Accessibility links

კეთილგანწყობილი ატმოსფერო რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე


რუსეთ-ევროკავშირის სამიტი როსტოვში

რუსეთ-ევროკავშირის სამიტი როსტოვში

დონის როსტოვში დასრულდა რუსეთ-ევროკავშირის 25-ე სამიტი, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, ორი მხარის შეხვედრებს შორის, ალბათ, ყველაზე მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩეოდა. ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ, მას „გამორჩეული“ უწოდა. მართლაც, სამიტი ფრთხილად იყო დაგეგმილი, რათა ნებისმიერი შესაძლო უთანხმოება თავიდან ყოფილიყო აცილებული. თუმცა, დამკვირვებლების თქმით, ამგვარ დადებით ფონზე მხარეების ურთიერთობაში რეალიზმის ახალი კლიმატიც გამოიკვეთა.

ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში პირველად, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობას შესაძლოა დალაგებული ეწოდოს.

დონის როსტოვში ჩატარებული სამიტის ბოლოს რუსეთის და ევროკავშირის ლიდერებს კონკრეტული შედეგებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ პროგრესის ნაკლებობას ორივე მხარე მოთმინებით და გაგებით ეკიდება და კონცენტრაციას საკუთრივ ორმხრივ ურთიერთობაზე აკეთებს.

ევროკავშირისთვის, რომლის საგარეო პოლიტიკა ნებისმიერ ფასად დიალოგის გაგრძელების პრინციპს ეფუძნება, ეს, გარკვეულწილად, გამარჯვებაა. და თუკი ევროკავშირს სამიტის შემდეგ დიდი მიღწევები არ ჰქონდა, მას დათმობითაც არაფერი დაუთმია.

ეს, პირველ რიგში, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხება. მოსკოვი 2003 წლიდან ცდილობს ამ პროცესში მკაფიო გეგმის მიღებას, თუმცა სამშაბათს მას კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი.

და მაინც, პრეზიდენტი მედვედევი ხაზგასმულად მშვიდი იყო სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე - განაცხადა, რუსეთს ბლოკის 27 წევრს შორის პოზიციათა სხვაობა უშლის ხელს ამ პროცესში პროგრესს მიაღწიოსო:

„არსებობს ცალკეული პოზიციები, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები დგანან. ჩემი აზრით, ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს ისტორიას უკავშირდება და არა რეალურად არსებულ სიტუაციას. როგორც მე წარმომიდგენია, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით."

რუსეთი, მედვედევის თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმს „ხვალვე“ გააუქმებდა.

მედვედევის კონსტრუქციული ტონი, რაც ამ საკითხზე საუბრისას საკმაოდ უჩვეულოა რუსეთის ლიდერის მხრიდან, შეიძლება ევროკავშირის მიერ კონფრონტაციის უსარგებლობაში მოსკოვის დარწმუნების მცდელობით აიხსნას. სავიზო რეჟიმის გაუქმება რჩება გრძელვადიან მიზნად, რომლის მისაღწევადაც რუსეთმა ბევრი რამ უნდა გააკეთოს - იქნება ეს კორუფციის აღმოფხვრა თუ პასპორტების შეცვლა. გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი ამბობს, „ახლა უვიზო რეჟიმისთვის გადასადგმელ საერთო ნაბიჯებზე დავიწყებთ მუშაობასო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთმა ვერ მიიღო სასურველი პოლიტიკური სიგნალი, მაგრამ ევროკავშირმა მას პირობების დაკმაყოფილების პროცესში დახმარება აღუთქვა.

ბევრის აზრით, რუსეთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის წიაღში მასთან უვიზო მიმოსვლის მომხრე მნიშვნელოვანი ძალა არ გამოჩენილა. გერმანიაც კი, რომელიც ტრადიციულად რუსეთის უახლოესი მოკავშირეა, ყოყმანობს რუსეთთან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, რასაც, ბევრის მოლოდინით, რუსეთის მილიონობით მოქალაქე მყისიერად გამოიყენებს.

ასევე, რუსეთის მიზნის განხორციელება დიდწილად შეაფერხა პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა აღმოსავლელი წევრების მოთხოვნამ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში რუსეთის მსგავსად მოექცნენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართულ 6 ქვეყანას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდავეთსა და ბელორუსიას. ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს და შესაძლოა ამ მოთხოვნის მიღებისთვის ისინი არ იყვნენ მზად.

დონის როსტოვის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხის წამოჭრაც შეძლეს - კერძოდ, ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ თქვა, ევროპის საზოგადოებას ძალიან აღელვებს რუსეთში უფლებადამცველების და ჟურნალისტების მდგომარეობაო. ამასთან, ევროკავშირის პრეზიდენტის თქმით, დმიტრი მედვედევთან მან ჩეჩნეთსა და, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ დაუსჯელობის ატმოსფეროზეც ილაპარაკა.

ზოგადად, პრესკონფერენციაზე მხარეები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას და მეგობრულ ჟესტებს უხვად ამჟღავნებდნენ. ვან რუმპემ რუსეთს ევროკავშირისთვის „ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა, რომელთანაც ბლოკს „გადატვირთვის კი არა, წინ გადასახვევი ღილაკი ესაჭიროება“. მედვედევის თქმით კი, ევროკავშირთან პარტნიორობა რუსეთისთვის „ძირეულ“ ურთიერთობას წარმოადგენს.

ამასთან, ორივე მხარემ ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელა, რომელშიც დაგმეს ისრაელის მხრიდან ღაზაში ჰუმანიტარული მისიით მიმავალ ფლოტილიაზე თავდასხმა. ვან რუმპემ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით მხარეებს შორის არსებულ „სრულ თანხმობაზეც“ ისაუბრა.

თუმცა, როცა საქმე ექს-საბჭოთა სამეზობლოს, კერძოდ კი, საქართველოს შეეხო, ვან რუმპეს განცხადებაში შეფარული შენიშვნის ამოკითხვაც შესაძლებელი იყო:

„ევროპის კავშირს და რუსეთს საერთო ინტერესი აქვთ ჩვენს საერთო სამეზობლოში უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში. ისტორიამ და გეოგრაფიამ ჩვენ განსხვავებულებად ჩამოგვაყალიბა, თუმცა ერთმანეთის მეზობლებადაც გვაქცია. ჩვენ დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე და ჩვენი მეზობლების კეთილდღეობაზე“,- განაცხადა მან და დასძინა: „ეს ჩვენი კონტინენტის საერთო სულისკვეთებად იქცა. ამ თვალსაზრისით, ვისურვებდით რუსეთმა უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულოს, მათ შორის, აქამდე დადებული დაპირებების შესრულების საქმეში - განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით.“

სამიტის ბოლოს - შესაძლოა უთანხმოებების გადაფარვის მიზნით - ორმა მხარემ „მოდერნიზაციის პროცესში პარტნიორობის“ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
XS
SM
MD
LG