Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებს შეფასებას აძლევენ


გიგი უგულავა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე
გიგი უგულავა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით დიდი უპირატესობით ლიდერობს. პროპორციული სისტემით, მაგალითად, ამ დროისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი 62, 35 პროცენტს უტოლდება, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე გასული „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მხოლოდ 11, 9 პროცენტს ფლობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უპირობო ლიდერია მაჟორიტარული წესით არჩევნებისა და თბილისის მერის არჩევნების შედეგებითაც. საბოლოო მონაცემებით, თბილისის მერის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიგი უგულავამ 55,23 პროცენტი დააგროვა, ”ალიანსი საქართველოსთვის” კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ 19,05, ხოლო ქრისტიან-დემოკრატთა წევრმა გიორგი ჭანტურიამ 10,7. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტია, რომელიც არჩევნების შედეგებით კმაყოფილებას გამოხატავს.

გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი
არჩევნების შედეგები, აღნიშნა პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ, ეიფორიის საფუძველს არ იძლევა, თუმცა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ საბოლოოდ შედგა როგორც პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გუნდი:
” თუკი რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია მყარი საფუძველი წარმატებაზე საუბრისა, ეს ვართ ჩვენ, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომლებმაც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოპოზიციურ ფლანგზე ავიღეთ მყარი პირველი ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა თვითმმართველ ქალაქსა და რეგიონში, ფაქტობრივად, გვაქვს მეორე ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი შედეგი საქართველოს დედაქალაქში და გაორმაგებული ენერგიით შევუტევთ იმ მანკიერ მხარეებს დღევანდელი ქართული ხელისუფლების მოქმედებებისა, რომელიც იყო მიუღებელი და არის მიუღებელი.”

ქრისტიან-დემოკრატები ფიქრობენ, რომ მათი წევრების უკომპრომისობა გამოჩნდება ყველა საკრებულოში, სადაც ისინი მანდატს მოიპოვებენ. რაც შეეხება დედაქალაქს, ქრისტიან-დემოკრატთა პროპორციული სიის პირველი ნომერი ინგა გრიგოლია ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციის რიგებიდან გაიხსნება მწვავე პოლიტიკური ფრონტი, რომლის ფლაგმანი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იქნება. ოპოზიციისგან განსხვავებით, დაპირისპირების ნაცვლად, თანამშრომლობაზე აკეთებს აქცენტს გამარჯვებული ”ნაციონალური მოძრაობა.” მისმა კანდიდატმა თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავამ 30 მაისს, ეგზიტ პოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, განაცხადა, რომ მზად არის თბილისის მერის პოსტზე დანარჩენ კანდიდატებს შეხვდეს და მათი წინასაარჩევნო პროგრამები განიხილოს. სხვა მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნებულა, „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის გიგი უგულავა, გამარჯვებას ზეიმობს:

”ეს გამარჯვებაა, რადგანაც პირველად საქართველოს ისტორიაში ჩატარდა დედაქალაქის მერის პირდაპირი არჩევნები, პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა კანდიდატთა დებატები პირდაპირ ეთერში. გამარჯვებაა, რადგან ჩვენ ყველა ერთად მთელი მსოფლიოს თვალწინ შევეცადეთ ჩაგვეტარებინა პატიოსანი და დემოკრატიული არჩევნები.”

გიგი უგულავას მოსაზრებას პატიოსანი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ კატეგორიულად ემიჯნება ”ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური, რომლის წინასწარი შედეგები საშუალოდ 8-9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. 8 პროცენტის ფარგლებშია, საქართველოს მასშტაბით, ”ეროვნული საბჭოს” პროპორციული არჩევნების შედეგებიც.

ზვიად ძიძიგური ”ეროვნული საბჭოს” ყრილობაზე
”ამომრჩეველზე ზეწოლა იყო ფაქტობრივად, ოღონდ სხვა ფორმით. არჩევნები არ გაყალბებულა შიგნით, კენჭისყრის ოთახში, მაგრამ გაყალბდა შენობაში შესვლამდე. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ყველანი აფიქსირებდნენ, რომ არჩევნები ჩატარდა პრაქტიკულად ტოტალური ზეწოლის პირობებში ამომრჩეველზე. ვფიქრობ, რომ ამის კონტრზომებიც უნდა იქნეს მოფიქრებული. და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ვადამდელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად.”

ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ”ეროვნული საბჭო”, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ, ბრძოლის ქუჩიდან გაგრძელებას აპირებს. ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთვის” კი ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაჯამებული შედეგების საკუთარ შედეგებთან შედარებაა.

” ყველა უბნის ოქმები მოვა, შემოდის. მოვუსმენ ჩემს ხალხს, განიხილავენ ჩვენს საჩივრებს, რომლებიც უბნებზე გვაქვს შეტანილი, და პასუხების შემდეგ ვიტყვი, რამდენად ობიექტური იყო ყველაფერი. ეს იქნება დაახლოებით 2-3 დღეში”, - გვითხრა მრეწველთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ. პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ლიდერთა ხუთეულში მოხვდა.

ირაკლი ალასანია, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი
ამავე ხუთეულში, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს ”ალიანსი საქართველოსთვის”, რომელსაც, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოში 5 ადგილი ერგება. „ალიანსი“ უკეთესის მოლოდინში იყო, თუმცა, როგორც მისი ლიდერი ირაკლი ალასანია აღნიშნავს, არჩევნებმა საქართველოში ახალი პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი, თავად „ალიანსი“ კი უალტერნატივო, მთავარ პოლიტიკურ ძალად გამოკვეთა:

”სწორედ ამიტომაც მე ვარ კიდევ უფრო მოტივირებული, რომ ერთად ჩვენ დავიწყებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც, ერთად ჩვენ დავამკვირდებთ სამართლიანობასაც საზოგადოებაში და, რაც მთავარია, ჩვენი სახელმწიფო გახდება ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო დემოკრატიული და ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში”, -

განაცხადა 31 მაისს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და გიგი უგულავას მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების აღსრულება უსურვა.
XS
SM
MD
LG