Accessibility links

logo-print
კანის კინოფესტივალი პირველად მაშინ დავაფასე, როცა ჩემმა საყვარელმა სტივენ ფრირზმა, 2007 წლის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ”ოქროს პალმა” გადასცა ყველასთვის უცნობ რუმინელ რეჟისორს, კრისტიან მუნჯიუს ფილმისთვის "4 თვე, 3 კვირა და 2 დღე". მაშინ გავიაზრე, რომ სხვა დიდი კინოფორუმებისგან განსხვავებით კანში კონიუნქტურას თითქმის არასდროს ითვალისწინებენ. კონიუნქტურას და მოდას კანი თავად ქმნის. რუმინული სურათის გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა მოდა კინოზე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ძმები დარდენებისა და ერიკ რომერის სტილის ნაზავი - გენიოსების კინოს ნაზავი. ამ მოდით კანის წლევანდელი ფესტივალის საუკეთესო ფილმის, "კიდევ ერთი წლის" რეჟისორი მაიკ ლიც კი მოიხიბლა, ააგო თავისი ახალი სურათი გრძელ ხედებზე და კვაზიიმპროვიზაციაზე, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები მხოლოდ "ფონად" აქცია და ყურადღება გადაიტანა მარადიულ თემებზე - სიყვარულზე, სიკვდილზე, მარტოობაზე, მოხუცებულობაზე...

მაგრამ წლევანდელმა ჟიურიმ ტიმ ბერტონის ხელმძღვანელობით დემონსტრაციულად დაიწუნა მაიკ ლის ეს სურათი, რომელიც ფესტივალის ბოლო დღემდე კრიტიკოსთა ყველა გამოკითხვაში ლიდერობდა. უპრიზოდ დატოვეს ფესტივალის კიდევ ერთი კარგი ფილმი, უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას "ჩემი ბედნიერება", ხოლო პირადად ჩემი ფავორიტი, სამხრეთკორეული "პოეზია", რომელმაც კინოში დავიწყებული იასუძირო ოზუ "გააცოცხლა", მეორეხარისხოვანი ჯილდოთი აღნიშნეს - პრიზით საუკეთესო სცენარისთვის.

რა თქმა უნდა, კანის 63-ე ფესტივალის შედეგებზე პირველ რიგში ტიმ ბერტონი აგებს პასუხს. მას და მხოლოდ მას უნდა აეხსნა, როგორ შეიძლება მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის მთავარი პრიზი გადასცე რეჟისორს, რომელმაც არ იცის მსახიობებთან მუშაობა, ვერ აყენებს კადრს, წარმოდგენა არა აქვს, რა არის დრამატურგია, მიზანსცენა, კინემატოგრაფიული სახე... კრიტიკოსები, რომლებმაც ბერტონის გადაწყვეტილება მოიწონეს, აპიჩატპონგ ვერასეტაკულს უწოდებენ პრიმიტივისტს, რომელმაც კინოში ანრი რუსოს ტრადიცია დაამკვიდრა. "ძია ბუნმი, რომელიც თავის წინა ცხოვრებებს იხსენებს" ხანდახან მართლაც გაგახსენებთ რუსოს სურათებს. მაგრამ პრიმიტივისტი ფერმწერის სტილიზაცია რატომ იმსახურებს "პალმას", ეს არ მესმის... იქნებ ყველაფრის მიზეზი მაინც ფინანსური კრიზისია? იქნებ ტიმ ბერტონს ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ფული კინოში არაფერს წყვეტს და შედევრის გადაღება გროშებითაც შეიძლება (ტაილანდური სურათი ყველაზე მცირებიუჯეტიანი იყო კანის საკონკურსო პროგრამაში)? შეიძლება ასეცაა. უბრალოდ, სასაცილოა, ამას ტიმ ბერტონი რომ ამტკიცებს!

თუმცა კანის წლევანდელი ფესტივალის მოულოდნელ შედეგებზე თავად ფესტივალის დირექციამაც უნდა აგოს პასუხი. დირექციას უნდა აეხსნა, რატომ დაიწუნეს კონკურსისთვის იმავე სტივენ ფრირზის ახალი ფილმი "ტამარა დრუ" - გონებამახვილური სატირა მასკულტურაზე, გემოვნების სტანდარტიზაციაზე და, პირიქით, რატომ მოხვდა კონკურსში ნიკიტა მიხალკოვის პროპაგანდისტული მარაზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომი მოაგებინა არა სტალინმა (რომელიც იდიოტადაა გამოყვანილი) და არა ხალხის შეუპოვრობამ, ჯარისკაცების გმირობამ, არამედ... ღმერთმა, უფრო სწორად, მართლმადიდებლობამ. მიხალკოვის პოზიციას კიდევ აიტანდა კაცი (არაა გამორიცხული, ფილმი "ოსკარის" ფინალისტებშიც მოხვდეს), რომ არა კარიკატურად ქცეული ისტორია და თავად მიხალკოვი-არტისტის მომაბეზრებელი პრანჭვა-გრეხა ეკრანზე.

ცხადია, კანის ფესტივალის დირექციას არ მოეთხოვება იმის ცოდნა, რომ კაცი, რომელსაც მიეძღვნა "მზით გათანგულნი 2", სერგეი მიხალკოვი, სტალინური პრემიის სამგზის ლაურეატი, სახელგანთქმული კონფორმისტი, არანაირად არ ჰგავს იმ პერსონაჟს, რომელიც ნიკიტამ განასახიერა. მაგრამ კანის კინოფორუმის პრეზიდენტმა, ჟილ ჟაკობმა კინო მაინც ხომ იცის და ახსოვს, რომ ყველა სხვა ფესტივალისგან განსხვავებით, კანი ყოველთვის უარყოფდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და გზას უღობავდა უნიჭობას.

შეიძლება, ყოველთვის არა. მაგალითად, მაიკლ მურს ერთხელ გადასცეს ”ოქროს პალმა”. ევროპულ-კინემატოგრაფიული კონიუნქტურა მოითხოვდა ამას - ჯორჯ ბუშის დატუქსვას! მაგრამ მერე, როცა კანის ფესტივალის პუბლიკამ სტვენით აიკლო მაიკლ მურის ”Sicko”, რომელშიც ჯორჯ ბუშის სიძულვილით მური უკვე ფრანგულ, უფრო მეტიც, კუბურ ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემას აიდეალებს, მაიკლ მურის მზე კანშიც ჩაესვენა. თანაც, ჯორჯ ბუში აღარაა პრეზიდენტი და აბა დღეს ვისღა დააინტერესებს მურის პუბლიცისტიკა?

არაფერი ძველდება "აქტუალურ კინოზე" სწრაფად. კანში კი, ტრადიციულად, არ უყვართ ის, რაც სწრაფად ძველდება. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით დატოვა უყურადღებოდ ბერტონის ჟიურიმ წლევანდელი ფესტივალის ყველაზე სკანდალური სურათი, რაშიდ ბუშარების "კანონს მიღმა", რომელშიც ალჟირის ომის ამბები იმდენად ტენდენციურადაა ასახული, რომ ფესტივალის სასახლესთან პატარა საპროტესტო მიტინგიც გაიმართა ლოზუნგით "რატომ იღებენ ანტიფრანგულ ფილმს ფრანგული ფულით?" და, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზითაც აღინიშნა "ოქროს პალმით" ტაილანდური სურათი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი იდენტურობა, ჩვენი "მე" ერთი დიდი ილუზიაა, რადგანაც სამყარო სულების გადასახლების "კანონებით" ვითარდება...

რა ვიცი, ილუზიაა? კანის ფესტიავალის დახურვისთანავე გავეშურეთ ერთკვირიან მივლინებაში "წითელი ზონის" ჯგუფი - ჯერ ბილბაოში, მერე პალერმოში. ვაკვირდებოდით გერმანელ, ფრანგ, ამერიკელ, შვედ ტურისტებს, რომლებიც აღტაცებულები შესცქეროდნენ იქაურ არქიტექტურას, მიირთმევდნენ ეგზოტიკურ კერძებს და ტკბებოდნენ ყველაფრისგან განსხვავებული პეიზაჟებით. შეიძლება ცოტა შურდათ კიდეც იმის, რომ "ერთნაირობას" იქამდე ჯერ ვერ ჩაუღწევია.

ეს ადარდებს სწორედ სტივენ ფრირზს თავის ახალ ფილმში. ამის გამო დასცინის თანამედროვე ინტელექტუალებს და ტინეიჯერებს, მოხუცებს და ბავშვებს... და პირველ რიგში - საკუთარ თავს იმის გამო, რომ ამ წრეში გაითქვიფა: ბაფთა გაიკეთა, "შარვალ-კოსტუმში" გამოეწყო, კანის ყველაზე ძვირ სასტუმროში, "კარლტონში" დაბინავდა და თავის სხვა კოლეგებთან ერთად იმის მტკიცება დაიწყო, რომ ფული არაფერს ნიშნავს, ყველაზე ღარიბსაც შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, თუკი ნიჭი აქვს!

ეს ადარდებდა ლუის ბუნუელს, როცა "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი" გადაიღო. სხვათა შორის, ფილმი, რომელიც კანის 1972 წლის ფესტივალის დირექციამ დაიწუნა და კონკურსში არ ჩართო.

მსოფლიოს მთავარი კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ორჯერ მოიპოვა ემირ კუსტურიცამ და მხოლოდ ერთხელ - ლუის ბუნუელმა.

ლუის ბუნუელმა და აპიჩატპონგ ვერასეტაკულმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG