Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ესპანეთისა და ჰოლანდიის სამხედრო საჭურველსაც უმიზნებს?


გასულ კვირაში რუსეთის მედიაში გაჩნდა სავარაუდო ინფორმაცია, რომ შესაძლოა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მოსკოვმა სამხედრო გემები ჰოლანდიას და ესპანეთსაც შეუკვეთოს. თუმცა იარაღის იმპორტის მოცულობის გაფართოება დიდად არ მოსწონთ რუსეთის თავდაცვითი წარმოების წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება მრავალმილიარდიან შესყიდვებს პოლიტიკური მიზნებისათვის ახორციელებს და საკუთარი სამხედრო მრეწველობის იგნორირებას ახდენს.

რუსეთის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევრო უკვე გამოყოფილია და რუსეთის ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტები შვეულმფრენმზიდ „მისტრალის“ დასაბინავებლად ემზადებიან. მაგრამ, მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის შეთანხმება უმაღლეს დონეზე მიღწეულია და უპრეცედენტო გარიგებას ხელს არაფერი უშლის, „მისტრალიადას“ რუსეთში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. რუსული სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენმზიდის შესყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქვეყნის ძლიერი იარაღის მწარმოებელი კომპანიების „როსტეხნოლოგიის“, გაერთიანებული გემთმშენებლი კორპორაციისა და სამხედრო მრეწველობის სხვადასხვა წარმომადგენლები. რუსეთში გამომავალ ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ვიქტორ ლიტოვკინი ამბობს, რომ იარაღის რუსი მწარმოებლების პრეტენზიები ლეგიტიმურია, თუმცა არსებობს ობიექტური რეალობაც:

„სამხედრო სფეროს საწარმოების წარმომადგენლები დამწუხრებულნი არიან იმით, რომ რუსეთი ამ გემებს საფრანგეთში ყიდულობს. მაგრამ იქ არსებობს პირობა, რომ ერთი ვერტმფრენმზიდი საფრანგეთისაგან მთლიანად იქნება შეძენილი, დანარჩენი სამი კი რუსული ვერსიებით აიგება. პრობლემა კი იმაშია, რომ რუსი გემთმშენებლები ვერ შეძლებენ მოკლე დროში ასეთი ტიპის გემის აშენებას. რუსეთში არ არის შესაბამისი დოკები. ასეთი დოკები დარჩა ნიკოლაევის (უკრაინის) გემთმშენებელ ქარხანაში, ხოლო დოკები, რომლებიც სევერდვინსკშია, დაკავებულია სტრატეგიული წყალქვეშა გემების მშენებლობით. ამიტომ, სად უნდა აშენდეს ეს გემები, ეს კიდევ ერთი დამატებითი შეკითხვაა იმაზე, თუ რა ვუყოთ ამ გემებს.“

ლიტოვკინი განმარტავს, რომ გენერლებიც კი, რომლებიც ხოტბა-დიდებას ასხამდნენ „მისტრალს“ და ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ტიპის გემით გაცილებით უფრო სწრაფად მოახერხებდნენ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ოკუპაციას, ამას კონიუნქტურული მოსაზრებით აკეთებდნენ. ისინი იძულებულნი იყვნენ, საზოგადოების წინაშე გაემართლებინათ მრავალმილიონიანი რუსულ-ფრანგული პოლიტიკური გარიგება, თუმცა სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანმა იცის, რომ არათუ რუსეთის ფლოტის ბრძოლისუნარიანობას ვერ გაზრდის, არამედ მთელი რიგი ნაკლოვანებების გამო „მისტრალს“ რუსულ სინამდვილეში ბორნის ბედი ელოდებაო, -ამბობს ვიქტორ ლიტოვკინი, ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე.

„ჩვენი გენერლები ასეთი გემის ყიდვას ამართლებენ იმით, თითქოს ასეთი ხომალდი დაგვჭირდება ამოცანების გადასაწყვეტად ჩრდილოეთ ფლოტსა და წყნარი ოკეანის ფლოტში, თუმცა გაუგებარია, სად უნდა გადავსხათ იქ დესანტი და რომელ ნაპირზე. ამართლებენ იმითაც, რომ შვეულმფრენმზიდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მართვის გემი სხვადასხვა სახეობის ძალებისათვის. მაგრამ ასევე გაუგებარია, თუ როგორ უნდა იქნეს იგი გამოყენებული სხვადასხვა სახეობის ძალების სამართავად, როდესაც მისი შესყიდვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ისაა, რომ გემის ბორტზე არ იქნება მართვის ის სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ნატოს ალიანსის ანალოგიურ სისტემებს უკავშირდება. ასეთი სისტემების გარეშე კი, მე ვფიქრობ, გემი დაემსგავსება ერთგვარ ბორანს.“

მაგრამ ბორნის ბედი ელის „მისტრალს“ თუ ტივის, ეს საფრანგეთს არ ადარდებს. პარიზისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების შეკვეთა მიეღო რუსეთისგან. პარიზმა და მოსკოვმა ჯერ გამოაცხადეს უპრეცედენტო გარიგების შესახებ, ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი, მიუჭახუნეს ერთმანეთს შამპანურის ჭიქები, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ საქმე ეხება არა მილიარდიან პროექტს, არამედ სულ რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს. თანაც, რუსეთს სურს, რომ მხოლოდ ერთი ფრანგული ვერსიით შექმნილი შვეულმფერნმზიდი შეიძინოს, დანარჩენი სამი კი აიგოს რუსი გემთმშენებლების მონაწილეობით და თან იმ პირობით, რომ უკანაკსნელი შვეულმფრენმზიდი „მაქსიმალურად მხოლოდ რუსეთში აიგება.“

http://lenta.ru/news/2010/05/24/mistral/


ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა 23 მაისს განაცხადა და დასძინა, მსგავსი შვეულმფრენმზიდის შესყიდვაზე რუსეთი კიდევ ორ სახელმწიფოსთან - „ესპანეთსა და ჰოლანდიასთან“ - აწარმოებს მოლაპარაკებასო. დამოუკიდებელი სამხედრო მიმომხილველის ალექსანდრ გოლცის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამით აშკარად მიანიშნა საფრანგეთს, რომ ვაჭრობა „მისტრალზე“ არ დასრულებულა.

„ საუბარი უკვე ეხება მეორე დონის ვაჭრობას. რუსეთს სურს, რომ „მისტრალი“ მაქსიმალურად თავისთვის ხელსაყრელი პირობით შეიძინოს. საკითხი ახლა ასე დგას: რამდენი შვეულმფრენმზიდი აიგება საფრანგეთის ვერსიით, რითაც პარიზია დაინტერესებული, და რამდენი - რუსული ვერსიით. მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის ვაჭრობის ელემენტი. ასე რომ, ვფიქრობ, სერდიუკოვის განცხადებაში ესპანეთისა და ჰოლანდიის ხსენება იმის მცდელობაა, რომ ცოტათი შეამციროს პარტნიორების მოლოდინი.“

შემცირდა თანხის მოცულობა და შემცირდა სავარაუდო „მისტრალის“ კომპლექტაციაც. თებერვლის დასაწყისში საფრანგეთმა განაცხადა, რომ მიჰყიდის შვეულმფრენმზიდს რუსეთს, ოღონდ შეიარაღებისა და რადარების გარეშე. თუმცა „მისტრალი“ უამისოდაც მრისხანე ძალაა. ამ ტიპის შვეულმფრენმზიდი 18.8 მილის სიჩქარეს ავითარებს და ერთდროულად შეუძლია 16 მძიმე და 36 მსუბუქი შვეულმფრენის, ფეხოსანთა ტექნიკის, სადესანტო კატერებისა და 450 ჯარისკაცის გადაყვანა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG