Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპრეცედენტო ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი საერთაშორისო ნარკორეალიზატორი დააკავა. თბილისსა და ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ანასტასია ზაუტაშვილის, მევლუდ სვანიძის, რომან მუსემიანის, გიორგი ჩეჩელაშვილისა და თენგიზ გურჩიანის დაკავება მოჰყვა. შსს აცხადებს, რომ ეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია იყო.

ეს ქართულ ბაზარზე ასე დიდი რაოდენობით კოკაინის გამოჩენის პირველი შემთხვევაა, განაცხადა 3 ივნისს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, სპეცოპერაციის დეტალებზე ლაპარაკისას: “გახსნილია დიდი რაოდენობით ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანზიტის საქმე. გუშინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ ამოიღო 1 700 000 ევრო ნაღდი ფული, დავაკავეთ ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც კოკაინის დიდი პარტიების კონტრაბანდას ახორციელებდა პერუდან, პანამიდან და კოლუმბიიდან, საქართველოს გავლით, თურქეთში. კოკაინი დამალული იყო ჯართში, რომელიც პერუს პორტებიდან შემოდიოდა საქართველოს პორტებში. ვიცით, რომ ამ ბიზნესს მფარველობდა ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რაოდენობის კოკაინი გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და გამორიცხული არ არის უფრო დიდი პარტიებიც იყოს და, როგორც ჩანს, მართლაც არსებობდა ნარკოტიკების ტრანზიტის არხი, რომელიც საქართველოზე გადიოდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა და ესპანეთში ცხოვრობს, პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან რეგულარულად უგზავნიდა ჯართს შესაბამის პირებს, ჯართში კი "კოკაინის" დიდი პარტიები იყო გადამალული - მიზანი ნარკოტიკის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაცია გახლდათ.
”ეს ადამიანი შაქრო კალაშოვის მითითებებით მოქმედებდა და ის ახდენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებას.”

საქმის ვითარება ასეთია: 2009 წლის ივლისში საქართველოში ჯართის მორიგი პარტია ჩამოვიდა, რომელშიც 90 კგ კოკაინი იყო გადამალული. ტვირთი ფოთიდან ბოჭორიშვილის დის ქმართან - მევლუდ სვანიძესთან -ქუთაისში გადაიტანეს. კოკაინი სვანიძის სახლში გადამალეს.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ნარკოტიკები, რეალიზაციის მიზნით, ბოჭორიშვილის დავალებით, თურქეთში გიორგი ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობრებმა გადაიტანეს. მათ დაპირებული 10 000 დოლარი არ გადაუხადეს და კრიმინალებს სთხოვეს დახმარება, რათა ბოჭორიშვილს ეს თანხა გადაეხადა. იმ დღეს ბოჭორიშვილი საქართველოში იმყოფებოდა; დაიბარეს კრიმინალებმა და 250 000 დოლარის მიტანა მოსთხოვეს. საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს თენგიზ გურჩიანს დაუკავშირდა ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, ბოჭორიშვილის დაცვის მიზნით. გურჩიანი ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს შეხვდა და ბოჭორიშვილზე ზეწოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

მოგვიანებით ბოჭორიშვილმა პირადად დაურეკა გურჩიანს და მადლობა გადაუხადა. ჯგუფმა კურიერის - თურქეთში ნარკოტიკების გადამტანის -ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ბოჭორიშვილი დაუკავშირდა ანასტასია ზაუტაშვილს და ქილერის საკონტაქტო ინფორმაცია მისცა, რომლისთვისაც ზაუტაშვილს კურიერის მკვლელობა უნდა შეეკვეთა.
ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოიღეს მიწაში დამარხული, დაახლოებით, 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო.

ვიდეოკადრებში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ვხედავთ როგორ იღებენ ნარკორეალიზატორების სახლებიდან დიდი რაოდენობით ფულს - უცხოურ ვალუტას. 3 ივნისსვე გავრცელდა თენგო გურჩიანის და ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვისა, და ნუგზარ ბოჭორიშვილის და თენგო გურჩიანის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც.

კოკაინის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. აქამდე მისი გასაღების მთავარი ბაზარი ევროპა იყო. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხაენ, რომ, ევროპაში გამკაცრებული წესებისა და ჩაკეტილი ბაზრის პარალელურად, ამ ბიზნესით დაკავებულმა პირებმა ნარკოტიკების რეალიზაციისათვის შესაძლოა ახალ სატრანზიტო გზას - სამხრეთ კავკასიას - მიაგნეს და სწორედ ამ მარშრუტის აქტიურად გამოყენებას გეგმავენ.

”ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში კოკაინის მოხმარების ან რეალიზაციის შემთხვევები მისთვის ცნობილი არ არის:

”მხოლოდ ერთეული შემთხვევები ყოფილა. ძირითადად, ვინმე საზღვარგარეთიდან თუ ჩამოიტანს თავისთვის და გაასინჯებს ვინმეს. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ ორგანიზებული ვაჭრობა ხდებოდეს ჩვენთან კოკაინით და, შესაბამისად, მომხმარებელიც ძალიან ცოტაა.”

დავით ოტიაშვილმა აგვიხსნა, რომ კოკაინი საკმაოდ მძიმე ნარკოტიკია, რომელზეც ძალიან მოკლე პერიოდში შეიძლება ადამიანი გახდეს დამოკიდებული.

რაც შეეხება დაკავებულ პირებს, წინასწარი ინფორმაციით, მათ ამ დანაშაულისათვის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG