფასის ელექტროენერგიაზე წარმოებული პროდუქცია შეუძლებელია ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი.

მაგალითს მოგიყვანთ. უკრაინაში, სადაც 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 1 კუბური მეტრი გაზი ღირს 3 ცენტი, ანუ 7 თეთრი, მიუხედავად იმისა, რომ 380 დოლარად ყიდულობს რუსეთისგან, და შეუძლებელია, რომ ჩვენთან ღირდეს 51 თეთრი.

თქვენ თქვით, რომ დოტაციური არ იქნებაო ტარიფები. წყალთან დაკავშირებით რას იტყვით?

როცა ვამბობთ, რომ წყალი მოსახლეობისთვის უნდა იყოს უფასო, ეს არის ძალიან მარტივი სქემა. დღევანდელი წყლის ტარიფი გამოყვანილია იმ გაანგარიშებით, რომ თითოეული მოსახლე დღე-ღამეში ხარჯავს 800 ლიტრ წყალს. მთელი დღე შხაპის ქვეშ რომ ვიდგეთ ბავშვიდან დაწყებული, დიდით დამთავრებული, ვერ დავხარჯავთ. ასეთი ნორმა ყველა ქალაქში არის. მაგალითად, ლონდონში არის 120 ლიტრი, პარიზში - 130, ბერლინში - 80 , ბრიუსელში - 100. გამოდის, რომ ფრანგები, იტალიელები , ინგლისელები 8-ჯერ ჩვენზე ნაკლებად ბანაობენ, 8-ჯერ ჩვენზე ნაკლებად სუფთები არიან და 8-ჯერ ჩვენზე ნაკლებ წყალს მოიხმარენ. ეს არის აბსურდი. გამოდის, რომ ჩვენ თვეში 24 ტონა წყალს ვხარჯავთ თითო სულ მოსახლეზე. ჩვენ ვამბობთ: მოდით, ოპტიმიზაცია გავუკეთოთ ხარჯვას და მოცულობას. ჟინვალი წელიწადში თბილისს მიაწოდებს 600 მლნ კუბურ მეტრ წყალს. თბილისს სჭირდება 300 მლნ, დანარჩენი 300 მილიონი იღვრება. ეს არის შადრევნები, გაზონები... ქუჩების მორწყვა მუშაობს სასმელი წყლით.ჩვენთან ტექნიკური წყლის სისტემა არ არსებობს, იმიტომ რომ მოიშალა. ანუ სანამ მოსახლეობას დავაწვენთ კისერზე იმ წყლის საფასურს, რომლითაც ვრწყავთ ქუჩებს, გაზონებს და ვაკეთებთ შადრევნებს... არც ერთ შადრევანს არ აქვს ცირკულაცია - ეს არის გამდინარე წყალი... ანუ ჩვენ დავადგენთ ზღვრულ რაოდენობას 250 ლიტრს ერთ სულ მოსახლეზე - ორჯერ მეტს, ვიდრე პარიზშია. მთელი წყლის გადასახადი თბილისის მერიას დაუჯდება 2 მლნ 300 ათასი ლარი. დღეს მარტო მორწყვის სისტემისთვის მერიაში ჩადებულია 17 მლნ ლარი. ჩვენ ვამბობთ: მოდით, სწორად ვმართოთ, სწორად მოხდეს ოპტიმიზაცია და რეალური ნორმები დავაწესოთ, ვიდრე არ არის მრიცხველები წყალზე. სექტემბრიდან 2, 40 ლარის ნაცვლად თბილისის მოსახლეობა გადაიხდის 3,15 თეთრს. ეს მაშინ, როცა ჩვენ ასეთი ამბავი გვაქვს ატეხილი იმაზე, რომ წყალი არ უნდა ღირდეს ამდენი და ასეთი სიუხვე გვაქვს წყლის საქართველოში.

2. თქვენ პრაქტიკულად პასუხი გაეცით ჩვენს რიგით მესამე კითხვას, მაგრამ მაინც მივუბრუნდები ნაწილობრივ. თუმცა ახლა ვისაუბროთ სოციალური საკითხების მოგვარებაზე და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. თუ გაქვთ რაიმე გეგმა ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

მე ვამბობ, რომ ყველა დაპირება არის აბსურდული, თუ ბიუჯეტის მდგენელების ფაქტორები არ შეიცვალა. ჩვენ ვერანაირად ვერ შევძლებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, თუ ბიუჯეტში არ გვექნა მეტი ფული. უნდა გამოსწორდეს დაზღვევის სისტემა. დღეს ადამიანს 60 წლის ზემოთ არ აზღვევენ. არადა, ადამიანს ჯანმრთელობა უუარესდება 60 წლის ზემოთ. ამიტომ სამართლიანობის პრინციპი უნდა დამკვიდრდეს ჯანდაცვაში. თქვენ უნდა მოგცეთ ისეთი ხელფასი, ისეთი პენსია, უნდა იყოთ ისე დასაქმებული, რომ შეგეძლოთ ექიმთან მისვლაც და წამლის ყიდვაც და გადასახადის გადახდაც და საკუთარი თავის უზრუნველყოფაც,

ჩვენი მთავარი პრინციპია: უნდა დავნერგოთ ისეთი სისტემა, რომ შევძლოთ მივდიოთ ავადმყოფს ბოლომდე. ჩვენ დავარღვევთ ხელოვნურ მონოპოლიას, როცა ერთი კომპანიის ხელშია დაზღვევა, საავადმყოფო და წამალი. ეს არის ყველაზე მძიმე სურათი, როცა ასეთი ინტერესების კონფლიქტია ბიზნესში. ჩვენ უნდა დავაწესოთ ზღვრული ნორმები მოგებაზე ფარმაცევტულ სტრუქტურებში. ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელსაც ჰქვია პროფესიულად სწორი მართვა. სხვა ყველა ღონისძიება იქნება დროებითი.

3. თქვენ ისაუბრეთ წყალმომარაგებაზე. თუ გსურთ რაიმეს დამატება ქალაქის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის თაობაზე... ამ საკითხებს როგორ ხედავთ?

მთავარი პრინციპი არის ის, რომ პროფესიონალებმა მართონ ეს პროცესი. ვიდრე ქალაქს არ ექნება ურბანული განვითარების გენერალური გეგმა, შეუძლებელია დალაგდეს ტრანსპორტის სისტემა, შეუძლებელია გაკეთდეს ამ ქალაქზე გარემოს ზემოქმედების შეფასება. დღეს ჩვენ უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს თბილისში. ამაზე, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს, მაგრამ მე ვთვლი, რომ, აფთიაქსა და სოციალურ პრობლემებზე უფრო მთავარი არის ის, რომ 80 სანტიმეტრზე მაღლა თქვენ გაქვთ მომწამლავი ზონა თბილისისი ქუჩებში. ეს გენერალური გეგმა უნდა იყოს განხილული ძალიან ფართო აუდიტორიისა და სპეციალისტების მიერ და გეგმის მიხედვით დადგინდეს განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობა. არის დღეს მნიშვნელოვანი, რომ გადავიტანოთ რკინიგზა? რას გვაძლევს ეს? ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. არის თუ არა იმის მიზანშეწონილობა, რომ ეს დღეს დაჯდეს 300 მლნ ევრო? იქნებ ჯობდეს, რომ ამ თანხით ეკონომიკა წამოვწიოთ წინ, რეალურად დავინახოთ ის ფაქტორები, რომლითაც შევძლებთ ეკონომიკაში რისკების შემცირებას და ამის საფუძველზე 500 მლნ და 1 მლრდ მივიღოთ ბიუჯეტში და ამის მერე გადავიტანოთ რკინიგზა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მართვას სჭირდება პროფესიონალიზმი, რაც დღეს გვაკლია. როცა ეკონომიკა არის გლობალური, მართვა უნდა იყოს პროფესიონალური. ეს არის გადამწყვეტი. ვიდრე მედიცინაში, განათლებაში, სოციოლოგიაში, მართვასა და ხელმძღვანელობაში არ მოვლენ პროფესიონალები, ვერ მოხერხდება ამ ვითარების გადაწყობა და გარდაქმნა. მე არ მჯერა, რომ 30 მაისის მერე, როცა რაღაც შეიცვლება, საამურ საქართველოში გავიღვიძებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ასეთი მიმართულებით არ უნდა წავიყვანოთ ჩვენი მოსახლეობის ხედვა. ამ არჩევნების ყველაზე მძიმე შედეგი ის კი არ იქნება, რომ ისევ ხელისუფლება გაიმარჯვებს, არამედ ის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ისევ გულგატეხილობა დაეუფლებათ და ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ მხოლოდ ერთი გზით - პროფესიული მართვით. და ეს იქნება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი.

4. თუ გეგმავთ რაიმეს შეცვლას მშენებლობის წარმოების მხრივ, ამ პროცესისადმი მიდგომაში, საერთოდ?

21-ე საუკუნეა და მე არ მგონია, რომ ჩვენ ისევ წინა საუკუნეში ვართ ჩარჩენილები ყველა თვალსაზრისით - უპირველეს ყოვლისა, მართვის თვალსაზრისით და მენეჯმენტის თვალსაზრისით. მსოფლიოში დღეს ბეტონს და ე.წ არმატურას აღარსად არ ხმარობენ და ლითონს იმისთვის, რომ ისე აშენონ, როგორც ჩვენ ვაშენებთ. მე მივესალმები პროექტს ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - ძალიან საჭირო და კარგი პროექტია, მაგრამ როგორ შეიძლება ყველა შენობა გადახურო თუნუქის სახურავით, როცა მთელ მსოფლიოში თუნუქი აღიარებულია ყველაზე რადიაციულ კომპონენტად, როცა აღარავინ ხმარობს თუნუქს - მით უმეტეს, ისეთ მზის გულზე, როგორიც თბილისშია. როგორ შეიძლება განიავება მოსპო ამ ქალაქში, რომელიც იყო გამჭოლი ქალაქი და ბუნებრივად ნიავდებოდა. როგორ შეიძლება გამონაბოლქვიც არ დათვალო და არ იცოდე რომელ ქუჩაზე რა სისტემა გაქვს და მოახერხო ამ ქუჩების განაშენიანება და მწვანე ზონების შემოტანა. დღეს ჩვენ დავანგრიეთ ურბანული სოფლის მეურნეობა, როცა არც ერთი სამშენებლო მასალა არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტს და არ გაქვს სტანდარტის ხარისხის კონტროლი და მოსპეს ხარისხის კონტროლის ადმინისტრაცია. მე მესმის, რომ შეიძლება მასში ეჭვი ეპარებოდათ როგორც კორუფციულ სტრუქტურაში და მე ამას ვეთანხმები, მაგრამ მაშინ შენ შექმენი ახალი სტრუქტურა, რომელსაც ენდობი. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ენერგომატარებლებზე გვაქვს ფასი შესამცირებელი, არამედ დღევანდელი ჩვენი არც ერთი შენობა არ არის ენერგომდგრადი, არც ერთი ჩვენი კედელი არ იცავს ელემენტარულ მოთხოვნილებას ისე, რომ სითბოსა და სიცივის ფაქტორები იყოს გათვალისწინებული, არც ერთი სამშენებლო მასალა არ არის იმ სტანდარტის, რომლითაც დღეს უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობა.

5. ეკოლოგია არაერთხელ ახსენეთ, ჰაერზე და მისი დაბინძურების დონეზე ბრძანეთ. რა მონაცემებს ეყრდნობით?

მე ვეყრდნობი უცხოური კომპანიების მონაცემებს, რომლებმაც გააკეთეს კვლევა თბილისში, ვეყრდნობი საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციების მონაცემებს და ქართველი ეკოლოგების მონაცემებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ეკოლოგები, რომელთაც ჩვენ არ ვუსმენთ. ჩვენ არაფერს არ ვაშენებთ ისე, რომ მას თან ახლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მე ძალიან მეამაყება, რომ სუფსაში პირველად გავაკეთეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაშინ არც მე ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ 5-მა ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციამ გვაიძულა. ახლა რკინიგზის თბილისის ზღვაზე გადატანა იმ მოტივით ხდება, რომ თბილისის ცენტრში არ დაიღვაროს ვაგონით შემოტანილი ნავთობი, და თბილისის ზღვაში რომ ჩაიღვაროს, ნაკლები საფრთხის შემცველია? ნახევარი ვაგონი რომ ჩაიღვაროს, საკმარისია იმისათვის, რომ 20 წელი თბილისს წყალი არ ჰქონდეს.

ბოლოს, გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იმაზე ისაუბროთ, რაც ჩვენ არ გვიკითხავს


მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი მიზანი ამ არჩევნებში არის მიღწეული, რადგან ხალხმა დაიჯერა, რომ შეუძლებელია არაპროფესიული და არაოპტიმიზირებული მართვით შევცვალოთ ცხოვრება, რომ გადასახადების დაწევის გარეშე მივაღწიოთ სამუშაო ადგილების შექმნას. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ის გადასახადები, რასაც ისინი იხდიან, მათ არ ეკუთვნით.

მინდა მოვუწოდო ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებში იქნება უმნიშვნელოვანესი. 21-ე საუკუნეა. მათ უნდა ჩაიბარონ ქვეყანა ხვალ. მივიდნენ არჩევნებზე და შეაფასონ თითოეული ადამიანი არა იმის მიხედვით, თუ რას ჰპირდება, არამედ იმით, რა აქვს გაკეთებული, ახლა რას წარმოადგენს და როგორ იცის საქმის კეთება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG