Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროკავშირის კრიტიკა დაიმსახურა


შტეფან ფიულე, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი

შტეფან ფიულე, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი

მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების ულტრალიბერალური იდეები მთლიანად არ შეესატყვისება ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპსო. თბილისში ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და საფუძველი მისცა დისკუსიას იმის შესახებ, თუ რაში ეწინააღმდეგება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირის მოთხოვნებს.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფიულე საქართველოს აპრილის დასაწყისში სტუმრობდა და თბილისში ”აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის” საკითხები განიხილა. ესაა ასოცირებული შეთანხმება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონა, სავიზო საკითხები და სხვ. თბილისშივე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსთვის დამატებით 180 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. მოგვიანებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, კონკრეტულად კი, 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფიულემ რადიო თავისუფლების მიერ საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, თბილისში მთავრობა ევროკავშირის შესაბამისი რეფორმების კურსზე რჩებაო, და იქვე დასძინა:

”ვფიქრობ, ჩვენ შევძელით აგვეხსნა მათთვის [საქართველოს ხელისუფლებისთვის], რომ განსაკუთრებით პირველი ორი მიმართულება [ასოცირებული შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ზონა], რომელიც ჩვენი მომავალი პარტნიორობის ღერძს წარმოადგენს, მათი მხრიდან სრულ ჩართულობას მოითხოვს და ეს შესაძლოა მთლად ვერ მოვიდეს შესაბამისობაში იმ ზოგიერთ იდეასთან, რომელიც ულტრალიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნას უკავშირდება საქართველოში.”

ამ განცხადებამ საქართველოში ბევრი ეკონომისტი გააკვირვა, რადგან ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე სულ ახლახან ანტიმონოპოლიური სტრუქტურა შეიქმნა და ასევე მიმდინარეობს მუშაობა ლიბერალური შრომის კანონმდებლობის ევროკანონებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.

მაგრამ თბილისში დაფუძნებული ”ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორის კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველოს მიერ ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის. ის ერთ-ერთი ავტორია ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ნაშრომისა ”ევროპის კავშირი და სამხრეთ კავკასია”. ამ მოხსენებაში კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში გატარებული ბევრი ლიბერალური რეფორმა არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომებს. მისი განცხადებით, საქართველოში არ მოქმედებს ბაზრის საკანონმდებლო რეგულირება - ლაპარაკია კონკურენციის მართვაზე, ასევე სურსათის უვნებლობის რეგულაციასა თუ მშენებლობის ხარისხის კონტროლზე:

კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი
”ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გულისხმობს სწორედ ამ მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. თუ ჩვენი კანონმდებლობა არ დაახლოვდა ევროპულ სტანდარტებთან ყველა იმ სფეროში, რომელიც მე ჩამოვთვალე, - და იქ კიდევ მრავალი სხვა სფეროც არის, - თუ არ დაუახლოვდა, მაშინ ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და, შესაბამისად, არ იქნება ევროპული ბაზარი მთლიანად გახსნილი ჩვენი საქონლისა და ჩვენი მომსახურებისთვის.”

სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოში თავისუფალი ბაზრის მომხრეები - მათ შორის, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი. მისი განცხადებით, ევრობიუროკრატები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხებისკენ უბიძგებენ:

”ჩვენ გვჭირდება 13, 15, 20 პროცენტი განვითარება. ამას სჭირდება ულტრალიბერალური რეფორმები. სამწუხაროდ, ჩვენ ამაზე დასტური ვერ მივიღეთ, არამედ წინააღმდეგობა შეგვხვდა ევროკავშირისგან. ამას დამალვა რად უნდა. გვაძალებენ გავაკეთოთ ისეთი შეცდომები, როგორიცაა ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში. უდიდესი შეცდომა იქნება ეს. რა მნიშვნელობა აქვს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესში გვაქვს თუ არა ჩვენ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა 1500-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროს ეკონომიკა, - რა მნიშვნელობა აქვს?...”

გია ჯანდიერი, ექსპერტი
ეს განცხადება გია ჯანდიერმა გააკეთა საქართველოში, ”ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის” კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მიხაელ ლინკი. გერმანელმა სტუმარმა ქართველი მასპინძლების დამშვიდება იმით სცადა, რომ ევროკავშირის პოზიცია შიდაიდეოლოგიურ უთანხმოებებს გადააბრალა. ეს არის ჩვენი სიძლიერეც და სისუსტეცო, დასძინა მან.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ის სიფრთხილით ეკიდება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებების კომენტირებას, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მიმართ ბრიუსელის პოზიციით გამოწვეული გაურკვევლობა დიპლომატიური გამონათქვამებიდანაც გამოსჭვივის.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ რატომ იწვევს ეკონომიკური თავისუფლებისკენ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირის კრიტიკას, პრემიერ-მინისტრის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობისა თუ თავად გაერთიანების ფუძემდებლური პრინციპების შესატყვისია. ერთ-ერთი მათგანია მოთხოვნა ბაზრის მარეგულირებლების შესახებ:

ვახტანგ ლეჟავა, პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი
”ევროპულ კანონმდებლობაში ცხადად წერია - როგორც ნაციონალურში, ასევე ევროკავშირისაში, რომ სატარიფო მარეგულირებლები არსებობს როგორც დროებითი ზომა ბაზრის სრულ ლიბერალიზაციამდე. ჩვენ სწორედ ეს ჩავწერეთ ეკონომიკური თავისუფლების აქტის პროექტში, რომ ჩვენ მეტ სატარიფო მარეგულირებლებს არ შევქმნით, იმიტომ რომ გზა არის ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ, რაც პირდაპირ ემთხვევა ევროპულ ეკონომიკურ პოლიტიკას, ევროკავშირის ფორმალურ პოლიტიკას.”

ამ განმარტების მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუთქვამთ კრიტიკა ეკონომიკური თავისუფლების აქტისა თუ სხვა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ამ რეფორმებმა კი საქართველო მსოფლიო ბანკისა თუ სხვა ეკონომიკური ინსტიტუტების რეიტინგების სათავეში მოაქცია. მან საგრძნობლად გაუსწრო იმ 5 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლებიც საქართველოსთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრები არიან. თუმცა კი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში სხვები ლიდერობენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG