Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მოქალაქეებს საგანგებოდ მიმართა


თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მოქალაქეებს საგანგებოდ მიმართა. დავით ბაქრაძის შეფასებით, 30 მაისი საქართველოს შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს მთავარი ამოცანა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფაა. ამასთან ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ხალხის მონაწილეობის გარეშე არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება, ამიტომ ამომრჩევლებს მათთვის სასურველი პარტიებისა და კანდიდატების აქტიურად მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც დავით ბაქრაძის შეფასებით, ურთიერთბრალდებებს და ლანძღვას დრო ნაკლებად დაუთმეს და კონკრეტულ პრობლემებსა და დაპირებებზე საუბარი არჩიეს. ბაქრაძის განცხადებით, ამ მხრივ წლევანდელი საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსახვავდებოდა, რასაც საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ 30 მაისის არჩევნები წარმატებული იქნება და მას ერთი მთავარი გამარჯვებული - საქართველოს სახელმწიფო ეყოლება.
XS
SM
MD
LG