Accessibility links

logo-print
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა – ასეთია იმ პოლიტიკურ ძალთა აზრი, რომლებიც ახალ საკრებულოში შევიდნენ. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობა 65% - ით განისაზღვრა. ამომრჩეველთა ხმები კი ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 69%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 12%, თორთლაძე – დემოკრატიული პარტია – 6,6% და ეროვნული საბჭო – 5,3%.

ოლქის თავმჯდომარის ინეზა ნარიმანიშვილის აზრით, მოსახლეობამ საარჩევნო კომისიას ნდობა გამოუცხადა.
"ასეთი შედეგის შემდეგ აღარც კი მინდა ის დარღვევები აღვნიშნო. საოლქო კომისიაში არანაირი საჩივარი არ შემოსულა. დაახლოებით ხუთი ხარვეზი შემოგვივიდა. ჩვენ ეს განვიხილეთ დამკვირვებლებთან ერთად. მათ ეს უსაფუძვლო დარღვევებად მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ ეს გამორიცხულიც არ იყო, ამის გარეშე არ ჩაივლიდაო", - თუმცა ასე არ ფიქრობენ პოლიტიკურ გაერთიანებაში

"ალიანსი საქართველოსთვის" ახალციხეში ერთადერთია, რომელმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და, შესაბამისად, საკრებულოს მიღმა დარჩა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი სამცხე-ჯავახეთში თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ ხელისუფლება დემოკრატობანას თამაშობს:

"ეს არჩევნები იყო ფარსი. არჩევნებამდეც განვაცხადე, რომ თამაშობდნენ დემოკრატობანას. ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად შეუქმნის პრობლემას საზოგადოებას. შეჩერდა ოქმების წერა. რა ხმებიც დამირეკეს წევრებმა, უცებ შეიცვალა. ნული ხმიდან ზოგიერთი პარტია 200-ზე ავიდა. საზოგადოებაც ამას, ეტყობა, ემხრობა."

თამარ გოგოლაძისგან განსხვავებით, ახალციხელი ქრისტიან-დემოკრატები შედეგებით კმაყოფილნი არიან. ახლად არჩეულ საკრებულოში ჟურნალისტებისგან შემდგარ პარტიას ნუგზარ თამარაშვილი წარადგენს:

"ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უფრო დემოკრატიულად ჩატარდა. ჩვენმა პარტიამ ორჯერ მეტი ხმების რაოდენობა მიიღო, ვიდრე წინა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, მცირეოდენი დარღვევები იყო, მაგრამ, ძირითადად, ადგილზევე იყო აღმოფხვრილი. საკრებულოში გვერგო ერთი ადგილი."

გამოკითხული მოსახლეობის აზრი ერთგვაროვანია. უმრავლესობა ამბობს, რომ 30 მაისის არჩევნები მშვიდად ჩატარდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ არჩევნებში მონაწილეობა.

"ნაკლებად იყო მოსახლეობა ინფორმირებული, მაგრამ რაც იყო, ისიც, ძირითადად, ტელევიზიიდან. სოფელში, აბა, სხვა რა არის, - არც გაზეთია და არც რადიო."

"მივიღე ჩვეულებრივ მონაწილეობა არჩევნებში. ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა. მეც და უმეტესობამაც, მე ვფიქრობ, ნაციონალურ, სამთავრობო პარტიას მივეცით ხმა, იმიტომ რომ იმაზე უკეთესი მე არ მგონია სხვა."

"არ წავედი არჩევნებზე, იმიტომ რომ ჩემი ხმა არაფერს შეცვლიდა."

ახალციხის ახალი საკრებულო 10 წევრისგან შედგება. აქედან 7 მანდატი ნაციონალურ მოძრაობას, თითო-თითო კი ეროვნულ საბჭოს, ქრისტიან-დემოკრატებსა და თორთლაძე-დემოკრატებს ერგოთ.
XS
SM
MD
LG