Accessibility links

logo-print
9 მაისი, კვირა
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ბევრი აღარ დარჩა ადამიანი, რომლისთვისაც ეს დღე ყველაზე ამაღლებული და ბედნიერია მთელ ცხოვრებაში. მათთვის ეს არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების ჟამი. მათი პათოსი ჩემთვის გასაგები და მისაღებია. ისინი სიცოცხლეს წირავდნენ ძვირფასი იდეისა და ღირებულებისათვის. მთავარი, რაც მაშინ მოხდა, იყო ადამიანის, პიროვნების გამარჯვება უსახური ბრბოს მონურ ფსიქიკაზე. ეს იყო დრო, როდესაც რასობრივი გამორჩეულობისა და ყალბი კოლექტივიზმის (“გამორჩეულთა” ერთობაც შეიძლება ვუწოდოთ) ძალმოსილი აზრი შეეცადა, ისტორიიდან წარეხოცა ადამიანური სახე. ეს არ გამოვიდა და ამან შეცვალა მსოფლიო. მეორე მხრივ, 9 მაისი ძალიან დამაფიქრებელი დღეც არის. „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“ ამ შემთხვევაში არ გამოდგება - ერთობ ჭრელი იყო გამარჯვებულთა შემადგენლობა. მსოფლიო კონფლიქტის ამგვარმა ფინალმა ძალიან გააძლიერა საბჭოთა სახელმწიფო და მისი იდეოლოგია, რომელიც არაფრით სჯობდა ფაშიზმს - ისეთივე აგრესიული (მსოფლიო რევოლუციის იდეა!) და ადამიანურ სახეს მოკლებული იყო.

წლების შემდეგ, მიხაილ გორბაჩოვის დროს, გაჩნდა პრინციპულად შეუძლებელი სიტყვაშეხამება - „სოციალიზმი ადამიანური სახით“, თუმცა მალევე ნათელი გახდა, რომ ფრაკიანი მგელი მაინც მგელია.

ახლაც, გამარჯვების დღეს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ და იყენებენ - ცივილიზებული სამყარო ამ დღეს ადამიანის უფლებებსა და ტოლერანტობას უკავშირებს, ზოგიერთები კი - იმპერიის აღორძინების „დიად იდეას“. დიდი სხვაობაა, რა გაქვს ცნობიერების ცენტრში - ბავშვის ღიმილი თუ მოდერნიზებული „ტ-34“. არჩევანი აუცილებლად უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ტანკის ღიმილი არ არსებობს და გამარჯვება დამარცხებად არ უნდა იქცეს.

10 მაისი, ორშაბათი
დღეს სკოლაში ერთმა მოსწავლე გოგონამ მკითხა: ბატონო გია, მართლმადიდებლობა ასეთი აგრესიულიაო? როგორც ჩანს, ტელეკომპანია „კავკასიაში“ ორი დღის წინ გამართულ „დებატებსა“ და მის მომდევნო მუშტი-კრივს უყურა. რა უნდა მეპასუხა ამ ბავშვის სრულიად გულწრფელ შეკითხვაზე? მას ვასწავლეთ, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა ქართული ცნობიერებისა და ისტორიის ქვაკუთხედია; რომ ჩვენი კულტურა სწორედ ამ რელიგიას ეყრდნობა და გამოხატავს; რომ ქართველები ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ კიდეც მართლმადიდებლობისთვის. ამ გოგონასთვის ეს ყველაფერი წმიდათაწმიდაა და სხვა დანარჩენზე ამაღლებული. და უცბად მან დაინახა, რომ „წმიდათაწმიდა“ და „ამაღლებული“ ჩხუბობს, იგინება, საშინელ ზიზღსა და მოუთმენლობას გამოხატავს. ეს ამბავი ვერაფრით დააკავშირა სახარებისეულ სიყვარულთან და საყოველთაო შეგონებასთან: „არასდროს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გსურს საკუთარი თავისთვის“.

სანამ პასუხს გავცემდი, გავიფიქრე, რომ იდეა არ არსებობს მისი გამომხატველის გარეშე - სწორედ გამომხატველია იდეის ბედნიერებაცა და უბედურებაც. ეს არითმეტიკის პლუსისა და მინუსის ურთიერთობას ჰგავს: ქრისტიანობას პლუს ნაძირლობა ყოველთვის ნაძირლობაა. ჩვენი რელიგიის საფუძველი სიყვარულია. იმ გოგონას სწორედ ეს ვუთხარი - ჯვრის მრავალი სიმბოლური მნიშვნელობიდან ერთი უმთავრესია: ვერტიკალური ღერძი ღვთის სიყვარულს გამოხატავს, ხოლო ჰორიზონტალური - მოყვასისა. თუ ჯვარს ჰორიზონტალურ ხაზს მოვაშორებთ და მხოლოდ ვერტიკალური ღერძის (ანუ - უადამიანო) ლოგიკით ვიმოქმედებთ, ხელში ჯვრის ნაცვლად ჯოხი შეგვრჩება, რომელსაც ვიღაცას აუცილებლად დავარტყამთ.

გაიგე-მეთქი? - ვკითხე გოგონას. „დიახ“, - თავი დამიქნია. სევდა მომეძალა - რამდენი ვერ გამცემდა ამ პასუხს...

11 მაისი, სამშაბათი
დღეს, დიდ შესვენებაზე, ჩვენი სკოლის ბავშვებს ვუყურებდი და ერთი კითხვა ამეკვიატა - რატომ ვართ ასე ქართველები? როგორ „ასე“? როგორ და, პოტენციური და ცოტ-ცოტად რეალიზებული სიკეთეებით, მაგრამ - უერთმანეთოდ, დაკარგული ტერიტორიებით (ვინ იცის, რამდენი ხნით!), ბუნდოვანი პოლიტიკური ცხოვრებით, უნიჭო და უპასუხისმგებლო ადამიანების ხშირი აღზევებით, საზოგადოებრივი და ეროვნული ცნობიერების დეფიციტით, სევდისმომგვრელად ბევრი წარუმატებლობით სხვადასხვა სფეროში, მოზარდთა და მოზრდილთა ძალადობით, ღიმილის ნაკლებობით... რა იქნება, ვეცადოთ და ამას ყველაფერს ერთი ახსნა (არა გამართლება!) მოვუძებნოთ? ვფიქრობ, ამას, მართლაც, ერთი არსებითი მიზეზი აქვს - ქართველებს ძალიან გვიჭირს მოვლენებისა და ადამიანებისათვის შესაბამისი სახელების დარქმევა, ადამიანთა ყალბ კეთილგანწყობასა თუ „უსაფრთხო ღირსებას“ შეგვიძლია ვანაცვალოთ ჭეშმარიტება. ჩვენთვის, უმრავლეს შემთხვევაში, მთავარია არა ის, რა არის მართალი, საჭირო ან სასარგებლო, არამედ - როგორ შეაფასებენ ამას ნაცნობები თუ უცნობები. ეს გვანაწევრებს სხვადასხვა პირისა თუ ჯგუფის ინტერესებით და, პრაქტიკულად, გამორიცხავს ობიექტურ ხედვაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ ერთობას.

„ობიექტური ხედვა“ ქართველებს არ მოსწონთ - სუბიექტური ურჩევნიათ, ძალიან ეადვილებათ საზოგადო ინტერესების უგულებელყოფა. ყველაზე არაცივილიზებულად და დამღუპველად ეს იმაზე აისახება, რომ კარგად გაცნობიერებული არ გვაქვს, როგორ ვზრდით ახალ თაობას, რატომ და რის ხარჯზე იქნება ის ჩვენზე უკეთესი? და გრძელდება ქართული უპასუხისმგებლობისა და გონიერებას მოკლებული „გულიერების“ ტირაჟირება. ამიტომ ჩვენ არსებითად ვკარგავთ იმას, რის გარეშეც 21-ე საუკუნე არ გაგვახარებს - კონკურენტუნარიანობას... მაგრამ დიდ დასვენებაზე ჩემს ბავშვებს რომ ვუყურებდი, 21-ე საუკუნის რატომღაც სულ არ მეშინოდა.

12 მაისი, ოთხშაბათი
დღეს მეთორმეტეკლასელებს გამოცდა ჰქონდათ ქართულში. მხოლოდ მათ, ვისაც ბევრი გაცდენა დაუგროვდა. ვიღაცამ ორი წლის წინ დაუშვა, რომ საგნისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობის 20 პროცენტამდე მოსწავლემ შეიძლება არასაპატიოდ გააცდინოს (!). ჰოდა, აცდენენ და, რაკი ეს „კანონიერია“, ვერაფერს ვუპირისპირებთ. სათქმელი არაფერია - პიროვნული პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მაგარი სისტემა გვაქვს („მაგრის“ ნაცვლად თავისუფლად შეიძლებოდა „იდიოტურის“ ჩაწერაც). ქართულში 180 წლიური საათია, აქედან 36 შეგიძლია დაუსჯელად გააცდინო (თუ მასწავლებელს „არა“ გამორჩება, გაცილებით მეტიც). მერე იტყვიან, სკოლა მოსწავლეს სათანადო ცოდნას ვერ აძლევსო. ხანდახან არც უმაგისობაა, მაგრამ ამგვარი განცხადება ხშირ შემთხვევაში დიდი უსამართლობაა - თუ მოსწავლემ სკოლაში არ იარა, რა უნდა ასწავლო? და მერე გამოცდაზე ასეთ პასუხებს მოისმენ: „‘გამზრდელი’? არა, არ წამიკითხავს, ვერ მოვასწარი“. „‘ვეფხისტყაოსნის’ პერსონაჟები ჩამოვთვალო? ისა... ტარიელი... კიდევ ავთანდილი, ხომ? მეტი არ მახსოვს - ვერ მოვიცალე.“ „‘ალუდა ქეთელაური’ და ‘სტუმარ-მასპინძელი’ არ წამიკითხავს.“ „ნამდვილად არ ვიცი, რომელია მარტივი წინადადება...“

მოსწავლეები ხანდახან ზარმაცობენ, მაგრამ მე მათ სრულად არ ვადანაშაულებ - მოსწავლეთა წილი აქ შეიძლება მიზერულიცაა. მთავარი დანაშაული წესრიგისა და აკადემიური დისციპლინის მოუთხოვნელობაა - ისინი ოჯახშიც და, სამწუხაროდ, სკოლაშიც მიაჩვიეს ყალბ ლიბერალიზმს: შეგიძლია დააგვიანო, შეგიძლია არ მოხვიდე, შეგიძლია მოხვიდე და არც წიგნი მოიტანო და არც რვეული. და მერე, ვინც ამას ყველაფერს მოითხოვს, „ცუდია“. მე კი, როგორც სკოლის დირექტორმა, ატესტატს უნდა მოვაწერო ხელი - რომ ამან და ამან აითვისა სტანდარტით განსაზღვრული პროგრამა - მასწავლებელსაც დადებითად ჰყავს შეფასებული. ამან კი არ იცის, ვინ დაწერა „დავითიანი“ ან რა არის პირველი სუბიექტური პირის ნიშანი. პრინციპულობას გამოიჩენ? 10-დან 9 გეტყვის, რომ უსამართლო ხარ - „როგორ, ბავშვს ცხოვრება უნდა გაუფუჭო?!“ ხშირად, აი, ასეთია ჩვენი საზოგადოება - კანონის მოთხოვნის შესრულება უზნეობა ჰგონია.

ერთი კითხვაც არის: ახლა გამოიღვიძეთ? აქამდე სად იყავით, თუ ეს ბავშვები არ სწავლობდნენ? საქმეც ეს არის, რომ „აქამდეც ვიყავით“ - წლებია, ეს პრობლემა მწვავედ დგას, მაგრამ ავადმყოფობა მკურნალობას ძალიან ძნელად ექვემდებარება. რაც სავალალოა, ამ მკურნალობას ყველაზე მეტად მშობლები და მასწავლებლები (მათი მოზრდილი ნაწილი) ეწინააღმდეგებიან. საზოგადოება კი ამ პრობლემას ნაკლებად იცნობს ან არ რეაგირებს მასზე.

13 მაისი, ხუთშაბათი

სკოლის პირველობა ტარდება მინი-ფეხბურთში. ერთ-ერთი პაუზის დროს ყმაწვილებთან ერთად 1981 წლის 13 მაისი გავიხსენე, როცა თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

რა ხშირი იყო მაშინ გამარჯვებები! სად გაქრა ეს შეგრძნება? რატომ ვეღარ ვაღწევთ ახალ წარმატებებს? გამარჯვებას თუ არ მიეჩვია, ქვეყანა წარმატებით ვერ განვითარდება, მაგრამ ამას დიდი შრომა, პასუხისმგებლობა და სიყვარული სჭირდება. ფეხბურთი ჩვენი მდგომარეობის ზოგად სურათს ხატავს. ბოლო დროს მინახავს თამაშები, რომლებშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოწინააღმდეგის კარში არ დაურტყამთ - მერე რა, რომ ეს თამაშის არსს (ბურთის გატანას) ეწინააღმდეგება - ვერ ახერხებენ და მორჩა! ყველაზე დამთრგუნველი ის არის, რომ საფეხბურთო ინტელექტიც გვაკლია. ჩვენები თამაშობენ ყველაზე ნელ ფეხბურთს მსოფლიოში. მოედანზე არ ჩანს თანამედროვე საფეხბურთო აზროვნების ნატამალი. არსად ჩანს სისტემა. მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთი რის ვაი-ვაგლახით გადაგვაქვს. მსოფლიოში გავრცელებული აგრესიული დაცვა ქართველებისთვის აზროვნების დღემდე მიუწვდომელი სიმაღლეა - თუ ბურთიან კაცს ყველა გუნდი კოლექტიურად ესხმის თავს, საქართველოს ნაკრების მცველები მას საკუთარ საჯარიმო მოედნამდე „აცილებენ“ ხოლმე. ნელი თამაშითაც კი ჩვენი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეზე გაცილებით ადრე იღლებიან. მოკლედ, არ არსებობს არც ერთი კომპონენტი, რომლითაც თუნდაც საშუალო გუნდებს მივუახლოვდებით. ამ ფონზე საქმის საარაკო გაუცნობიერებლობაა ყოველი კენჭისყრის შემდეგ ჩვენს „მაღალ შანსებზე“ ლაპარაკი: აქ მოვიგებთ, იქ ფრედ ვითამაშებთ... მერე, შეჯიბრის დასასრულს, თვითგვემა იწყება - ბოლო ადგილს რომ ვეღარ გავცდებით ხოლმე.

ეს ბიჭები, სკოლის პირველობაზე რომ თამაშობენ, ხანდახან გაცილებით ობიექტურად აზროვნებენ, ვიდრე ემოციას აყოლილი „ექსპერტები“ თუ „სპეციალისტები“. ჩვენი შანსები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში? ამჟამინდელი დონით ბოლოსწინა ადგილი მაქსიმუმია - აი, ეს არის რეალობა. ნეტავ ვცდებოდე!

14 მაისი, პარასკევი
ერთი ჩვეულებრივი დღეა - არაფრით გამორჩეული. კი მაგრამ, რა არის ჩვენი ცხოვრების „ერთი ჩვეულებრივი დღე“? ლადო კახაძე ამბობდა ამას წინათ - 500 ათასი პოტენციური სიცოცხლე იღუპება, რომ ერთი ადამიანი დაიბადოსო. კაცის ცხოვრების ჩვეულებრივი დღე არ არსებობს - ყველა თავისებურად არაჩვეულებრივია. ერთი კარგი ლექსიც რომ წაიკითხო იმ დღეს, ან ვიღაც გამვლელმა გულიანად გაგიღიმოს, მეზობელმა გითხრას, რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავსო და სახლში შეგიპატიჟოს, შვილიშვილმა დაგირეკოს - ბაბუ, მომენატრეო, ეკლესიაში სანთელი დაანთო და განვლილი ცხოვრების სინათლე და სითბო შეიგრძნო - უკვე არაჩვეულებრივია! ასეთ დროს სულს უხარია ღმერთის სტუმრობა, ნათდება და ამ სინათლეს სხვებისთვისაც ასხივებს. ცოტაა ეს ყველაფერი? აქ „ცოტა“ და „ბევრი“ ძალიან ფარდობითი სიტყვებია - სიკეთე, სიყვარული და ღირსება არ კონვერტირდება, ისინი ვერ გადასხვაფერდებიან, საკუთარ ბუნებას ვერ და არ იცვლიან. მათი განცდის ერთი წამი საუკუნეს უდრის. განა ერთი წამი არ გაქვს არაჩვეულებრივი ყოველი დღის განმავლობაში? მაშინ ნუ იტყვი, რომ ეს დღე ჩვეულებრივია.

15 მაისი, შაბათი
მამაჩემს გავუარე, რამდენიმე დღეა, არ მენახა. მერე დედაჩემის საფლავზე გავედი და ამ კვირის ამბებს მოვუყევი. მომეჩვენა, რომ, როგორც ყოველთვის, სევდიანად გამეხუმრა: დაისვენე ახლა, შაბათს ღმერთმაც კი დაისვენაო.

შემდეგ მეუღლესთან და ჩემს გოგონასთან ერთად შვილიშვილები გავასეირნე მცხეთისკენ - დიდი ხნის გაკვალული მარშრუტი გვაქვს. იმათი ლამაზი და მუდამ სასურველი ხმები მოვისმინე. მერე ორი წერილი დავამთავრე და ერთ საგამომცემლო პროექტს ჩავუჯექი.

საღამოს მეგობრებთან და თევზებთან ერთად ლუდი დავლიე, რამდენიმე ახალი ანეკდოტიც მოვყევით და გულიანადაც ვიცინეთ. სულის მოთქმაა მათთან ყოფნა. მერე, ძილის წინ, „ფეისბუკიც“ მოვინახულე. ცოტა სხვების ნაფიქრი, ცოტა მუსიკა და... თუმცა, დანარჩენი უკვე ახალი კვირაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG