Accessibility links

logo-print

ჰუმანიტარული ტვირთის ფლოტილიაზე ისრაელის შეტევას ათი ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, ათი ადამიანის სიკვდილით დასრულდა ისრაელის არმიის თავდასხმა ფლოტილიაზე, რომელიც შეეცადა ღაზის სექტორისთვის ოთხი წლის წინ დაწესებული ბლოკადა გაერღვია და იქ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანა. დახოცილები პროპალესტინელი აქტივისტები არიან. ინფორმაცია მომხდარზე ურთიერთგამომრიცხავია. ერთი ცნობით, გემებზე ისრაელის ჯარისკაცების გადასხმის შემდეგ მათსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის ორგანიზატორები იუწყებიან, რომ აქტივისტებს იარაღი არ ჰქონიათ, ისრაელის არმია ამტკიცებს, რომ გემებზე მყოფთ თოფები, დანები და ნაჯახები ჰქონდათ.

ისრაელის არმიამ ორშაბათს გაავრცელა ცნობა, რომ შეასრულა თავისი მუქარა და შეაჩერა ექვსგემიანი ბადრაგი, რომელიც ღაზისკენ მიემართებოდა, რათა იქ პალესტინელთათვის 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანა. შვეულმფრენებიდან საგანგებო რაზმი ზღვაზევე გადასხდა ფლოტილიის მთავარ გემზე და ძალის გამოყენებით შეაჩერა მისი სვლა კვიპროსიდან ღაზამდე. ორივე მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს მომხდარის, იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მსხვერპლი. აქციის მთავარმა ორგანიზატორმა - „თავისუფალი ღაზის მოძრაობამ“ - განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა სროლა დაუწყეს მძინარე მგზავრებს, დადგეს თუ არა ფეხი გემზე. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ავიტალ ლაიბოვიჩმა სხვა ვერსიაზე ილაპარაკა:

„სამწუხაროდ, მგზავრებმა მიმართეს ძალადობას სხვადასხვა სახით ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ. ფაქტობრივად, შეეცადნენ ჩვენი ჯარისკაცების იქვე დასჯას. და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.“

თავდაცვის მინისტრმა იეჰუდ ბარაკმა მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ჰუმანიტარული აქციის ორგანიზატორებს, როცა დაშავებულების გამო სინანული გამოხატა.

ისრაელი ასევე აცხადებს, რომ ჯარისკაცებს ესროლეს და დანებით და ნაჯახებით დახვდნენ და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ესროლეს დამხვდურებს საპასუხოდ.

ითქვა, რომ მოკლულია, სულ მცირე, ათი აქტივისტი, დაშავებულთა რიცხვი საბოლოოდ არ არის ცნობილი. თურქული საქველმოქმედო ორგანიზაციის თქმით, დახოცილების უმეტესობა თურქეთის მოქალაქეები არიან. სულ გემებზე მყოფი 600 აქტივისტიდან 400 თურქეთის მოქალაქე იყო. ინციდენტმა დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია ისრაელსა და თურქეთს შორის. თურქეთმა დაუშვებელი უწოდა ისრაელის არმიის ქმედებას და გააფრთხილა ისრაელი, რომ ამგვარ ნაბიჯებს საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა. ანკარამ მიიხმო ისრაელის ელჩი და ისრაელიდან გამოიწვია თავისი წარმომადგენელი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სალიმ იენელმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ თავდასხმა გემებზე მოხდა საერთაშორისო წყლებში, რაც საერთაშორისო სამართლის ძლიერი დარღვევაა. „ჩვენ ისრაელის ელჩი მოვიხმეთ და განვუცხადეთ, რომ ბადრაგი მოძრაობდა საერთაშორისო წყლებში და მხოლოდ საერთაშორისო ტვირთი გადაჰქონდა. ეს იყო მშვიდობიანი აქტი და, ამდენად, მომხდარი სრულიად მიუღებელია“, თქვა მან.

თურქეთმა საგანგებო შეხვედრაზე მიიწვია უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები. სტამბოლში გაძლიერდა ისრაელის საკონსულოს დაცვა, როცა მას აღშფოთებული ადამიანების დიდმა ჯგუფმა შეუტია. და კიდევ ერთი: თურქეთმა ამ ინციდენტის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვა მოსთხოვა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იეჰუდ ბარაკმა თქვა, რომ ისრაელმა მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს მგზავრობის დაწყების წინ და მისი მიმდინარეობისას, შესულიყვნენ ნავსადგურ აშდოდში და ტვირთი გადაეტანათ ღაზაში მისი შემოწმების შემდეგ. მაგრამ, თქვა ბარაკმა, ამ მოწოდებას უარყოფითად შეხვდნენ.

ბარაკის მოადგილემ დანი აიალონმა თქვა, რომ ჰამასის ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერით მოქმედი სიძულვილისა და ძალადობის არმიის პროვოკაცია წინასწარ განზრახული იყო. მისივე თქმით, ორგანიზატორები ალ ყაიდასა და ჰამასთან არიან კავშირში. მან გაამართლა ღაზის სექტორის ოთხწლიანი ბლოკადა. ჰამასის რეაქცია შესაბამისი იყო. ორგანიზაციის წარმომადგენელმა აბუ ზუჰრიმ რეიტერთან საუბარში ისრაელის ქმედებას დანაშაული უწოდა.

პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიაა პასუხისმგებელი, როგორც მან უწოდა, ამ „ჟლეტისთვის“. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაგმო ისრაელის თავდასხმა და თქვა, რომ ამით ისრაელი „თავის აღსასრულს ისე მიუახლოვდა, როგორც არასდროს“. გერმანიამ და საფრანგეთმა შეშფოთება გამოხატეს მომხდარის გამო, მაშინ როცა გაერომ ამ ძალადობას შემაძრწუნებელი უწოდა.

საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერმა კეტრინ ეშტონმა ისრაელს მომხდარის სრული გამოძიება მოსთხოვა.

დაბოლოს: ეს სისხლიანი ინციდენტი მოხდა პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს ვაშინგტონში შეხვედრის წინ.
XS
SM
MD
LG