Accessibility links

logo-print

”იმედის” შიდა და გარე ცვლილებები


ტელეკომპანია ”იმედის” შენობა

ტელეკომპანია ”იმედის” შენობა

ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობა უარყოფს ქართული და რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ტელეარხის შეძენას და მის გენერალურ დირექტორად ჟურნალისტ ოქსანა ზინოვიევას დანიშვნას ერთ-ერთი უკრაინული კომპანია აპირებს.

”იმედის” მფლობელი "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ტელეკომპანიის შესაძლო გაყიდვის ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა. არველაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის გამო, მისგან განმარტებას თავად ოქსანა ზინოვიევა ითხოვდა. გიორგი არველაძის თქმით, "იმედი" განვითარებას განაგრძობს და მისი გაყიდვის არც საფუძველი და არც სურვილი არსებობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახისთვის უცნობია, მართლაც სურს თუ არა უკრაინულ კომპანიას ტელეკომპანია ”იმედის” შეძენა.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა - ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ოთარ ბუბაშვილის ნაცვლად, თემურ ხუბულავა დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთარ ბუბაშვილი და ბაკურ ლაშქარავა უცხოეთში სასწავლებლად გაემგზავრნენ. თანამდებობა დატოვა ბიძინა ბარათაშვილმაც, რომელიც მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG