Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კიბო: რატომ არის ძნელი მელანომის მკურნალობა?


კიბოს სიმსივნის მრავალი სახეობა მცირერიცხოვანი ღეროვანი უჯრედების გამრავლების შედეგად ვითარდება. ამდენად, მათი მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შედეგის მომტანი, თუკი ხერხდება ამ უჯრედების განადგურება. როგორც ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, მელანომის, კანის კიბოს ყველაზე სახიფათო ტიპის, შემთხვევაში ვითარება სხვაგვარად გამოიყურება. მელანომის შემთხვევაში არა მხოლოდ ღეროვან, არამედ ყველა უჯრედს აქვს იმის უნარი, რომ კიბოს ღეროვანი უჯრედების თვისებები ატაროს. როცა ისინი ამას აკეთებენ, ეს უჯრედები ქმნიან გარკვეულ ფერმენტს და ძალზე ნელა ვითარდებიან, რაც მათ მკურნალობის მიმართ რეზისტენტულს ხდის. ამდენად, ეფექტიანი თერაპიისთვის აუცილებელია ორივე ტიპის უჯრედების ერთდროულად მკურნალობა, წერენ მეცნიერები ჟურნალ „Сell“-ში.

„კიბოს ღეროვან უჯრედებზე ნადირობა უნდა შევწყვიტოთ, ვინაიდან ისინი, უბრალოდ, არ არსებობს,“ ამბობს ფილადელფიის უისტარის ინსტიტუტის თანამშრომელი მეენჰარდ ჰერლინი მელანომოთერაპიის განვითარების მცდელობების შეფასებისას. კიბოს ღეროვანი უჯრედების ჰიპოთეზის თანახმად, სიმსივნის მთავარი მასა შედგება უჯრედებისგან, რომლებიც მცირერიცხოვანი გადაგვარებული ღეროვანი უჯრედისგან წარმოიქმნა. კიბოს ასეთი ღეროვანი უჯრედები ძალზე რეზისტენტულია, ახალი სიმსივნეების წარმოქმნა მხოლოდ მათ შეუძლია. როცა ხერხდება მათი განადგურება, წყდება ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესი და სიმსივნე იკლებს. მელანომის შემთხვევაში პირიქით - ჰერლინმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ კიბოს უჯრედების წარმოქმნა არ არის ცალმხრივი პროცესი: როგორც ჩანს, კიბოს ყოველ უჯრედს ძალუძს იქცეს კიბოს ღეროვან უჯრედად.

ამას განაპირობებს გენი, რომელიც იწვევს დემეთილაზის, ფერმენტ JARID1B-ს წარმოებას. ამ ფერმენტის არსებობა-არარსებობა განმასხვავებელი ფაქტორია ორი ტიპის უჯრედებს შორის. მელანომის უჯრედების დაახლოებით ხუთი პროცენტი აწარმოებდა ამ ფერმენტს და ნელა განვითარებადი ღეროვანი უჯრედებივით იქცეოდა. ისინი ზრუნავდნენ სწრაფად მზარდი კიბოს უჯრედების წარმოებაზე, რომლებც თვითონ არ აწარმოებდნენ ფერმენტს. თუკი ახდენდნენ კიბოს ქსოვილში ფერმენტის წარმოების სრულად ბლოკირებას, სიმსივნის მასის ზრდა წყდებოდა.

„ჩვენ ორმაგი თერაპიის მომხრე ვართ“, ამბობს ჰერლინი. უნდა განადგურდეს როგორც ფერმენტის შემცველი უჯრედები, ისე ის უჯრედები, რომლებიც ფერმენტს არ შეიცავს. ამჟამად გავრცელებული თერაპია ანადგურებს მხოლოდ სწრაფად მზარდ კიბოს უჯრედებს, სხვები კი უვნებელი რჩებიან და სიმსივნის შემდგომ ზრდასა და მეტასტაზებს იწვევს.“
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG