Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკა - აიზეკ სტერნის ცხოვრების წესი


ნიუ-იორკის ლეგენდარული საკონცერტო დარბაზის,“კარნეგი-ჰოლის” შესასვლელ კარზე მიმაგრებულია ლითონის აბრა წარწერით: “აიზეკ სტერნის პატივსაცემად, რომელმაც ‘კარნეგი-ჰოლი’ გაკოტრებისგან იხსნა”. სხვა რომ არაფერი, თუნდაც “კარნეგი-ჰოლის” გადარჩენა დაუმკვიდრებდა სახელს ისტორიაში გამოჩენილ ამერიკელ მევიოლინეს აიზეკ სტერნს. თუმცა ეს ცალკე გადაცემის თემაა. გასული საუკუნის დასაწყისში სტერნების ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა. აი, რას ჰყვებოდა ამის შესახებ თვითონ მუსიკოსი:

“მამაჩემი, მოყვარული მხატვარი, საშუალო კლასს მიეკუთვნებოდა. დედა პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა, მაგრამ ხელის დაავადებამ აიძულა ის, სწავლისთვის თავი დაენებებინა. სამოქალაქო ომის დროს ხელისუფლება ყოველდღე იცვლებოდა: თეთრები, წითლები, მწვანეები, კაზაკები, პოლონელები - ერთმანეთის მიყოლებით მართავდნენ ქალაქს. შიმშილი მძვინვარებდა, საოჯახო ნივთებს საჭმელზე ვცვლიდით.” აიზეკი სულ 10 თვის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად უკრაინიდან ამერიკაში გადავიდა. სან-ფრანცისკოში, სადაც რუსეთიდან ჩასული მრავალი ოჯახი ცხოვრობდა, რუსული ენა სტერნმა მასწავლებლის გარეშე - “სმენით” აითვისა. “რაც შეეხება მუსიკას, - იხსენებდა მევიოლინე, - მე გამიმართლა: ჩემი პედაგოგი დაკვრას კი არ მასწავლიდა - უბრალოდ, მიხსნიდა, თუ როგორ უნდა მესწავლა. ვთქვათ, ვუსმენდი, როგორ უკრავდა რახმანინოვი ბეთჰოვენის სონატებს - ეს იყო შესრულების ბრწყინვალე მაგალითი.”

თბილისში აიზეკ სტერნის გასტროლები ორჯერ გაიმართა. პირველად 54 წლის წინათ, 1956 წელს, გაიკრა მისი კონცერტის ანონსი დედაქალაქის სააფიშო სტენდებზე. ე.წ. “რკინის ფარდის” პირობებში ჩვენი საზოგადოება მოკლებული იყო ყოველგვარ ინფორმაციას უცხოეთში მოღვაწე მუსიკოსების შესახებ. რაც შეეხება მევიოლინეებს, თბილისში კონცერტებს მართავდნენ მხოლოდ ცნობილი საბჭოთა შემსრულებლები დავიდ ოისტრახი, ლეონიდ კოგანი, ბორის (ბუსია) გოლდშტეინი და სხვები. ამგვარად, აიზეკ სტერნი ჩვენთვის “terra incognita” იყო. ყოფილი პლეხანოვის (დღევანდელი აღმაშენებლის) გამზირზე მდებარე “გოფილექტის” ბაღის ჩუქურთმიანი საკონცერტო დარბაზი მსმენელს ვერ იტევდა. კონცერტი სეზარ ფრანკის სონატის შესრულებით დაიწყო, მევიოლინეს აკომპანიატორობას უწევდა შესანიშნავი პიანისტი ალექსანდრ ზაკინი.

აიზეკ სტერნის ვიოლინო “გვარნერის” ჟღერადობამ, გადაჭარბების გარეშე, ტრანსში შეგვიყვანა. განსაკუთრებით გაგვაოცა სტაკატომ (ხემის სწრაფმა წყვეტილმა მოძრაობამ) - არა ქვემოდან ზევით, რაც ბუნებრივია, არამედ ფიზიოლოგიურად წარმოუდგენელი უკუსვლით. “გოფილექტის” საღამო მუსიკის ტრიუმფად იქცა. სხვათა შორის, კონცერტის შემდეგ ქალაქში ჭორი გავრცელდა, თითქოს სტერნისთვის ეკითხოთ, რა აზრის იყო საბჭოეთის საუკუთესო მევიოლინე დავიდ ოისტრახზე, რაზეც აიზეკს თითქოს უთქვამს, ეჭვგარეშეა, ოისტრახი მსოფლიოში მეორე მევიოლინეაო. მაშინ ვინ არის პირველი? - უკითხავს თითქოს თანამოსაუბრეს. “ო-ო! პირველი ბევრია”, უპასუხია სტერნს. თბილისში მეორე ჩამოსვლაზე ამერიკელმა მუსიკოსმა კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში გამართა. ბედმა გამიღიმა - ამ კონცერტსაც დავესწარი. 1991 წელს ნიუ-იორკში, IX ავენიუზე მდებარე რუსულ რესტორან “FireBird”-თან (“ფასკუნჯთან”) სტერნს შემთხვევით პირისპირ შევხვდი. ის სპორტულ კოსტიუმსა და ბოტასებში იყო გამოწყობილი. ვერ გავბედე მასთან დალაპარაკება, რასაც დღემდე ვნანობ. ქვეცნობიერის სიღრმიდან იმ მომენტში რატომღაც ამოტივტივდა მისი სიტყვები: “მუსიკა არ არის მხოლოდ პროფესია, ის ცხოვრების წესია”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG