Accessibility links

logo-print

არჩევნები, რომელიც შედგა, მაგრამ დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია


”არჩევნები შედგა, მაგრამ მას დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია. წინგადადგმული ნაბიჯი მისი სამართლიანად ჩატარების გზაზე გადაიდგა, მაგრამ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც ბოლომდე თავისუფალს და გამჭვირვალეს, ვერ შევაფასებთ” - ასეთია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პირველადი დასკვნა. საბოლოო შეფასებას ყველა ასეთი დამკვირვებელი ორგანიზაცია მას შემდეგ გააკეთებს, რაც მათი საჩივრების განხილვა დასრულდება.

ზეწოლა დამკვირვებლებზე, განუკითხაობა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთის დაზიანება კომისიის თავმჯდომარეების მიერ, პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის ფაქტები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საარჩევნო დარღვევებისა, რომელთა ნუსხას არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ახლაც ამზადებენ. მზადდება მათი საჩივრებიც, რომლითაც ისინი ზოგიერთი საარჩევნო უბნის შედეგების მთლიანად ბათილად ცნობას ითხოვენ. არჩევნების მეორე დღეს, 31 მაისს, გაკეთებული პირველადი დასკვნები კი ზომიერად მძაფრია.

თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
”ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად ჩვენ მიგვაჩნია ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგიტიმური ჰგონია. ვგულისხმობ იმას, რომ მათი აქტივისტები უბნებზე აღრიცხავდნენ უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობას თავიანთ საარჩევნო სიებში. ვფიქრობ, ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის თავისუფლება იზღუდებოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან განსხვავებით, საოლქო და საუბნო კომისიების წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ დამკვირვებლების მიმართ. მაგალითად, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს ერთ დამკვირვებელს ბათუმში, თბილისში კი რამდენიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აქტიურები იყვნენ, კომისიის წევრები უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ”, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი.

საია, რომელიც არჩევნებს, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც აკვირდებოდა, აცხადებს, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, თუმცა საბოლოო დასკვნას ორგანიზაცია მათ მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის შემდეგ გააკეთებს.

კიდევ ერთი ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ - 1100 დამკვირვებელი 73-ვე ოლქში აღნუსხავდა საარჩევნო დარღვევებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარების ნებაზე ლაპარაკობს. თუმცა საჩივრები სხვადასხვა დარღვევაზე მათაც ექნებათ, მაგრამ, როგორც ეკა სირაძე-დელონე ამობს, ეს დარღვევები არ ყოფილა მასშტაბური ხასიათის:

ეკა სირაძე-დელონე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი.
”ადამიანის უფლებათა ცენტრი” არჩევნებს აკვირდებოდა კახეთსა და სამეგრელოში. ორგანიზაციის აღმსრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ის, რაც მან საკუთარი თვალით ნახა საგარეჯოს მე-11 ოლქში, ყველაფრი იყო, არჩევნების გარდა:

” საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ ე.წ. ”კარუსელს”, კომისიის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შემოეხაზათ ნომერი ”ბეშ”, რაც ხუთს ნიშნავს, კარგად ვიცით, აზერბაიჯანულად. არასრულწლოვანები აძლევდნენ ხმას და ასეთი ფაქტები ხშირი იყო. 47-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ექვსი ბიულეტენი დახია მას შემდეგ, რაც მე აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი მოქალაქე სხვის ნაცვლად ყრიდა ამ ბიულეტენებს.”

და რაც საინტერესოა, ნანუაშვილის თქმით, დაახლოებით საათიდან ორ საათამდე ბრძოლა სჭირდებოდათ მათ საჩივრების ჩაბარებაზე. ვითარებას აღნიშნულ რეგიონში ისიც ართულებდა, რომ უბანზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უმცირესობაში იყო. სხვათა შორის, საგარეჯოს რაიონის კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში არჩევნების გაუქმებას მოითხოვს "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელი მიხეილ დევდარინიც.

საჩივრის ჩაბარების პრობლემა ცენტრის მეორე სადამკვირვებლო ჯგუფს სამეგრელოშიც შეექმნა. ზუგდიდში, ხობსა და სენაკში მუშაობდა, მაგალითად, თეა თოფურია, რომელიც ასეთი დარღვევების მომსწრე გახდა:

აფხაზეთის საზღვართან მდებარე უბნები, როგორც წესი, რთული სამართავია და ხშირად იქმნება ხოლმე რთული ვითარება. ასე იყო წელსაც. განმუხურში, მაგალითად, ყველა დარღვევა დაფიქსირდა: ატარებდნენ ხალხს უპასპორტოდ, არ სთხოვდნენ მათ არც პირადობას, არც დევნილის მოწმობას.

თეა ამბობს, რომ განმუხურის 38-ე უბანში კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთები დაამტვრია:

”მან დაამტვრია ორივე საარჩევნო ყუთი, ერთმანეთში აურია ბიულეტენები. არც ერთი საჭირო პროცედურა იქ არ ჩატარებულა, ნახევარი საათის განმავლობაში იყო კივილ-წივილი - ვინ გადიოდა, ვინ შემოდიოდა. უბნის დახურვის შემდეგ ასეთივე ვითარება იყო. მოდიოდნენ გამგეობის წარმომადგენლები, გაჰყავდათ კომისიის თავმჯდომარე, რაღაცას ეჩურჩულებოდნენ და ა.შ...”

არასამთავრობო ორგანიზაციები კი საკუთარ რეკომენდაციებში მიუთითებენ, რომ საჭიროა კვლავ დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის ხარვეზებიც 30 მაისს ისევ გამოჩნდა. გაგრძელდეს მუშაობა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაწმენდაზე, გაიზარდოს ამომრჩეველთა განათლების დონე და გაიზარდოს არჩევნების დანიშვნის ბოლო ვადა და, რაც მთავარია, ამაღლდეს ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაცია.
XS
SM
MD
LG