Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ სტატიათა სიჭარბე არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე საინტერესო წერილი იყო.

„სოჭის ოლიმპიური თამაშები რუსეთსა და უფლებების საკითხზე ზეწოლის მოსახდენ ბერკეტს ქმნის“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა კურტ ვოლკერის სტატია 25 მაისის „ვაშინგტონ პოსტში“. აქვე გეტყვით, რომ 2008 წლიდან 2009 წლამდე ვოლკერი ნატოში აშშ-ის ელჩი იყო, დღეს კი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ტრანსატლანტიკური საკითხების კვლევის ცენტრს მართავს.

„ამ ზაფხულის პირას შესაძლოა ნაადრევად მოგეჩვენოთ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პოლიტიკურ ფონზე განსჯა, მაგრამ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს რუსეთში, სოჭში, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე მილი აშორებს აფხაზეთს - ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა საქართველოს სამხედრო ძალით წაართვა 2008 წელს. პირდაპირ რომ ვთქვათ, საქმე საჩოთირო პროცესთან გვექნება და მზადებაც რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს“, - ასეთია კურტ ვოლკერის სტატიის პირველი აბზაცი. ავტორი განაგრძობს: „ცოტა ვინმე თუ გამოდის მოწოდებით, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ - 1980 წლის მოსკოვის თამაშების სტილში. მაგრამ 2014 წლის თამაშებში მონაწილეობა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გაუტოლდება ჩვენს თანხმობას რუსეთის მიერ ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პრაქტიკის დაკანონებაზე - მაშინაც კი, თუკი ამ ცვლილებებს პრინციპულად უარვყოფთ.“

ამის შემდეგ ავტორი აღწერს „პრაქტიკულ დეტალებს“ - რომ აფხაზეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილია მსოფლიოს ყველა ქვეყნის თვალში, რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ნაურუს გამოკლებით; რომ აფხაზეთში უკვე დაასახლეს ოლიმპიური მოედნების მშენებლები, 2014 წლისთვის კი შესაძლოა იქ ტურისტებისთვის სასტუმროებიც ააგონ. რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარზე რეგულარული მიმოსვლა იქნება, - ასე რომ, საქართველოს სუვერენიტეტს არავინ ახსენებს. ფართოდ გამოიფინება აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ სიმბოლოები - მაგალითად, დროშები და დოკუმენტები; ოლიმპიურ ცერემონიებს კი აშშ-ისა და ევროპის ლიდერებთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტებიც“ დაესწრებიან.

თუმცა, კურტ ვოლკერის თქმით, დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ ამ ორი ალტერნატივის - ბოიკოტის ან ამგვარ რეალობაზე დათანხმების - წინაშე არ დგანან. არსებობს მესამე გზა - სოჭის ოლიმპიადა უნდა გახდეს დიდი ხნის მანძილზე არსებული კონფლიქტების გადაჭრის კატალიზატორი, რაც კავკასიას 21-ე საუკუნეში გადაიყვანს. „რუსეთის ინტერესმა, ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩატარდეს, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, ძლიერი ბიძგი უნდა მისცეს იმას, რომ ისტორიას ჩაბარდეს რუსეთის მხრიდან კავკასიის მიმართ გატარებული უნაშთო, დაყავი-და-იბატონეს პრინციპზე აგებული მიდგომა“, - წერს ვოლკერი და იქვე დასძენს: „ეჭვგარეშეა, რომ ეს საუკეთესო შედეგი იქნება როგორც რეგიონის ქვეყნებისა და ხალხებისთვის, ისე მოსკოვისთვის, სპორტსმენებისა და ოლიმპიური თამაშებისთვისო.“

ამის შემდეგ ავტორი ოთხ ნაბიჯს ჩამოთვლის, რომლებმაც, მისი აზრით, ამ მიზნის მიღწევას უნდა შეუწყოს ხელი.

პირველია იმის ნათლად თქმა, რომ დღევანდელ ევროპაში საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლაზე არავინ დათანხმდება. დიპლომატიური მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს, რათა შემოდგომაზე დანიშნულ ნატოსა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამიტებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის ოფიციალურად შემუშავება შევძლოთო, წერს ვოლკერი.

მეორე - ამგვარი პოლიტიკის პარალელურად, აშშ-მა და ევროპამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე ჟენევაში წარმოებულ მოლაპარაკებებს განახლებული ბიძგი უნდა მისცენ. „აშშ-მა გადატვირთვის ღილაკს ხელი 2009 წლის დასაწყისში დააჭირა; დადგა დრო რუსეთიც გადაიტვირთოსო“, წერს ვოლკერი.

მესამე ნაბიჯი, ვოლკერის აზრით, გააქტიურებული მუშაობა იქნება რეგიონის კიდევ ერთი კონფლიქტის - მთიანი ყარაბახის საკითხის - გადაჭრისთვის.

მეოთხე ნაბიჯი კი ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ბევრად მეტი რესურსის გაღება იქნება კავკასიაში დემოკრატიული ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის, კონფლიქტური რეგიონების მონიტორინგისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის და ინვესტიციების გაზრდისთვის. ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება კონფლიქტების გადაჭრის სურვილს გაზრდის და სეპარატისტულ რეგიონებს უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ მიიზიდავსო, წერს ავტორი.

„თუ აშშ და ევროპა არაფერს გააკეთებენ, 2014 წელს ნამდვილად გაუსაძლის ვითარებაში აღმოვჩნდებით. მაგრამ ზომების უკვე ახლა მიღებით, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ პოზიციაზე დადგომას და ვითარების გრძელვადიანი გადაჭრის შანსის გაზრდას, თანაც სოჭის თამაშებამდე ბევრად უფრო ადრე“ - ასე მთავრდება კურტ ვოლკერის სტატია, რომელიც, როგორც ვთქვით, 25 მაისს დაიბეჭდა „ვაშინგტონ პოსტში“.

მიმოხილვის ბოლოს მოკლედ გეტყვით კიდევ ორ წერილზე, რომლებიც თურქეთში გამომავალ „ჰურიეთში“ დაიბეჭდა. პირველია სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობა „აფორიაქებული საქართველო რუსეთის გავლენის საპირწონედ ირანს და თურქეთს მიუბრუნდა“, რომელიც „ჰურიეთმა“ 27 მაისს გამოაქვეყნა.

„ანალიტიკოსების აზრით, რუსეთთან ომიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო ღელავს, რომ ის დასავლეთმა დაივიწყა, და კავკასიაში რუსეთის გავლენის საპირწონედ ირანსა და თურქეთთან ამყარებს კავშირებს. ბოლო 10 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი და ირანის მაღალჩინოსანი დიპლომატი იმყოფებოდნენ - თბილისი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის ისტორიულ ძალებთან კავშირების აღდგენას ცდილობს“, - ვკითხულობთ ცნობაში. შემდეგ მოთხრობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს საქართველო პოსტსაბჭოეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მაგალითად სახელდებოდა, მაგრამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის და მის მიერ რუსეთთან კავშირების „გადატვირთვის“ პირობებში ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ეს ინტერესი შემცირდა. შესაბამისად, თბილისი თვლის, რომ ორ მზარდ ძალასთან - თურქეთთან და ირანთან - უნდა გაააქტიუროს კავშირებიო, უთქვამს ქართველ პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს „ფრანს პრესისთვის.“ სააგენტოს ამ ცნობას თურქეთში გამომავალი „ჰურიეთი“ 27 მაისის ნომერში ბეჭდავს.

ამავე დღეს - 27 მაისს - „ჰურიეთმა“ დაბეჭდა აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, ზაურ შირიევის სტატია, სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია ევროკავშირის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას საჭიროებს.“ პოლიტოლოგი 20 მაისს ევროპის პარლამენტის მიერ სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით დამტკიცებულ ანგარიშს განიხილავს და აცხადებს, თუკი ამ რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებს მართლაც „მდგრადი მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის“ მიღწევა წარმოადგენს, როგორც ეს ამ ანგარიშშია ნათქვამი, ბლოკის მიერ გატარებული პოლიტიკა, უწინარეს ყოვლისა, ამ რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრის სტრატეგიას უნდა ითვალისწინებდესო. სრულად ზაურ შირიევის სტატიას 27 მაისის „ჰურიეთში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG