Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი: სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში წარმომადგენლების პოსტების გაუქმება შეცდომა იქნებოდა


„დიდი საგარეოპოლიტიკური შეცდომა“, რომელიც „რუსეთისთვის კარგ ამბავს წარმოადგენს“ - ასე შეაფასა ცნობა სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლების პოსტების შესაძლო გაუქმების თაობაზე ევროპარლამენტარმა, ევროკავშირისა და მოლდავეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციის წევრმა, ტრაიან უნგურეანუმ. “ორივე ადგილი უშუალოდაა დაკავშირებული რუსეთის ინტერესებთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან“ - უთხრა უნგურეანუმ ჩვენს რადიოს და დასძინა - ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობა, როგორც ასეთი, არ უქმდება. მხოლოდ ორ შემთხვევაში გააუქმეს - და ეს ორივე შემთხვევა, მოლდავეთიც და სამხრეთ კავკასიაც, ძალიან საფრთხილოა.” როგორც იუწყებიან, სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლების პოსტების გაუქმების გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა მიიღო. ძალაში შესვლისთვის ინიციატივა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს. დამტკიცების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის საქმეებზე საშუალო რანგის მოხელე იმუშავებს, რომელსაც ბრიუსელში ექნება ბინა. ეს კი, ბევრის აზრით, ევროკავშირისა და რეგიონის ურთიერთობაში ინტენსივობას მნიშვნელოვნად დასცემს. როგორც იუწყებიან, ეს ამბავი მოულოდნელი იყო თავად საგანგებო წარმომადგენლებისთვის, პეტერ სემნებისა და კალმან მისეისთვის.
XS
SM
MD
LG