Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 მაისი 2010


მიმდინარე კვირას ქართული პრესის ყურადღება ორ ძირითად საკითხზე იყო მიპყრობილი - ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აღლუმი.

24 მაისს გაზეთმა ”მთელი კვირა” გამოაქვეყნა ინტერვიუ ამერიკის ელჩთან საქართველოში ჯონ ბასთან. ”ამერიკას საქართველო არ მიუტოვებია” - ასეთია სტატიის სათაური. ”შემიძლია გავიგო, თუ რატომ გამოითქმება ასეთი მოსაზრებები, - თქვა ელჩმა და დასძინა: ”რაც შეიცვალა ობამას მოსვლის შემდეგ, არის რუსეთთან ურთიერთობისადმი მიდგომა. ჩვენ ვცდილობთ დიალოგი გვქონდეს საერთო საკითხებზე და მივუდგეთ განსხვავებული გზით. მაგრამ ჩვენ რუსეთთან ამ დიალოგს ვმართავთ ისე, რომ ძალიან ნათლად და მკაფიოდ ვამბობთ, რომ გვაქვს უთანხმოება ცალკეულ საკითხებში. ძალიან მკაფიოდ და ნათლად არ ვეთანხმებით რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში”, - უთხრა ჯონ ბასმა ”მთელ კვირას”.
ბევრი ქართული გაზეთი ამ დღეს ამა თუ იმ ფორმით შეეეხო ეგრეთ წოდებულ უხამსობის წინააღმდეგ კანონს, რომლის ინიციატორიც საპატრიარქო გახლავთ. ამასთან დაკავშირებით „რეზონანსმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 85 პროცენტამდე ასეთი კანონის მიღების მომხრეა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაზეთის საიტზე ჩატარებული გამოკითხვაა, რომელიც შეიძლება არ ასახავდეს რეალობას.

25 მაისს გაზეთმა ”ალიამ” მთავარ თემად გამოიტანა ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან. მასალის სათაურია ”ხელისუფლების შეცვლის საიდუმლო გეგმა”.

ინტერვიუში ვკითხულობთ: ”სააკაშვილი გადადგება, ჩატარდება არჩევნები, ბაქრაძე მოიაზრება პრეზიდენტად, პრემიერ-მინისტრად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დღეს კენჭს იყრის. პარლამენტის თავმჯდომარედ მოიაზრება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც კენჭს არ იყრის მერის არჩევნებში.

შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამ გეგმის განხორციელება შინაგან საქმეთა დღევანდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს აქვს განზრახული.

გაზეთი ”რეზონანსი ” მკითხველის ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ ”მისტრალის” ტიპის გემების შესყიდვაზე. სტატიაში, სათაურით ”მოსკოვი ”მისტრალთან” ერთად ჰოლანდიურ და ესპანურ გემებსაც ყიდულობს”, ”რეზონანსმა” შეფასება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს სთხოვა. მისი განცხადებით, ”რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის ტენდენცია დაიწყო და ეს ძალიან სახიფათოა”.

26 მაისსს გაზეთების უმეტესობა არ გამოსულა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

”ახალმა თაობამ” ოპოზიციის მუქარა გაიხსენა, ”სააკაშვილს აღლუმს არ ჩავატარებინებთო. ”ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაურიგდა” - ასეთია სტატიის სათაური, თუმცა ავტორი ოპოზიციის სხვა შესაძლო მოტივაციაზეც ლაპარაკობს: ”ოპოზიციას, ალბათ, უფრო იმის შეეშინდა, რომ მათ აქციაზე ხალხი არ მივიდოდა. მარტო ისინი აღლუმს, ცხადია, ვერ ჩაშლიდნენო”, - წერს ”ახალი თაობა”.

ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებაზე 26 მაისის მიმართ კომენტარს აქვე პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი აკეთებს. ”მიჭირს რაიმე რაციონალური დავინახო ასეთ შეფასებებში, როდესაც ამბობენ, რომ რა წესია ეროვნულ დღესასწაულზე სამხედროების გამოსვლა. ის წესია, რომ დამოუკიდებლობა აღინიშნება ფორმიანი ადამიანებითაც, იმიტომ რომ ფორმიანი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ატრიბუტიაო”, -უთხრა დავით დარჩიაშვილმა ”ახალ თაობას”.

27 მაისს პრესაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. მათ შორის, ”24 საათი” პირველ გვერდზე წერდა - ”დაბრუნებული აღლუმი”. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ”სამხედრო აღლუმს ”24 საათი” მიმოიხილავს სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძესთან ერთად, რომელსაც მიაჩნია, რომ აღლუმი სტანდარტული იყო, თუმცა - გამორჩეულად გრანდიოზული“.
”ალია” იარაღით ვაჭრობაში კორუფციის საქმეზე აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მისი შეფის რობერტ მიულერის საქართველოში ვიზიტზე წერს: ავტორი სტატიაში ამბობს: ”გამორიცხული არაა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც ‘გასკვანჩონ’.”

28 მაისისის პრესის მიმოხილვა ”ვერსიით” დავიწყოთ. სტატიაში, სათაურით ”ოპოზიცია მეორე ადგილისთვის და ქუჩის ლიდერის სტატუსისთვის იბრძვის”, მოყვანილია "კონსერვატორების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ამ გამოკითხვის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზეა გიგი უგულავა - 32 პროცენტით, მეორეზე კი ზვიად ძიძიგურია - 15 პროცენტით.

29 მაისს გაზეთი ”24 საათი” სტატიაში, რომლის სათაურია ”30 მაისს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”, ავტორი წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებას სთხოვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს და იმაზე საუბრობს, რამდენად მოახერხეს მათ ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სტატიაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელის შეშლის მიუხედავად, მაინც მოახერხეს ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანა, მაგრამ რამდენად კარგად შეძლეს ეს, 30 მაისს გამოჩნდება.
”რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სათურით ”რა შემთხვევაში ცნობს არჩევნების შედეგებს მისი ყველა მონაწილე”.”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, არჩევნების სამართლიანად ჩატარებას მაშინ აღიარებს, თუ ”არ მოხდება ზეწოლა ამომრჩეველზე, არ მოხდება მოსყიდვები, არ იქნება ”კარუსელების” დატრიალების მცდელობა და ობიექტურად იქნება დაცული ყველა ხმა”.

ამავე სტატიაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ამომრჩეველს შეახსენებს, რომ არჩევნებზე მისვლით ის ხმას აძლევს საქართველოს მომავალს და ხვალინდელ დღეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ”არჩევნებისთვის ყველაფერი მზადაა და ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG