Accessibility links

logo-print

ქართველ ადვოკატთა სკოლის „ევროპული ნათლობა“


ადვოკატები დიმიტრი გაბუნია (მარჯვნივ) და პაატა სალია რადიო თავისუფლებას ესტუმრნენ

ადვოკატები დიმიტრი გაბუნია (მარჯვნივ) და პაატა სალია რადიო თავისუფლებას ესტუმრნენ

საქართველოში ახლახან დაარსებულმა პირველმა საადვოკატო სკოლამ ევროპული მართლმსაჯულების სისტემის გაცნობა ჩეხეთიდან დაიწყო. ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლები გასულ კვირაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ პრაღაში და რამდენიმე, როგორც თავად ამბობენ, მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვორკშოფი გამართეს. საქართველოში გამგზავრების წინ ადვოკატები დიმიტრი გაბუნია და პაატა სალია რადიო თავისუფლებას ესტუმრნენ და ჩეხეთში მიღებული შთაბეჭდილება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მართლმსაჯულების და, კერძოდ, ადვოკატის ინსტიტუტის პრობლემებს.

თებერვალში თბილისში პირველი ქართული ადვოკატთა სკოლა გაიხსნა, რომლის მიზანია დიპლომიანი და მოქმედი ადვოკატების გადამზადება. სკოლის დამფუძნებელია საადვოკატო კომპანია „გაბუნია და პარტნიორები“. საგანმანათლებლო მეთოდოლოგია, აუცილებელი სასწავლო კურსის შემდეგ, ითვალისწინებს ერთკვირიან სემინარს ევროპის ქვეყნებში, რაც ადვოკატებს კვალიფაკაციის ამაღლებისა და ევროკავშირის მოწინავე გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ადვოკატთა სკოლის დამაარსებლის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, პრაღაში ვორკშოფის მოწყობის იდეა სკოლის ხელმძღვანელობას მათმა პარტნიორმა ჩეხურმა საადვოკატო ფირმამ შესთავაზა.

„არჩევანი ჩეხეთზე შეჩერდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩეხეთი სწორედ იმ ქვეყნის მაგალითია, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანებას და მისი კანონმდებლობა, მე შემიძლია თავისუფლად ვთქვა, სრულად ესადაგება ევროპული ოჯახის კანონმდებლობას.“

ერთი შეხედვით, პარადოქსული რეალობა

თუმცა რეალობას თუ დავაკვირდებით, ერთი შეხედვით, პარადოქსული ვითარებაა. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული საადვოკატო ფირმების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, იურისტების მომზადებას კი რამდენიმე სახელმწიფო და კერძო ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს. ასეთ ვითარებაში სპეციალიზებული ადვოკატთა სკოლის შექმნის საჭიროება თითქოს არ უნდა არსებობდეს, თუმცა დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ სკოლის შექმნა ნაკარნახევია იმით, რომ ხელი შეუშალოს ადვოკატის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, რამაც ბოლო ხანს საქართველოში საკმაოდ საშიში ტენდენციის ხასიათი მიიღო:

„სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში ეს ინსტიტუტი სუსტდება და კნინდება. ყველა ხელმოცარული იურისტი, რომელიც ადრე იყო მოსამართლე, პროკურორი და სხვა, საქმდება ამ ადვოკატურაში, ხდება ადვოკატი. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს ასე არ ხდება. ასე იოლად არ უნდა ხდებოდნენ ადვოკატები.“

ადვოკატთა სკოლაში ლექციების წასაკითხად მოწვეულები არიან საქართველოში ცნობილი პედაგოგები. სასწავლებელში კვალიფიკაციის ამაღლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ ასევე სხვა ფირმებში დასაქმებულ ადვოკატებსაც, თუმცა კომპანია „გაბუნია და პარტნიორების“ თანადამფუძნებელი ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ სკოლაში მოხდება საკმაოდ მკაცრი სელექცია და უპირატესობა მიენიჭება არა აპრობირებულ მარტივი ტესტირების ფორმას, არამედ უფრო აკადემიურ მეთოდოლოგიას:

„საუბარია დაახლოებით 1000 ტესტის დაზეპირებაზე, რაც ძალიან იოლია, მით უმეტეს, ახალგაზრდა ადამიანისათვის. ერთმა პროფესორმა იხუმრა კიდეც ამ თემაზე, საქართველოში დღეს შეიძლება ყრუ-მუნჯიც გახდეს ადვოკატიო. აქცენტი არ კეთდება ადვოკატის ისეთ მნიშვნელოვან თვისებაზე, როგორიცაა მეტყველების უნარი და რიტორიკა. ალბათ, ეს არის ადვოკატის პირველი იარაღი, რომლითაც მან უნდა დაარწმუნოს მოსამართლე. და ვფიქრობ, რომ ჩვენს სკოლაში ამ კუთხითაც ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია.

ადვოკატები და პოლიტიკოსები

კიდევ ერთი საშიშროება, რაც, ჩემი თანამოსაუბრეების შეფასებით, ადვოკატის ინსტიტუტის ავტორიტეტს ემუქრება, ეს არის ადვოკატთა ნაწილის პოლიტიზება - უფრო ზუსტად, პოლიტიკოსების მცდელობა ადვოკატთა გავლენიანი ჯგუფები ჩააბან პოლიტიკურ პროცესებში. ასეთ მცდელობას საქართველოში ადგილი ჰქონდა გასული წლის მიწურულს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, როდესაც ერთ-ერთ კანდიდატს ღიად უჭერდნენ მხარს ხელისუფლების წარმომადგენლები. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=775

ზეწოლის მიუხედავად, ადვოკატებმა მაშინ შეძლეს სასურველი კანდიდატის არჩევა თავიანთი პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტზე. თუმცა, როგორც პაატა სალია ამბობს, პოლიტიკოსები არც შემდგომში აიღებენ ხელს მცდელობაზე მოახდინონ ადვოკატებზე ზემოქმედება, რისი განეიტრალებაც მხოლოდ მძლავრი პროფესიული იმუნიტეტით არის შესაძლებელი:

„რაც შეეხება ადვოკატის ეთიკას, ჩვენ ლექციებს ვუკითხავთ ჩვენს სტუდენტებს და ამ თემაზე აქაც, ჩეხეთშიც, ცნობილი ადვოკატის მიერ იქნა წაკითხული ლექცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური შეხედულებები შესაძლებელია ჰქონდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმმართველი იმ კუთხით, რომ მან ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი დაიცვას.“
მაგრამ სკეპტიციზმი მაინც თავისას შვრება. რა უნდა ქნას პროფესიონალმა და მიუკერძოებელმა ადვოკატმა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ქონებრივ დავებს, როდესაც ერთ მხარეზეა მეწარმე ან კერძო პირი, მეორე მხარეს კი სახელმწიფო, მძლავრი პროკურატურით და, გავრცელებული თვალსაზრისით, ხელისუფლების ინტერესების დამცველი სასამართლო სისტემით? ეს იყო ბოლო შეკითხვა, რომელიც მე დავუსვი დიმიტრი გაბუნიას, დევნილი ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველ ადვოკატს. გაბუნია მიიჩნევს, რომ სიმართლის დასადგენად ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

„მე პირადად ძალიან ბევრჯერ მომიწია ამ საკუთრების თემებისა და ადამიანის უფლებების დაცვა და მინდა გითხრათ და ხაზი გავუსვა, რომ „მაინც აზრი არა აქვს“ - ასე არაა და ამან გამოიღო თავისი შედეგი. იმავე მედიის მხარდაჭერით, სწორი და კვალიფიციური პასუხების გაცემით, მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც არის საკმაოდ ძლიერი, რადგან ამ შეთხვევაში სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე და მის ინსტრუმენტებთან, გარკვეულწილად , ხშირ შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან დათმობებზე წავიდა“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია, პირველი ქართული ადვოკატთა სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
რაც შეეხება ქართული ადვოკატთა სკოლის სამომავლო მიზნებს, როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, შემდგომი სასწავლო მივლინება ოქტომბერში კვლავ პრაღაში გაიმართება და მასში უკვე სკოლის პირველი კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG