Accessibility links

logo-print
აპრილის მიწურულს ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” რედაქციამ თბილისში საჯარო დებატების ციკლი დაიწყო. ამიერიდან ჟურნალის ავტორები თავად აირჩევენ თემას დისკუსიებისთვის, მოიწვევენ სტუმრებს. ჟურნალის რედაქტორის ნინო ლომაძის თქმით, საჯარო დებატები თბილისში ზაფხულშიც გაიმართება.

ჟურნალ ”ცხელ შოკოლადს” ხშირად ადანაშაულებენ ელიტარულობასა და სნობიზმში. ამბობენ, ჟურნალი მხოლოდ მკითხველის მცირე წრის ინტერესებზე ზრუნავს და ერთი და იმავე წრის ადამიანების ცხოვრებას აშუქებსო. როგორც ჩანს, კრიტიკამ იმოქმედა ჟურნალის რედაქციასა და ავტორებზე - გაზაფხულზე გადაწყდა, ”ცხელ შოკოლადს” დებატები დაეწყო, რაც ”ორი კურდღლის დაჭერის” საშუალებას ქმნიდა - ერთი მხრივ, ჟურნალი დაუახლოვდებოდა მკითხველს, მეორეც - შესაძლებელი იქნებოდა თავისუფალი, საჯარო დებატების აღდგენა ქვეყანაში ჩვენი საზოგადოების მტკივნეულ პრობლემებზე. ჩვენთან საუბარში ჟურნალის რედაქტორმა ნინო ლომაძემაც დაადასტურა ეს.

პირველი დისკუსიისთვის შეარჩიეს თემა ”მემარცხენეობა-მემარჯვენეობის დისკურსი საქართველოში”. მომხსენებლებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ”შესაბამისი სივრციდან” შეირჩა: ერთი - გიორგი ცხადაია, ჟურნალი ”ლიბერალიდან” (მემარცხენე-ლიბერალის სტატუსი თუ იარლიყი მკითხველმა უკვე მიანიჭა ამ ჟურნალს), მეორე კი ჟურნალ ”ტაბულადან”, რომელსაც უფრო მეტად მემარჯვენე-ლიბერალური პოზიცია აქვს. შესაბამისად, გიორგი ცხადაია ამტკიცებდა, რომ დღევანდელი ქართული ხელისუფლების კურსი მემარჯვენეა:

”ხშირად გამიგია ხელისუფლებაზე, ტრადიციულ ღირებულებებს ებრძვისო. მაშინ რატომაა ხელისუფლება მემარჯვენე? იმიტომ, რომ საქართველოში ტრადიციული ღირებულებების ადგილი დაიკავა ნაციონალიზმმა”, - გვითხრა გიორგი ცხადაიამ.

სანდრო თარხან-მოურავმა კი, ერთი მხრივ, მემარჯვენე-ლიბერალიზმის უპირატესობებზე ისაუბრა, მეორე მხრივ კი, გაამძაფრა დისკუსია, როცა გვითხრა, მემარჯვენე დისკურსი თავად საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელიო. სანდრო თარხან-მოურავის თქმით:

”საბჭოთა კავშირი არ იყო მემარცხენე სახელმწიფო. საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული ელიტა, რომელმაც არისტოკრატიის ადგილი დაიკავა.”

როგორც მოსალოდნელი იყო, კამათი ”მემარცხენე-მემარჯვენეს დისკურსზე” გადაიზარდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე მტკივნეულ პრობლემებზე საუბარში, საიდანაც ერთი საერთო თემა შეიძლება გამოვყოთ - გვაძლევს თუ არა საქართველოში ხელისუფლება, ეკლესია, მედია... საერთოდ, საზოგადოება საშუალებას ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით და ვიყოთ ბედნიერები. თითქმის სამი საათი გაგრძელდა ეს დისკუსია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ხალხს - განსაკუთრებით ახალგაზრდებს - თავისუფალი აზრის გაცვლა-გამოცვლა მოენატრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG