Accessibility links

logo-print

ეგზიტპოლების მიხედვით თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავა ლიდერობს


ტელეკომპანიების "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავას ხმების 60% აქვს, ირაკლი ალასანიას- 17%, გიორგი ჭანტურიას- 10% ზვიად ძიძიგურს - 6% და გოგი თოფაძეს 5%. ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით, რომელიც 72 საარჩევნო უბნიდან მიღებული 12 ათას 900-ზე მეტი კითხვარის მონაცემებს ეყრდნობა, ნაციონალურ მოძრაობას ხმების 59% აქვს, ალიანსს საქართველსოთვის 17%, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 10%, ეროვნულ საბჭოს 7% და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 5%.

პირველი არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავას ხმების 60 პროცენტი აქვს, ირაკლი ალასანიას - 18, გიორგი ჭანტურიას და ზვიად ძიძიგურს 7-7 პროცენტი და გოგი თოფაძეს 4 პროცენტი. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 1 პროცენტის მიღებაც კი ვერ შეძლეს. ამავე ეგზიტპოლით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმების 58 პროცენტი აქვს, ალიანსს საქართველოსთვის 17 , ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას- 18 პროცენტი; "ეროვნულ საბჭოს" 6,9 პროცენტი და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” 4 პროცენტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კომპანია GFK-მ თბილისის 50 უბანზე 5 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო მონიტორინგი" მის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, თბილისის მასშტაბით 100 უბანზე 14 300 ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო ხმების 38.6%, ხოლო "ალიანსმა საქართველოსთვის" 33.41%. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, გამოკითხვის თანახმად, ირაკლი ალასანიამ მიიღო ხმათა 37.6%, ხოლო გიგი უგულავამ – 32.58%.

ეგზიტპოლის მონაცემთა გამოქვეყნებიდან დაახლოებით ნახევარ საათში თბილისის მერის და მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში მივიდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგი საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთხელ გამარჯვებაა, მთავარი მადლობა კი - მრავალეთნიკურ საზოგადოებას ეკუთვნის. ”არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ეგზიტპოლი, ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება, ალღო და ინტუიცია გვეუბნება, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჩვენ და გიგი წარმოვადგენთ, წინა თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნების მსგავსი მხარდაჭერა აქვს” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კვლავ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა აქვს

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG