Accessibility links

გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის პოსტი სოზარ სუბარმა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა, თუმცა გადაწყვეტილების გახმაურება 31 მაისამდე გადადო. ის დარწმუნებულია, რომ ალასანიას „ალიანსმა“ 30 მაისის არჩევნებზე გამარჯვების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან და რომ ასეთი პროგნოზის გაკეთება არც რამდენიმე კვირის წინ იყო ძნელი. რას უწუნებს სოზარ სუბარი „ალიანსის“ ბრძოლის მეთოდებს, შეეძლოთ თუ არა ალასანიას თანამებრძოლებს მეტის გაკეთება არჩევნებში გასამარჯვებლად და როგორ ფასდება სუბარის წასვლა ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან?

სოზარ სუბარის „ალიანსიდან“ წასვლა ისეთივე ხმაურიანი აღმოჩნდა, როგორც მისი მისვლა გასული წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობის ვადა ამოეწურა. როდესაც სოზარ სუბარის განზე გადგომის ამბავი გახმაურდა, „ალიანსის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ერთგვარი არაპირდაპირი პირდაპირობით თქვა, რომ აწუკვე ყოფილი თანამებრძოლის მიერ გადადგმული ნაბიჯი ”ნამდვილი მეომრებისთვის” შესაფერისი ნაბიჯი არ არის:

”არიან ადამიანები, რომლებიც გამარჯვების რწმენას პირველივე დაბრკოლებისთანავე კარგავენ, ნამდვილ მეომრებს კი ყველა წინაღობა კიდევ უფრო აძლიერებს. მე პირადად არასოდეს ვყოფილვარ გარანტირებული გამარჯვების გეგმის ნაწილი. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი გამარჯვება სწორედ საკუთარი ხელით და თანამებრძოლების მხარდაჭერით მომიპოვებია და ასე ვაპირებ, რომ გავაგრძელო... სოზარმა თავისი გზა აირჩია...”

იმ გზის არჩევას, რომელმაც „ალიანსიდან“ გაიყვანა, სოზარ სუბარი ასევე ბრძოლის არასაკმარისი ჟინით ხსნის, თუმცა ამ შემთხვევაში ის არა საკუთარ თავს, არამედ „ალიანსს“ ადანაშაულებს. სუბარი დარწმუნებულია, რომ „ალიანსმა“ არასაკმარისად იბრძოლა 30 მაისის არჩევნებში გამარჯვებისთვის და რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

პირველი ბზარი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ალიანსმა“ არჩევნებისთვის მზადება, სუბარის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში დემოკრატიული ქვეყნისთვის იდეალურად შესაფერისი მეთოდებით დაიწყო. ამასთან, სოზარ სუბარი არ ეთანხმება მისი გადაწყვეტილების ისე გაშიფვრას, რომ თითქოს მან „ალიანსს“ კონსტრუქციულობა დაუწუნა. უბრალოდ, მას გაცილებით მეტი აქტიურობის დანახვა უნდოდა.

”უნდა დაარწმუნო ადამიანები, უნდა დაარწმუნო მოსახლეობა, რომ კბილებით დაიცავ თითოეულ ხმას და თითოეული ადამიანის უფლებას და იდგები მასთან ერთად ბოლომდე და აჩვენებ ხელისუფლებას, რომ წამსვლელი ხარ სერიოზულ რისკებზე, ქუჩის აქცია იქნება ეს თუ უფრო მკვეთრი განცხადებები...”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოზარ სუბარმა.

მართალია, მისთვის მიუღებელი იყო აქციები, სადაც, მაგალითად, ”ზურაბ ნოღაიდელი ვიღაც-ვიღაცებს ხელ-ფეხის დამტვრევით ემუქრებოდა”, მაგრამ ის მომხრე იყო, რომ „ალიანსს“ მონაწილეობა მიეღო, მაგალითად, პოლიტპატიმრების უფლებების დასაცავად გამართულ აქციებში და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ყურადღება ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე გაემახვილებინა.

სუბარის კრიტიკის ამ ბოლო აქცენტს სულაც არ იზიარებენ „ალიანსში“ და, როგორც, მაგალითად, ამ გაერთიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახალი მემარჯვენე მანანა ნაჭყებია ამბობს, ხელისუფლებას მწვავე კრიტიკა ნამდვილად არ დაჰკლებია:

”არა მგონია, რომ „ალიანსმა“ არ დაანახვა საზოგადოებას დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე... ნებისმიერი ჩვენი სატელევიზიო გამოსვლა თუ ნებისმიერი ჩვენი ინტერვიუ იყო იმ ფაქტებით აღსავსე, რომელიც მიუთითებს დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, ბიუჯეტის გაუმჭვირვალედ ხარჯვაზე და ასე შემდეგ.”

მანანა ნაჭყებია არ იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ალიანსი“ სათანადო გულმოდგინებით არ მიუდგა სოზარ სუბარის ”გამარჯვების ფორმულას”, რომელიც მან აპრილში წამოაყენა. ”იყო მცდელობა, არ გამოვიდა და ყველაზე უკეთ სწორედ სუბარმა უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია ვერ მოახერხებდა შეთანხმებას მერობის ერთიან კანდიდატზე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების გადანაწილებაზე.

ნაჭყებია იხსენებს, რომ მანამდე თითქმის იგივე ირაკლი ალასანიამაც სცადა, რამაც მას მხოლოდ ლანძღვის კორიანტელი და რეიტინგის ვარდნა მოუტანა. კრიტიკოსთა შორის მაშინ სოზარ სუბარიც იყო. ლაპარაკია 24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც ალასანიას ბევრისთვის მიუღებელ ნოღაიდელთან შეკავშირება დასდეს ბრალად და შემდეგ თითქოს აღარც მოუსმინეს მის განმარტებებს, რომ ეს ყველაფერი არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების ერთგვარი გაერთიანებისთვის კეთდებოდა და რომ ნოღაიდელთან შეკავშირება არც კი უცდია. თუკი ალასანიას ნაბიჯს თანაგუნდელებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ, სუბარის მიერ მოგვიანებით გადადგმული მსგავსი ნაბიჯების მისამართით მათ აშკარა მხარდაჭერა გამოიჩინეს, თუმცა პროცესი მაინც უშედეგოდ დასრულდა.

სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ მის და ალასანიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შორის ის სხვაობა იყო, რომ ალასანია ოპოზიციის ერთობაზე ლაპარაკობდა, თავად კი ოპოზიციის დიდი შეთანხმებისა და ”გამარჯვების ფორმულის” მომხრე იყო, რის ამოქმედებასაც ხელი, თავის მხრივ, „ალიანსმაც“ დააკლო.

ასეა თუ ისე, სოზარ სუბარმა ირაკლი ალასანიას „ალიანსი“ დატოვა, თუმცა ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია საით წავა - ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გააგრძელებს მუშაობას თუ ისევ პოლიტიკაში დარჩება. აქვე გავიხსენოთ, რომ სოზარ სუბარი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ექსპერტი და მრჩეველთა საბჭოს წევრია. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისი გული სწორედ უფლებათა დაცვის სფეროსკენ მიიწევს, გონება კი მას ხშირად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობის აუცილებლობას უკარნახებს. არჩევანი უფრო, ალბათ, პოლიტიკის სასარგებლოდ გაკეთდება, თუმცა ამისათვის მან თავისი კონკრეტული ადგილი უნდა დაინახოს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებულ გაჩეჩილაძე-ბურჯანაძე-ოქრუაშვილის სავარაუდო კოალიციაში გაერთიანება მისთვის ამ ეტაპზე არავის შეუთავაზებია.
XS
SM
MD
LG