Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლები - ძვირადღირებული შოუ თუ დემოკრატიული პროცესი?


კომპანია "ედისონ რესერჩის" ვებგვერდი
კომპანია "ედისონ რესერჩის" ვებგვერდი
30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში ეგზიტპოლებს დასავლეთის ორი მსხვილი კერძო კომპანია ჩაატარებს. ერთი კერძო ტელეარხებმა დაიქირავა, ხოლო მეორე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. როგორც ტელევიზიებში აცხადებენ, ეს მეტი სანდოობისთვის კეთდება.

2004 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ეგზიტპოლებმა გამარჯვებულად ჯონ კერი გამოაცხადეს. მან ოფიციალური მილოცვების მიღებაც კი მოასწრო. თუმცა, პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, ჯორჯ ბუში გახდა. მსგავსი შეცდომა ეგზიტპოლებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2000 წელსაც დაუშვეს, რის შემდეგაც სატელევიზიო არხებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შექმნეს. ამავე თემაზე დაიწერა წიგნები, მომზადდა გადაცემები, ხოლო ეგზიტპოლების მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა.

ეგზიტპოლებს დასავლეთის დემოკრატიებში ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ და უმრავლეს შემთხვევაში ისინი დემოკრატიული სისტემის ფუნქციურ ატრიბუტად აღიქმება. ამის მიუხედავად, ამ მეთოდს მკვლევართა ნაწილი „მედიაპროდუქტად“ ან „შოუდ“ აღიქვამს - სერვისად, რომელსაც მედია მაყურებლის მისაზიდად და რეკლამის გასასაღებლად ყიდულობს. ეგზიტპოლები გვთავაზობს ყველაზე ოპერატიულ მონაცემებს, რომლებიც უბნების დახურვიდან წინასწარი ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე მედიაში ჩნდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალი თაობა, ახალი ინიციატივის“ - ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი აღნიშნავს, რომ ეგზიტპოლებს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. მისი თქმით, ეს არის სატელევიზიო შოუ და ის მანამდე ცოცხლობს, სანამ გამოქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგები ან ცესკოს წინასწარი შედეგები.

ცესკოს წინასწარი მონაცემები კი, საქართველოს შემთხვევაში, გვიან ღამით, როგორც წესი, 11-დან 12 საათამდე ქვეყნდება. აშშ-ში ეს პროცესი გაცილებით სწრაფია, რადგან ხმის მიცემაც და შედეგების დაჯამებაც ელექტრონულად ხდება. აქედან გამომდინარე ტელეარხებს გაცილებით უფრო მალე ეძლევათ საშუალება, ეგზიტპოლების შედეგები წინასწარ მონაცემებს შეადარონ. რადიო თავისუფლების მიმომხილველი ბრაიან უიტმორი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა, მაგალითად, CNN-ის წამყვანები ამბობდნენ, ეგზიტპოლების მონაცემები კი გვაქვს, მაგრამ მათ არ გაგაცნობთ, სანამ ხმების დათვლის წინასწარ მონაცემებს არ ვნახავთო. „მათ უნდათ, ნახონ რეალური ხმის მიცემის მონაცემები, რათა თქვან, დაემთხვა თუ არა ისინი ეგზიტპოლების შედეგებს, და მხოლოდ ამის შემდეგ აცხადებენ, რამდენად ზუსტია ეგზიტ პოლები“, ამბობს უიტმორი.

საქართველოს დღევანდელ არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადება 20 საათისთვის იგეგმება, ანუ მაშინ, როცა სხვა მონაცემები ტელევიზიებს ჯერ არ ექნებათ. „რუსთავი 2“-ზე ეგზიტპოლების მონაცემებს მაყურებელს დავით კიკალიშვილი წარუდგენს. მისი თქმით, საღამოს რვა საათისთვის გამოქვეყნდება მონაცემები ხმების პირველი ერთი მესამედის დათვლის მიხედვით, ხოლო ათი საათისთვის ცნობილი გახდება ეგზიტპოლების სრული მონაცემები.

„რუსთავი 2“-სა და „იმედს“ მონაცემებს მიაწვდის აშშ-ის ავტორიტეტიანი კომპანია „ედისონ რისერჩი“. თავის ვებგვერდზე ედისონ რისერჩი ამბობს, რომ მას რეგიონში მუშაობის გამოცდილება აქვს და იხსენებს აზერბაიჯანში 2005 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, როცა, კომპანიის თქმით, მისი მკვლევრების ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი რთულ რეგიონში მუშაობას. რეგიონის უმთავრეს სირთულედ სოციოლოგები პასუხზე უარის თქმის მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ. სოციოლოგ პაატა ჩახუნაშვილის აზრით, ამის მიზეზი საბჭოეთის პერიოდის გავლენაა, როცა მოქალაქეებში დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობა დაბალი იყო.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევა საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა“, - ამბობს ჩახუნაშვილი. - „მაშინ, როცა ასეთ კვლევას ძალიან დიდი ისტორია აქვს დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში. იმათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ღია საზოგადოებაა. ჩვენ, ალბათ, დრო გვჭირდება.“

„ედისონ რისერჩის“ გარდა, საქართველოში ეგზიტპოლებს ატარებს გერმანიის კომპანია GFK Group-ი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიქირავა და რომლის სამსახური, მაუწყებლისავე მონაცემებით, 86 ათასი დოლარი ჯდება. როგორც ერთი, ისე მეორე კომპანია ეგზიტპოლებს მხოლოდ თბილისში ჩაატარებს. ამის მიზეზად დამკვეთნი საკმარისი სახსრების უქონლობას ასახელებენ.
XS
SM
MD
LG