Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 ივნისი 2010


დღევანდელ პრესაში, ისევე როგორც ზოგადად ქართულ მედიაში, ყურადღებას იპყრობს სოზარ სუბარის გადაწყვეტილება “ალიანსი საქართველოსთვის” დატოვების შესახებ:

“არც ის არის ცნობილი, რა სჯობია ქვეყნისთვის - აჯანყება მოხდეს და ამას ხელისუფლების ნგრევა მოჰყვეს, თუ ყველა გაიქცეს სამშობლოდან და მტერს დავუტოვოთ ეს ქვეყანა. პირადად მე აჯანყებისა და ბიშკეკიზაციის მომხრე არა ვარ, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას ყველაფერი მირჩევნია”, - ამბობს სუბარი “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში განმარტავს: “უფრო რადიკალური საარჩევნო კამპანია უნდა გვეწარმოებინა, უფრო აგრესიული კამპანია უნდა ყოფილიყო, გარკვეული ტიპის აქციებში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, იგივე პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით და სხვა კონკრეტულ თემებთან მიმართებაში, მაგრამ რადგანაც “ალიანსმა”, მთლიანობაში, ისეთი პოზიცია აირჩია, რომ უნდა ვყოფილიყავით კონსტრუქციულები, მე დავმორჩილდი და, შესაბამისად, გამოვერიდე წინასაარჩევნო კამპანიას”, - ამბობს სუბარი. “ალიაშივე” მასზე რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს: “სუბარი მიყვარდა, მიყვარს, შესანიშნავი კაცია, ის პოლიტიკაში ვერ გაერკვა და ვერც გაერკვევა”. სუბართან ინტერვიუ “ახალ თაობაშიც” ქვეყნდება.

“ალია” ასევე დიდ ადგილს უთმობს ინტერვიუს “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ნოღაიდელთან: “ჩვენ სააკაშვილს გავაგდებთ!” - აცხადებს ნოღაიდელი და განაგრძობს: “ჩვენ ვერ გავაჩერებთ ბრძოლას და ვერ დაველოდებით რაღაც კონკრეტულ ხელსაყრელ მომენტს. ამდენად, ბრძოლის არც ერთ ხერხზე არც მომავალში არ უნდა ვთქვათ უარი.”
“ახალი თაობა”, “კულუარულ” ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ “შესაძლოა, „ეროვნული საბჭო“ დაიშალოს, რადგან ნოღაიდელი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა.

“ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ რამაზ კლიმიაშვილთან, სათაურით “ალასანია რესპუბლიკელებმა დაღუპეს”. “მე, მაგალითად, სპორტსმენებისთვისაც კი არ მწამს ოლიმპიური პრინციპი, რომ მთავარია მონაწილეობა. მაპატიეთ, მაგრამ ეს ოლიმპიური პრინციპი, რომლის ავტორები ჩვენთან არიან რესპუბლიკელები, ეს არის სრული უაზრობა და მეტი არაფერი.”

“რეზონანსი” ეუთოს მეთვალყურეთა მისიის პრესსპიკერს ესაუბრა. ის არჩევნების პროცესში “შესამჩნევ პროგრესზე” საუბრობს. შემდეგ დარღვევებს ჩამოთვლის და ამბობს: “მნიშვნელოვანი შეცდომები დაფიქსირდა. ძირითადად, ეს უკავშირდებოდა ხმის დათვლის პროცედურას. მაგალითად, ხმების დათვლა ხდებოდა ისე, რომ ამ პროცესის დანახვა ყველას არ შეეძლო. დათვლისას ისე არ წარმოთქვამდნენ, რომ ყველას გაეგონა. იყო 13 შემთხვევა, როცა ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ბევრი პრობლემა იყო კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. ძირითადად, ეს იყო პრობლემატური რეგიონები”, - ამბობს ეუთოს მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენელი და იმავე ინტერვიუში არჩევნებს 96%-ით პოზიტიურად აფასებს.

“24 საათი” ასე აჯამებს არჩევნების შედეგებს: “30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურმა პარტიებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. ოპოზიციის ნაწილი გამარჯვებულ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ნაწილი აქციებით აპირებს ფონს გასვლას, მმართველი ძალა კი არჩევნების შედეგებს დემოკრატიის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს.”

“24 საათშივე” ისრაელის მიერ ჰუმანიტარული მისიით მიმავალ ფლოტილიაზე განხორციელებულ სამხედრო რეიდზე წერს სტატიაში, სათაურით “ისრაელმა ღაზასკენ მიმავალი ხომალდები დააკავა”. ტექსტში კი წაიკითხავთ: “ინციდენტის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 19 ადამიანი დაიღუპა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG