Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს ისრაელის მოქმედება


გაეროს უშიშროების საბჭომ, ისრაელის საკითხზე დახურული სხდომა გამართა
გაეროს უშიშროების საბჭომ, ისრაელის საკითხზე დახურული სხდომა გამართა
გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ კარს მიღმა 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიიღო ოფიციალური განცხადება ისრაელის მიერ ღაზის სექტორისკენ ჰუმანიტარული მისიით მიმავალ ფლოტილიაზე სამხედრო რეიდის განხორციელების გამო. უშიშროების საბჭო გმობს ისრაელის მოქმედებას, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი გამოიწვია. გაერო ”მიუკერძოებელი” და ”გამჭვირვალე გამოძიების” მოწოდებით გამოდის. უშიშროების საბჭოს განცხადება მის 15 წევრთან არის შეთანხმებული. ის გაცილებით სუსტია, ვიდრე პალესტინელებს, არაბებსა და თურქეთს სურდა. ისინი ისრაელის მოქმედების ”უმკაცრესი ტერმინებით” დაგმობასა და ”დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას” ითხოვდნენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებამდე, საბჭოს 15-მა წევრმა კომენტარები გაავრცელეს. თითქმის ყველა მათგანმა დაგმო ისრაელის მოქმედება, რასაც მინიმუმ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალ გრანტმა საგანგებო სხდომამდე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში შეღწევაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი ბლოკადის მოხსნისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას უჭერენ მხარს. ჩინეთმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ფლოტილიაზე და გაეროს უშიშროების საბჭოს ”სწრაფი რეაქციისკენ” მოუწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ”ისრაელის მოქმედება საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა”. აშშ-ს კონკრეტულად ბლოკადის დასრულება არ მოუთხოვია, მაგრამ მიანიშნა, რომ ის უნდა შემსუბუქდეს მაინც.

თურქეთის მოთხოვნით, დღეს ნატოს საგანგებო მოლაპარაკებები გაიმართება. ის ისრაელის მიერ ჰუმანიტარული მისიისთ ღაზის სექტორისკენ მიმავალ ფლოტილიაზე სამხედრო რეიდის განხორციელებას უკავშირდება. ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო ”ღრმად შეშფოთებულია” საერთაშორისო წყლებში მომხდარით, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელ მოლაპარაკებებში ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩი მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG