Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ ფულს ისევ ბროვცევი გააკონტროლებს


რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ედუარდ კოკოითის და ვადიმ ბროვცევს შეხვდა
რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ედუარდ კოკოითის და ვადიმ ბროვცევს შეხვდა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელები კოკოითი და ბროვცევი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლიდან დღემდე რუსეთმა დე ფაქტო რესპუბლიკას რეაბილიტაციისა და ეკონომიკის განვითარებისთვის დაახლოებით 26 მილიარდი რუბლი გამოუყო. 2010 წელს კრემლი ცხინვალს 6 მილიარდამდე რუბლით დაეხმარება. როგორც ცნობილია, რუსული ფინანსური დახმარება ცხინვალში მუდმივი მითქმა-მოთქმისა და კონფლიქტის მიზეზია.

აგვისტოს ომიდან დღემდე მრავალი ოჯახი ისევ კარვებში ცხოვრობს და ბინის რეაბილიტაციის დაწყებას ელოდება. კოკითის გუნდი რუსეთიდან ჩასულ მოხელეებს კორუფციასა და ფინანსების მითვისებაში ადანაშაულებს, ბროვცევის გუნდი კი, პირიქით, ხელისუფლებაში მყოფ კოკოითის მეგობრებს უყენებს ბრალდებას უმოქმედობასა და რუსული ფულის ქურდობაში.

მოსკოვის შეხვედრამდე ცხინვალში ახალგორის ლუდის ქარხნის - „ალუტონის“ - სამი თანამშრომელი სახელმწიფო ფინანსების მითვისების ბრალდებით დააკავეს - ეს ადამიანები დე ფაქტო რესპუბლიკაში პრემიერმა ბროვცევმა ჩაიყვანა. გენერალური პროკურატურა მათი დაკავებით ბროვცევზე გასვლას ცდილობდა, მაგრამ ბროვცევმა და მისმა თანამოაზრეებმა კოკოითზე ზეწოლა მოსკოვიდან დაიწყეს.

ბროვცევის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტოს „ერსეოინფორმის“ ცნობით, მოსკოვში, სამხრეთ ოსეთის საელჩოსთან, „ალუტონის“ თანამშრომლების გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია მოეწყო. საელჩოსთან გაჩნდა წარწერები: „ხუგაევს რუსები ეზიზღება“ და „ხუგათა ფანდარასტ“, რაც თარგმანში „ხუგაევო, გზა მშვიდობისას“ ნიშნავს. თეიმურაზ ხუგაევი დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორია. იგი კოკოითის ძმის ცოლისძმაა და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, კოკოითი საპრეზიდენტო მემკვიდრედ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ხუგაევს ამზადებს, ამ დროს კი მოსკოვში მის, როგორც ანტირუსულად განწყობილი პიროვნების, წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იწყება. ბროვცევის გუნდმა პრესკონფერენციებითა და აქციებით რუსული მედიის ყურადღება მიიქცია, ხუგაევმა კი კოკოითის პუტინთან გამგზავრებამდე რუსეთის დაკავებული მოქალაქეები რესპუბლიკიდან გაუსვლელობის ხელწერილით ციხიდან გაუშვა.

ოსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კოკოითიმ კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლო. ოსი უფლებადამცველის რუსლან მაყაევის აზრით, პუტინმა კოკოითს ღიად უთხრა, რომ რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკას ეხმარება და საქმე უნდა გაკეთდეს. მაყაევის თქმით, პუტინმა ბროვცევს დაუჭირა მხარი.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ სანაკოევის აზრით, ცხინვალში კონფლიქტი რუსული ფულის გაყოფის გამო ხდება: კოკოითი ვერ ითმენს, რომ შემოსული ფული რუსი მოხელეების ხელშია და ცდილობს ეს მოხელეები თავიდან მოიშოროს, თუმცა არაფერი გამოსდის.

ექსპერტების აზრით, კოკოითის და ბროვცევის პუტინთან შეხვედრით საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსულ ფინანსებს ბროვცევის გუნდი გააკონტროლებს, კოკოითის კი მიანიშნეს, რომ ამის გამო პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG