Accessibility links

logo-print
ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ამ მიმართულებით საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო აუარესებს. პროცესი, რომლის მორიგი ეტაპიც წლის დასაწყისიდან მცოცავი ტემპით დაიწყო, ამჟამად მორიგი რამდენიმეწლიანი მინიმუმის ფიქსირებით დაგვირგვინდა.

ლარის დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში კვლავ დაეცა, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და 1,8068 პუნქტი შეადგინა.

შედარებისთვის გეტყვით, რომ დოლარი დაახლოებით ამდენივე ბოლოს 4 წლის წინ – 2006 წლის მაისში ღირდა.

რაც შეეხება უფრო მოკლე შესადარებელ პერიოდს, მარტო წლევანდელი 1 იანვრიდან რომ დავიანგარიშოთ, გამოდის, რომ განვლილ 5 თვეში ლარის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 7%-ით გაუფასურდა – 1 იანვარს დოლარი 1,6929 ლარი ღირდა.

ეროვნულ ბანკში კვლავინდებურად აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გრძელვადიანი ეკონომიკური წინაპირობები არ არსებობს. ამავე დროს, ბანკს გააჩნია საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ რისკების მატების შემთხვევაში პროცესებში ჩაერთოს და დაძაბულობა განმუხტოს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელმაც პროცესების გართულება უნდა გამორიცხოს, ქვეყნის სოლიდური სავალუტო რეზერვებია. თუმცა, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სავალუტო რეზერვის არსებობა ჯერჯერობით ლარის გაუფასურების პროცესს ვერ აჩერებს.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გააქტიურებული ლარის კურსის გაუფასურება იმპორტიორებმა მალევე ასახეს პროდუქციის ფასზე. მაგალითად, ფარმაცევტებმა 400 დასახელების მედიკამენტი საშუალოდ 6%-ით გააძვირეს. მათ არც ნავთობიმპორტიორები ჩამორჩნენ და საწვავზე მათაც გაზარდეს ფასები, საშუალოდ, 5-10 თეთრით. იმპორტიორები ერთიმეორის მიყოლებით დღესაც აქტიურად ზრდიან ფასებს.

იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების პარალელურად, 2010 წლის იანვრიდან დღემდე, ინფლაციაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თვიურმა ინფლაციამ იანვარში 1,1%, თებერვალში – 1,5%, მარტში – -0,2%, ხოლო აპრილში 0,2% შეადგინა. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სამომხმარებლო კალათაზე, ფასების ზრდის წლიურ საერთო მაჩვენებელშიც. თუ იანვარში წლიური ინფლაცია 2,7%-ს შეადგენდა, აპრილში ფასების ზრდამ უკვე 5,6%-ს მიაღწია. ასე რომ, ლარის გაუფასურების ეფექტი ნელ-ნელა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
XS
SM
MD
LG