Accessibility links

ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინსა და რუსულ ინტელიგენციას - მსახიობებს, მომღერლებს - შორის. შეხვედრა ჩვეული მოსაბეზრებელი რუტინული ტელეშეხვედრა იქნებოდა, რომ არა რუსი როკ მომღერალი იური შევჩუკი, რომელმაც პრემიერს პირდაპირ უთხრა, ორი დღის წინ დამირეკეს და თქვენმა რომელიღაც წარმომადგენელმა მითხრა მწვავე კითხვები არ დამესვაო. ამის შემდეგ შევჩუკმა პრემიერს პირდაპირ მოახსენა, რეალური სამოქალაქო საზოგადოების შექმნა თუ გვინდა, სიტყვის, გამოხატვის, პრესის თავისუფლების გარეშე, კორუფციის და პოლიციური ტერორის პირობებში ეს არ მიიღწევაო, სხვა შემთხვევაში პატრიოტული სიამაყე ყალბი და ფასადურიაო. კანონის მიმართ ყველანი თანაბარნი უნდა ვიყოთო, მხარი აუბა შევჩუკს ქართველმა პოლონელმა მსახიობმა, ვოლანდის როლის შემსრულებელმა ოლეგ ბასილაშვილმა. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მმართველი ელიტა გვეუბნება, თქვენ იყავით მანდ, მისდიეთ კანონს და ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. ბასილაშვილმაც და შევჩუკმაც პრემიერს პირდაპირ განუცხადეს, იცოდე ხალხში პროტესტის გრძნობა იზრდებაო. პრემიერმა პრობლემები აღიარა და დიალოგშიც შევიდა.

„წყეულიმც ვიყო იმის გამო, რომ ჩუმად ვიყავი“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს „ნეზავისიმაია გაზეტა“ მსახიობ ლია ახეჯაკოვასთან ინტერვიუს. ახეჯაკოვა ნანობს, რომ შევჩუკს და ბასილაშვილს ამ შეხვედრაზე მხარი არ აუბა. მისი თქმით, პუტინი მზად იყო კრიტიკის მოსასმენად და მსახიობს, უბრალოდ, არ ეყო საკმარისი ძალა ამისთვის. „თუ ვლადიმირ პუტინი უსმენდა იურას, ის აუცილებლად მომისმენდა მეც. ეს ხელისუფლება არ გამოირჩევა იმათი აზრის მოსმენით, ვინც მათ არ ეთანხმება. თუმცა მან მოგვცა ჩვენ შანსი, აზრი გამოგვეთქვა.“

ახეჯაკოვას „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ეკითხება, შანსი რომ გქონოდათ, რას იკითხავდითო. ახეჯაკოვა, გამოუძიებელ მკვლელობებს და ხოდორკოვსკის საქმეს იხსენებს. ამ ერთსაათიანი შეხვედრის ჩანაწერის ხილვა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თავად პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ხოდორკოვსკიზე, ლებედევზე და „იუკოსის“ ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობ სასამართლო პროცესებზე ამ კვირის „კომერსანტი“ და „ნოვაია გაზეტა“ წერენ. თუმცა სანამ მათ გაგაცნობდეთ, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ერთი საინტერესო დეტალი: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევჩუკმა პუტინს პირდაპირ ჰკითხა - ორ დღეში, 31-ში, აქცია იგეგმება და დაარბევენო? ორი დღით გვიან, 31-ში, მოსკოვში კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად, მუხლისა, რომელიც შეკრების თავისუფლებას განაგებს, „კომერსანტის“ ინფორმაციით, 500 კაციანი საპროტესტო აქციის 135 აქტივისტს აკავებენ. რომელიღაც აქტივისტს ხელი მოსტეხეს, სხვები გალახესო, წერს „გაზეტა რუ“ სტატიაში, სათაურით „ოპოზიციას ამტვრევდნენ პროფილაქტიკისთვის“. თუმცა, გაზეთის მიხედვით, დაკავებულები მეორე დილითვე გაუთავისუფლებიათ.

დავუბრუნდეთ „იუკოსის“ საქმეს, რომელზეც, რუსული პრესის მიხედვით, საკმაოდ გავლენიანი ყოფილი ჩინოსნები ჩვენებებს იძლევიან. „ნოვაია გაზეტა“ „იუკოსის“ საქმეზე დაკავებულ პლატონ ლებედევს კითხვებს პატიმრობაში საკუთარი გაზეთის გვერდების მეშვეობით უგზავნის მარტივად. მკითხველთა შეკითხვები გაზეთში იბეჭდება, ლებედევს გაზეთი ციხეში შესდის, პასუხებს კი ლებედევი გაზეთს ადვოკატის ხელით აწვდის. კითხვებსაც და პასუხებსაც გაზეთი აქვეყნებს. მკითხველი, ძირითადად, თანაუგრძნობს „იუკოსის“ საქმეზე დაპატიმრებულ ლებედევს და, უმრავლეს შემთხვევაში, ეკითხება, თუ რისი იმედი აქვს მას, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოს გზით აპირებს ბრძოლას, რატომ არ შიმშილობთ და პროტესტის სხვა ფორმებს არ იყენებთო, რაზეც ლებედევი პასუხობს, ოპტიმისტი კაცი ვარ და მჯერა, რომ ასეთ ბრძოლას აზრი აქვსო.

„კომერსანტიც“ ეხმაურება ამ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს და წერს, რომ დაცვის მხარეს, მოწმის სახით, სასამართლოში რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის გამოძახება მოუთხოვია, რაზეც მოსამართლეს უარი განუცხადებია.

„კომერსანტი“ ასევე წერს რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ვიქტორ გერაშენკოს დღევანდელ გამოსვლაზე, სადაც მას ლებედევი და ხოდორკოვსკი დაუცავს: „მე მიმაჩნია, ის, რომ ნავთობის მოპარვა ხდებოდა, უსაფუძვლო ბრალდებაა. სხვაგვარად „იუკოსი“ ვერ გახდებოდა ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელმაც „ლუკოილსაც“ კი გადაასწროო. გერაშენკოს თქმით, კომპანია „ექსონ მობილი“ „იუკოსის“ აქციათა პაკეტის შესყიდვას 40 მილიარდ დოლარად აპირებდა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, „იუკოსში“ რომ ამ მასშტაბის მაქინაციები მომხდარიყოო.
XS
SM
MD
LG