Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცუბნები


ჯარი, არჩევნები და ე.წ. სპეცუბნები საქართველოში ყოველთვის იყო სპეციალური მსჯელობის საგანი.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ არმია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინებული და ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტი, ყოველთვის 100 პროცენტით მონაწილეობს არჩევნებში და სამხედროთა უდიდესი უმრავლესობა ხმას ყოველთვის მმართველ პარტიას აძლევს. ან მმართველ რეგიონულ პარტიას, როგორიც იყო, მაგალითად, „აღორძინების კავშირი“, რომელსაც 1998 წლის საყოველთაო არჩევნებში ბათუმში დისლოცირებულმა მაშინდელმა 25-ე ბრიგადამ სულ მთლად 102 პროცენტით დაუჭირა მხარი. ეს როგორ არის მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, რომ ხმა იმ ჯარისკაცებმაც მისცეს, რომლებიც „დეზერტირად“ ირიცხებოდნენო.

შედარებისათვის, იმავე არჩევნებზე თბილისსა და ქუთაისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილებიდან „მოქალაქეთა კავშირს“ მხოლოდ ხმათა 70 პროცენტი ხვდა წილად, რაც ცუდ შედეგად და მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ უნდობლობად ჩაითვალა. „არმიაში ოპოზიციური ბაცილა გავრცელდაო“, ამბობდა მაშინ ერთ-ერთი ახალგაზრდა პარლამენტარი მმართველი პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც ახლაც მმართველ გუნდშია და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფება.

არადა, მე თუ მკითხავთ, ეს 70 პროცენტიც ზედმეტი იყო - არმია მშიერი, შიშველ-ტიტველი და ვალებში ჩაფლული იყო ქრონიკული დაუფინანსებლობის გამო და რომ არა ე.წ. სპეცუბნები, საიდანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე უფრო ადრე არჩევნების შედეგებს გენერალური შტაბი ღებულობდა, ხელისუფლება ალბათ ამის ნახევარ ხმებსაც ვერ დაითვლიდა.

ჰო, ერთი-ორი სიტყვა ამ ფენომენზეც უნდა ითქვას, რასაც „სპეცუბნები“ ჰქვია. ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით შექმნილი საგანგებო საარჩევნო უბნები, რასაც კანონი დასაშვებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიას თავისი ჯანმრთელობის (მაგალითად მოხუცთა თავშესაფარი, საავადმყოფო), წინასწარი პატიმრობის, ანდა განსაკუთრებული დავალების პირობებში (საბრძოლო მივლინებაში მყოფი ქვედანაყოფის, ან ზღვაში მყოფი გემების ეკიპაჟები) ყოფნის გამო, არ შეუძლია ჩვეულებრივ საარჩევნო უბანზე მისვლა.

საქართველოში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 70-ზე მეტი საგანგებო საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათი ნახევარი - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისათვის.

ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატიული ქვეყნების სინამდვილეში ასეთი საგანგებო საარჩევნო უბნები არ არსებობს. მაგალითისათვის, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებისათვის ასეთი საგანგებო საარჩევნო უბნების გახსნა მიღებული პრაქტიკაა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია და მკაცრად რეგულირდება. ქვეყნებში, სადაც არმია საკონტრაქტო წესით არის დაკომპლექტებული, სამხედრო მოსამსახურეები ძირითადად სამხედრო ნაწილებთან ახლოს, საკუთარ ოჯახებთან ერთად აძლევენ ხმას და არავითარ მეთაურს და გენერალს არ აქვს უფლება ზემოქმედება მოახდინოს ან უხეშად ჩაერიოს ამ არჩევანში.

დღევანდელი საქართველოს არმიის 80 პროცენტი სწორედ პროფესიონალი, სახელმწიფოს მიერ კონტრაქტის წესით დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. სამხედრო ნაწილების უმრავლესობა კი თავმოყრილია თბილისში და მის გარშემო, სადაც არც საგანგებო მდგომარეობაა და არც კონფლიქტის ზონა. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მარტო თბილისის მასშტაბით ქართველი სამხედროებისათვის გახსნილი სპეციალური უბნების რაოდენობა 20-ს აღწევდა და დამკვირვებლებსაც ყველაზე მეტი პრეტენზიაც სწორედ სპეცუბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე აქვთ.

არმიის მშენებლობაში საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა მემკვიდრეობით მიღებულ ბევრ მანკიერ სტეროტიპზე, ძირეულად შეცვალა და სერიოზულად გააუმჯობესა შეიარაღებული ძალების სტრუქტურული იერ-სახე, კომპლექტაცია, მართვა, ლოგისტიკური უზრუნველყოფა, პირადი შემადგენლობის სოციალური, საყოფაცხოვრებო პირობები და დაფინანსება. მაგრამ ერთ-ერთი მანკიერი სტერეოტიპი, რასაც ხელისუფლება ასევე უნდა შეელიოს, ესაა ე.წ. „სპეცუბნები“ იქ, სადაც არ არსებობს არც მათი გახსნისა და არც ჯარისკაცების დასტა-დასტად მიყვანის აუცილებლობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG