Accessibility links

logo-print

პოსტსაარჩევნო ცვლილებების გავლენა ”ალიანსის” რეიტინგსა და გეგმებზე


თბილისის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე გასული ”ალიანსი საქართველოსთვის” ახალი გამოწვევების წინაშეა. „ალიანსი“ უკვე დატოვა სოზარ სუბარმა, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია „ალიანსიდან“ კოკა გუნცაძის წასვლის შესახებ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკანასკნელი მონაცემებით, ”ალიანსი საქართველოსთვის” ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა საქართველოს მასშტაბით. თბილისში კი მან პროპორციული სიით ხმების 17,98 პროცენტი მიიღო, ხოლო რეგიონებში 9,19 პროცენტი. თბილისის საკრებულოში „ალიანსს“ 5 წევრი ეყოლება.

არჩევნებში მიღწეული ამ შედეგის პარალელურად, გაერთიანების რიგებში ბზარები გაჩნდა. რამდენიმე ხნის წინ ალიანსი სოზარ სუბარმა სწორედ იმ პოლიტიკის გამო დატოვა, რომელმაც, მისი აზრით, „ალიანსს“ პირველი ადგილის მოპოვებაში შეუშალა ხელი. აი, რა უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას ამ საკითხზე:

”უნდა დაარწმუნო ადამიანები, უნდა დაარწმუნო მოსახლეობა, რომ კბილებით დაიცავ თითოეულ ხმას და თითოეული ადამიანის უფლებას და იდგები მასთან ერთად ბოლომდე და აჩვენებ ხელისუფლებას, რომ წამსვლელი ხარ სერიოზულ რისკებზე, ქუჩის აქცია იქნება ეს თუ უფრო მკვეთრი განცხადებები...”

კოკა გუნცაძე (მარჯვნივ), ”უცნობი” და გოგა ხაინდრავა 2009 წლის 26 მაისს გამართულ აქციაზე
სუბარისგან გასხვავებით, „ალიანსის“ შესაძლო დატოვების მიზეზებზე ჯერ არ უსაუბრია კოკა გუნცაძეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამის შესახებ მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას. საგულისხმოა, რომ სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე გასული წლის შემოდგომაზე თითქმის ერთდროულად შეუერთდნენ ალიანსს და თითქმის ერთდროულადვე ტოვებენ პოლიტიკურ ძალას.

კოკა გუნცაძის გადაწყვეტილების ახსნა უჭირს „ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით საგანელიძეს, და გუნცაძის პოლიტიკურ გემოვნებაზე საუბრობს:

”რაც გაუხარდება გუნცაძეს, ის გააკეთოს. არავის კრიტიკას არ ვაპირებ. ეს მათი გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ალასანიას არჩევნებში რომ გაემარჯვა და მერი გამხდარიყო, ზოგიერთი წევრი ძალით რომ გაეგდო, მაინც არ წავიდოდნენ და ახლა, როცა ეს შედეგი გვაქვს, ზოგი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს მათი გემოვნების საკითხია.“

რა გავლენას იქონიებს „ალიანსის“ რეიტინგზე და სამომავლო გეგმებზე პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები? ამის შესახებ „ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, გვესაუბრება:

”ცალკეული პირების ყოფნა-არყოფნა „ალიანსის“ გეგმებზე გავლენას ვერ ახდენს. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როცა ცნობილი სახეები ტოვებენ რაიმე გაერთიანებას და გამორიცხული არ არის, სხვა ცნობილმა სახეებმა შეავსონ „ალიანსი“. პირადად მე ვფიქრობ, რომ იმ ხუთეულის გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე, რომელიც საკრებულოში შევა, ვერანაირი საკადრო ცვლილება გავლენას ვერ იქონიებს.”

ახალი წევრების შესაძლო მიღება „ალიანსის“ ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ გამორიცხა, რადგან მსგავს თემაზე საუბარი ჯერჯერობით საერთოდ არ ყოფილა. ამ ეტაპზე „ალიანსისთვის“ ყველაზე აქტუალური არჩევნების შედეგების შეფასება და მისი გააზრებაა.

პარტიიდან წევრების წასვლის შეფასებისას კი მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან „ალიანსის“ შიგნით მიმდინარე პროცესების უტრირება და დრამატიზება ხდება, თითქოს „ალიანსი“ იშლებოდეს.
ლევან ბერძენიშვილმა დააკონკრეტა და „ალიანსის“ შიგნით მიმდინარე პროცესების დრამატიზებაში ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებად მედიას დასდო ბრალი, რადგან, მისი აზრით, კოკა გუნცაძე ის ფიგურა არ იყო, რომლის წასვლასაც რაიმე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დასთმობოდა:

ზურაბ აბაშიძე, ”ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი.
”ეს არის ოცნება სხვა პარტიების. ამ შემთხვევაში მედიასაშუალებები მიუკერძოებლები არ არიან. მათთვის ნებისმიერი ოპოზიციური გაერთიანება საშიშია და ისინი, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ”ალიანსი” იშლება იმის მიხედვით, შევა თუ გამოვა იქიდან კოკა გუნცაძე.”

პოლიტიკურ გაერთიანებაში არსებული განწყობა და საკრებულოსთან დაკავშირებული გეგმები უცვლელიაო, ამბობს ზურაბ აბაშიძე და იმ საკითხებზე საუბრობს, რომლის გაჟღერებასაც სწორედ საკრებულოს ტრიბუნიდან გეგმავს „ალიანსი“:

”ჩვენ მანდატებზე უარს არ ვამბობთ და შევდივართ საკრებულოში და ვაპირებთ ბრძოლას იმ მანდატებიდან გამომდინარე. საკრებულოს წევრის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვაპირებთ ჩვენც და ამომრჩეველსაც დავანახვოთ ბიუჯეტი, ანუ ის გავხადოთ გამჭვირვალე და ყველა იმ საკითხის განხორციელებაზე ვიზრუნოთ, რაც ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში გვედო, ეს არის ჯანდაცვის თემა, დასაქმების თემა და ა.შ...”
XS
SM
MD
LG