Accessibility links

logo-print

შეზღუდვები სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე


სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება მაქსიმალურად შეიზღუდა.

დევნილი მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში თორნიკე კილანავა ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლის შეზღუდვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, თუ აქამდე 20-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება კვეთდა ადმინისტრაციულ საზღვარს, დღეს მხოლოდ სამმა ავტობუსმა მოახერხა სამეგრელოში გადმოსვლა.

”რუსეთის საოკუპაციო ჯარები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა მონაწილეობა არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში”, - ამბობს კილანავა.

ოტობაია-ორსანტიის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება რომ მაქსიმალურად შეზღუდულია, ამას რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტიც ადასტურებს. თუმცა, ის ამ ფაქტს არჩევნებს ვერ უკავშირებს, რადგან ე.წ. საზღვარის გადაკვეთას ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს დიდიხანია რუსი მესაზღვრეები უკრძალავენ.

განსხვავებული ვითარებაა ოტობაია-განმუხურის ადმინისტრაციულ საზღვართან. ოტობაიელმა მამაკაცმა, რომელმაც ხმის შეცვლა ითხოვა, რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას განსაკუთრებულ პრობლემებს არ აწყდებიან.

”რამდენიმე წუთის წინ მივედით ე.წ. საზღვართან მე და ჩემი მეუღლე და ვთხოვე გაეშვათ მეუღლე. არ არისო პრობლემაო, მითხრეს და გაუშვეს. მანამდე ოთხთვალათი გაატარეს ჩემი მეზობლები. ასე, რომ ჩვენთან განსაკუთრებული შეზღუდვა არ არის”, - ამბობს ოტობაიელი მამაკაცი.

რამდენიმე საათის წინ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გაავრცელა ცნობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ სოფელ ჭუბურხინჯში, გალის აფხაზური კომისარიატის კომისარმა ბესიკ კირთაძემ, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია, შეკრიბა სოფლის მოსახლეობა და ციტრუსის მეურნეობის დასუფთავება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილების აფხაზურ ჯარში წაყვანით დაემუქრა.

ინსტიტუტის წყაროს ცნობით, ჭუბურხინჯელები კირთაძის კუთვნილი ციტრუსის მეურნეობაში სამი დღეა იძულებით მუშაობენ. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კომისარი კირთაძე მოსახლეობაზე ამგვარ ზეწოლას ახდენდეს, რადგან ის გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ არის მხილებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG