Accessibility links

logo-print

ერთი წინგადადგმული ნაბიჯი - დარჩენილი ხარვეზების პარალელურად


ოდრი გლოვერი, ეუთოს სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი

ოდრი გლოვერი, ეუთოს სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი

ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლები არჩევნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ წინასწარ დასკვნას აქვეყნებენ. ამ დასკვნის მიხედვით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეუთოსა და ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ, აშკარა პროგრესით აღინიშნა, თუმცა კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები.

საათსა და 10 წუთს გაგრძელდა „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია. და თუკი ერთ საათსა და 10 წუთს სულ რამდენიმე წამამდე დავიყვანთ და თუკი თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს საარჩევნო გზავნილსაც დავესესხებით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაში, რომელიც 24 გვერდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნები ორგანიზებული იყო გამჭვირვალედ, ყოვლისმომცველად და პროფესიონალურად, თუმცა არჩევნების დღეს ზოგიერთ რეგიონში მთელი რიგი დარღვევები მაინც დაფიქსირდა.

როგორც ეუთოს სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ოდრი გლოვერი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობდა პრობლემების გადაჭრას, და მიუხედავად იმისა, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი ზოგადად ადეკვატურია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის, კვლავაც რჩება გარკვეული რაოდენობის მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის - არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და საარჩევნო სისტემა, რომელიც თანასწორობას არ უზრუნველყოფს. ინფორმაციისათვის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის 250 წარმომადგენელი საქართველოში აპრილის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში საარჩევნო პროცესს თვალყურს ადევნებდა:

”არჩევნებზე დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია განვაცხადოთ,რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯია ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის ვალდებულებების მიმართულებით. თუმცა ჩვენ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დარჩა ხარვეზები, რომლებიც აუცილებელ გამოსწორებას საჭიროებს”, - აცხადებს ოდრი გლოვერი.

მისი თქმით, დარღვევები, ძირითადად, ეხება საკანონმდებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, საარჩევნო კამპანიისათვის ჩასატარებელ იმ არათანაბარ პირობებს, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქვე გასათვალისწინებელია ის დებულებები, რომლებიც გარკვეული საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებითვე, არჩევნების დღეს დამკვირვებლებმა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს. გარდა ამისა, მათ თავიანთ წინასწარ ანგარიშში ხმების დათვლისას პროცედურული დარღვევების არაერთი შემთხვევაც მონიშნეს. მათი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ხმის დათვლის პროცედურა ხუთიდან ერთ შემთხვევაში შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, იქვე განაცხადა, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა არჩევნების მსვლელობის პროცესში, რაც არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის დაქვეითებას უწყობს ხელს:

”მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა დამკვირვებლებმა როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ასევე შენობების გარეთ შენიშნეს გარკვეული ინციდენტები, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა გართულებული და გაუგებარი ხმის დათვლის პროცედურებით, ამომრჩეველთა მობილიზაციის საეჭვო პროცესით და ასევე გარკვეულ უბნებზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების დასწრებით. მინდა ვთქვა, რომ ასეთმა შემთხვევებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას და ჩრდილქვეშ დააყენოს რეალურად არსებული პროგრესი”, - ამბობს გაუნტერ კრუგი.

კონგრესის დელეგაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, შარონ ტაილორი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ახალგაზრდების, ქალებისა და ეროვნული უმცირესობების ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას და მათთან დაკავშირებით ის კონკრეტულ იმედსაც გამოთქვამს:

”რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას და ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ამ მიმართულებით სიტუაცია გამოსწორდება, საარჩევნო პროცესის ძალიან ბევრი უბრალო მონაწილე კანდიდატობასაც გადაწყვეტს.”

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ არჩევნებში მედიის როლზე და აცხადებენ, რომ საქართველოში მრავალფეროვანი მედიაგარემოა, თუმცა, ამასთანავე, ბევრი მათგანი მფლობელის ძლიერ ზეგავლენას განიცდის, განსაკუთებით იმ ბრალდებების ფონზე, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთი სახელმწიფო ოფიციალური პირი ირიბად არის დაკავშირებული ზოგიერთ ადგილობრივ მაუწყებელთან.

როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, საბოლოო ანგარიშს ისინი 8 კვირაში გამოაქვეყნებენ, სადაც ხელისუფლებას არაერთ რეკომენდაციას მისცემენ, რომლებიც საქართველოში პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე იქნება ორიენტირებული.
XS
SM
MD
LG