Accessibility links

logo-print
წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის ოცდახუთწევრიან საკრებულოში 21 ადგილს ნაციონალური მოძრაობა დაიკავებს, ოთხ ადგილს კი „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ გაინაწილებენ.

მმართველმა პარტიამ ხმების 63% მოიპოვა, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ – 20%, „ალიანსმა“ – 5%, ხოლო „ეროვნულმა საბჭომ“ – 4,6%. ათივე საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქუთაისში კონსერვატორებმა გააპროტესტეს.. გოგი წულაია შეფასებისას თვითკრიტიკასაც არ მოერიდა და წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციის დაქსაქსულობა დაასახელა. ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ქუთაისელი ლიდერი მამუკა მღვდელაძე თვლის, რომ მეტი ფინანსების და, შესაბამისად, უფრო აქტიური კამპანიის შემთხვევაში უკეთესი შედეგი ექნებოდათ. მისი თქმით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის შემთხვევაში მეტ ხმებს მიიღებდნენ.

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებით, არჩევნები ქუთაისში გარკვეული დარღვევებით ჩატარდა. „ეროვნული საბჭო“ 118-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს, რადგან ნაციონალური მოძრაობის შტაბი უბნიდან ორ მეტრში მდებარეობდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მე-13 და 89-ე უბნებზე გადასატანი ყუთები დალუქული არ იყო, ასევე დაავიწყდათ ბიულეტენებზე ბეჭდის დარტყმა, იყო მარკირების აპარატის დაზიანების ფაქტები, ზოგან რეგისტრაციის ბეჭდები დააკლდათ.

რაც შეეხება ამომრჩევლის აქტიურობას, კენჭისყრის პროცესში 55.446 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 35%-ს შადგენს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ, სხვა ქალაქებთან შედარებით, ქუთაისში მოქალაქეთა აქტივობა დაბალი იყო.
XS
SM
MD
LG