Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ თანხმდება გიგი უგულავას შეთავაზებას?


თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა გიგი უგულავამ არჩევნების დღესვე, ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის მერობის დამარცხებულ კანდიდატებთან ითანამშრომლოს და მათ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში წარმოდგენილი პროგრამები განიხილოს. ვინ არის მზად მიიღოს მერობის გამარჯვებული კანდიდატის ეს შეთავაზება და რატომ?

პოლიტოლოგების დაკვირვებით, საქართველოში არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ და დამარცხებულ კანდიდატებს შორის თანამშრომლობის მაგალითი თითქმის არ არსებობს. ამ თვალსაზრისით, გიგი უგულავას ინიციატივა სიახლეა. აი, რას ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამ საკითხზე :

”თანამშრომლობა ქართულ პოლიტიკაში იშვიათობაა და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობდნენ, რომ მას თანამშრომლობის უნარი არ აქვს და თუ ეს ნაბიჯი გადადგა გიგი უგულავამ, გამოვა, რომ მან თავისი პოლიტიკური პარტიის ცუდ ტრადიციებსაც უღალატა და რადგან ის არჩეული მერია, ალბათ, გადადგამს ამ ნაბიჯს, ვინაიდან ის ნაკლებად იქნება მიჯაჭვული საკუთარი პოლიტიკური პარტიის გემოვნებაზე.”

რამაზ საყვარელიძე იმასაც ამბობს, რომ უგულავა ამ განცხადებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბების გზას დაადგა. თუმცა იმასაც არ გამორიცხავს, რომ მისი შეთავაზება მაინც სიტყვის მასალა უფრო იყოს, რომელიც მან გამარჯვებულის ტრიბუნიდან გააკეთა.

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, უგულავას მიერ დასახელებული სამივე კანდიდატი - გოგი თოფაძე, გიორგი ჭანტურია და ირაკლი ალასანია - მზად არის ეს თანამშრომლობა მიიღოს. თითოეული მათგანის წინასაარჩვენო პროგრამიდან უგულავამ თავისთვის საინტერესო პუნქტები გამოყო:

”ბატონ ირაკლი ალასანიას ჰქონდა საინტერესო მოსაზრებები ჯანდაცვაზე, ბატონ გოგი თოფაძეს - საწარმოების ამუშავებაზე, ბატონ ჭანტურიას ჰქონდა მოსაზრებები კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებაზე. მზად ვარ მათ შევხვდე, მათი სურვილის შემთხვევაში, და ინდივიდუალურად დავილაპარაკო ყველა ამ საკითხზე.”

გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ გამარჯვებულ მერს საკუთარ იდეებს პი-არ-ისთვის არ გამოაყენებინებს, თუმცა მზად არის ყველა მოსაზრება გაუზიაროს:

”მივესალმები გიგი უგულავას ამ განცხადებას და მე ვფიქრობ, საინტერესო თანამშრომლობა იქნება და შედეგი იქნება მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის.”

გოგი თოფაძეს მაინც არ სჯერა, რომ ეს თანამშრომლობა გამოვა, თუმცა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს:

”ოღონდ მოსახლეობას ეშველოს რამე, თბილისელებს, სოფლის მოსახლეობას, თუ რამეს შემეკითხებიან, მზად ვარ ყველაფერზე ვუპასუხო, ჩემი პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან მეეჭვება მაგათ ეგ ნაბიჯი გადადგან.”

ირაკლი ალასანია თანამშრომლობის ამ ფორმას დადებითად აფასებს და გიგი უგულავას იმ ექსპერტების კონსულტაციას სთავაზობს, რომლებიც თავად მას ეხმარებოდნენ საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში:

”ჩვენ შევთავაზებთ ჩვენი ჯანდაცვის და სხვა ექსპერტების კონსულტაციებს, რომ ისინი ჩაერთონ ამ პროცესში”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

”ნაციონალური მოძრაობის” სიის წევრმა კოკი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერიაში დაბრუნების შემდეგ გიგი უგულავა ”ამ ხალხს შეხვდება და ეცდება გაითვალისწინოს მათი იდეები, იმისათვის რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იქნეს ასახული ეს იდეები.”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი არჩევნებში დამარცხებული მერობის კანდიდატების სურვილს ითანამშრომლონ მერიასთან, შემდეგი მოტივაციით ხსნის: იმისათვის, რომ საკუთარი იდეების რეალიზება შეძლო, რაღაც პროცესის მონაწილე უნდა იყო და შეგეძლოს საერთო ენის გამონახვა იმასთან, ვინც ძალაუფლებას ფლობს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG