Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 მაისი 2010

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი პრესა, ბუნებრივია, მთლიანად არჩევნების შედეგების შეჯამებას ეძღვნება. დავიწყოთ ”რეზონანსით”, რომელმაც დღევანდელი მოწინავე სტატია ასე დაასათაურა: ”უგულავამ იგულავა”. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს არჩევნებისას გამოვლენილ დარღვევებს, ძირითადად - რეგიონებში. ერთ-ერთ სტატიას ასეც ჰქვია: „სამარცხვინო არჩევნები რეგიონებში“. ”რეზონანსი” რეგიონებში - მეტწილად, კახეთში - შემდეგი ტიპის დარღვევებზე წერს: ”იყო კენჭისყრის ოთახში არაუფლებამოსილი პირების შესვლის, ერთი პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის, კარუსელის, საარჩევნო ყუთის გატეხის, მარკირების წესების დარღვევის, ამომრჩევლების დაშინების და საარჩევნო კანონის დარღვევის სხვა ფაქტებიო“... და იქვე ამატებს: ”დარღვევათა ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა, ნაწილი კი დამკვირვებლებმა განცხადებით გაასაჩივრესო”.
”რეზონანსი” კახეთში აღმოჩენილ დარღვევებს მეორე პუბლიკაციასაც უძღვნის, რომლის სათაურიცაა ”აზერბაიჯანულ სოფლებში ისევ ”ბეშ-ბეში” ისმოდა“. ქვესათაურია: ”დამკვირვებელი ქალბატონი მამშვიდებდა, მაინც ყველამ იცის, რომ 5-ს უნდა მისცეს ხმა და ტყუილად რატომ იშლი ნერვებსო.”

”ვერსია” მოწინავე სტატიის სათაურშივე იძლევა არჩევნების შეფსებას. სათაური კი ასეთია: ”ოცნებების სასაფლაო”. ”30 მაისს კიდევ ერთი ოცნება დასამარდა - ოცნება დემოკრატიული საზოგადოების, ძლიერი ოპოზიციისა და ოპოზიციური თბილისის მერის არჩევის შესახებ” - ასე იწყება სტატია. ავტორი კიდევ ასეთ რამეს წერს: ”არჩევნების პირველი ემოციის დონეზე შეფასებისას გოგა ხაინდრავას არცთუ კორექტულ გამოთქმას გავიხსენებ, ”თბილისელებმა” ამის გამო ლამის ბოდიში რომ მოახდევინეს. ეტყობა, ეწყინათ პროცესზე რომ წაასწრეს?” - წერს ”ვერსია”.

ყველაზე დაწვრილებით არჩევნების მიმდინარეობას დღეს ”კვირის ქრონიკა” აღწერს. გაზეთი აქვეყნებს ვრცელ რეპორტაჟებს სხვადასხვა პარტიების საარჩევნო შტაბებიდან, რომლებიც სავსეა ადგილზე მოსმენილი ჭორ-მართლით და ავტორების ერთგვარი ცნობიერების ნაკადით. აი, მაგალითად, ნაწყვეტი ნაციონალების საარჩევნო შტაბის რეპორტაჟიდან: ”გიორგი ბარამიძე დავინახე და მერაბიშვილის ბიჭებს ამოვეფარე. ბარამიძეს ყველა მასზე დაწერილი სტატია აღიზიანებს. მის დანახვაზე მისი გარემოცვის ერთი ახლობლის სახე წარმომიდგა, რომელიც ამბობდა, ბარამიძეს ერთი სული ქვს, რამე შეიცვალოს, ამ სააკაშვილის ხუშტურების ატანა აღარ შეუძლიაო. რას არ გაიგებ კაცი თბილისში. ხო, უხუცესი დეპუტატი ირაკლი კენჭოშვილი შემოდის ვარდისფერი პერანგით. მიშასაც უყვარს ვარდისფერი”. ვრცელი ნაწყვეტი გამოვიდა. შეგახსენებთ, ეს „კვირის ქრონიკის“ სპეციალური საარჩევნო ნომერი გახლავთ.

”კვირის პალიტრა” თავიანთ პოსტსაარჩევნო სტატიებს ერთ სახელს არქმევს: ”არჩევანის გარჩევანი”. ექსპერტების შეფასებებია, ძირითადად. რამაზ საყვარელიძემ გაზეთს უთხრა: შესაძლოა უნებლიეთ, თვითონ ოპოზიციაში იყო ჩამქრალი მოტივაცია ხელისუფლებაში მოსვლისაო. ფსიქოლოგი შოთა ნადირაშვილი კი წინასწარმეტყველებს: ”მმართველი პარტია უფრო ჭრელი გახდება და დაიყოფაო”.

”ასავალ-დასავალი” ოპოზიციას აკრიტიკებს, მათივე სიტყვებით, პრეზიდენტის თამაშში მონაწილეობის მიღებისათვის. ”ეს თამაში კიდევ ერთხელ დასრულდა ისე, როგორც აქამდე სრულდებოდაო”, - წერს გაზეთი.

ბოლოს „პრაიმ-ტაიმზეც“ გეტყვით. გაზეთი დღეს მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტის პირველი შეკითხვაა: ”ხშირად ჩანხართ თხილამურებზე, ველოსიპედით, ფორმით. მართლა ასეთი სპორტული ხართ თუ შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ?” პრეზიდენტი უპასუხებს: ”ახლა მართლაც ძალიან სპორტული ვარ და ძალიან მიყვარს სპორტიო”. ინტერვიუს სრულად ”პრაიმ-ტაიმში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG