Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის „მტრედები“ და „ქორები“


არჩევნები დასრულდა. ერთი შეხედვით, შედეგები მკაფიოა და განსაკუთრებულ ანალიზს არც მოითხოვს: გიგი უგულავამ გაიმარჯვა; ალასანია დამკვიდრდა, როგორც ოპოზიციის პირველი ლიდერი; ნოღაიდელი დამარცხდა.

და მაინც, 30 მაისის არჩევნებმა დაიმსახურა, უფრო ღრმად ჩავხედოთ საარჩევნო სამკუთხედს: უგულავა – ალასანია – ნოღაიდელი.

გიგი უგულავა. ამ არჩევნებით დასრულდა ეჭვების ერთი ეტაპი ნაციონალური მოძრაობის დასუსტებაზე, შიდა დაპირისპირებაზე, სახელისუფლო რესურსის ამოწურვაზე. დაიწყო რაღაც ახალი, რომელიც ჯერ არ ვიცით, რა არის, რამდენ ხანს გასტანს და რას მოგვიტანს.

უფრო კარგად რომ განვმარტო – ჩემი აზრით, სახელისუფლო პარტიის პრობლემა სისტემურია: მის ლიდერს სამ წელიწადში საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ეს კი პარტიის ქველიდერებს სიფხიზლის მდგომარეობაში ამყოფებს და საკუთარი პოზიციების დაცვისკენ უბიძგებს. თუმცა, სისტემურ პრობლემას არჩევნებისთვის ხელი არ შეუშლია; როგორ და რატომ – სამომავლო ანალიზის თემაა. მაგრამ ის, რისი ნიშნებიც იყო – რაც შესაძლოა, მომხდარიყო, თუმცა, არ მოხდა არჩევნების წინა პერიოდში – სახელისუფლო გუნდის შიგნით ხლეჩაა. საფრთხემ გადაიარა და ნაციონალურ მოძრაობას საშუალება აქვს, შედარებით მშვიდ, უხმაურო ვითარებაში დაალაგოს შიდა იერარქია.

ზურაბ ნოღაიდელი. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ფინანსებში გაწაფულ პიროვნებას და ადამიანს, რომელსაც ფულის ფლანგვა არ უყვარს, 30 მაისის არჩევნები მეტისმეტად ძვირი დაუჯდა. ძნელი სათქმელია, რამდენი გადაიხადა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახსნილ 40 ოფისში, ამ ოფისებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებში და, ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიაში. მაგრამ ეს კამპანია დასრულდა ორი ადამიანის გაყვანით თბილისის საკრებულოში და 150 000 მხარდამჭერის მობილიზებით მთელ საქართველოში, რაც, მომჭირნე მენეჯერის თვალით, წარმატებად ვერ შეფასდება. „ხელების მტვრევაც“ არ იქნება. არჩევნების დასრულებისთანავე ზურაბ ნოღაიდელმა, თუ არ ვცდები, 34 ოფისი დახურა და მხოლოდ 6 დაიტოვა.

თუმცა, საკითხს სხვა მხრიდანაც შეიძლება შევხედოთ. მართალია, არჩევნებში – ვერა, მაგრამ არჩევნების წინა პერიოდში ნოღაიდელმა ნამდვილად შეასრულა განსაკუთრებული როლი. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის გარეშე, მერობის საკუთარი კანდიდატის წარდგენის გარეშე, ოფისების გახსნის გარეშე, რუსეთში ვიზიტების გარეშე – ოპოზიციაში არ შეიქმნებოდა მეორე ცენტრი, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა არჩევნების ბედი და საბოლოო კონფიგურაცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კონფიგურაცია მომგებიანი ნაციონალური მოძრაობისთვის აღმოჩნდა, შესაძლოა, ხელისუფლებამ სათანადოდ დააფასოს (თუ უკვე არ დაუფასებია!) ზურაბ ნოღაიდელის წვლილი საკუთარ გამარჯვებაში.

ირაკლი ალასანია. „ალიანსი“ სამკუთხედის ყველაზე საინტერესო კუთხეა. გიგი უგულავასაც და ზურაბ ნოღაიდელსაც 30 მაისისთვის მკაცრად ჰქონდათ განსაზღვრული საკუთარი ადგილიც და როლიც. ირაკლი ალასანია კი პროცესის ერთადერთი მონაწილე იყო, რომელსაც რეალური არჩევანი უნდა გაეკეთებინა პასუხის გაცემით „ღერძულა“ კითხვაზე – არის თუ არა მისი პირველი პრიორიტეტი გიგი უგულავას დამარცხება?

თავიდან ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითი ჩანდა, რამაც, სავარაუდოდ, მიიზიდა კიდეც სოზარ სუბარი „ალიანსისკენ“. მაგრამ, ოპოზიციაში მეორე ცენტრის შექმნისთანავე, ირაკლი ალასანიას წინაშე გაჩნდა პრობლემა – უგულავას დასამარცხებლად აუცილებელი შეიქნა ორივე ცენტრის გაერთიანება; მეორე ცენტრმა კი ბრენდად პრორუსული იმიჯი მოირგო და საკუთარი უპირატესობაც ამ ბრენდს დაუკავშირა.

შეიქმნა დილემა: ან ოპოზიციონერი ნოღაიდელის გვერდით დადგომა და უგულავას დასამარცხებლად კარგი წინაპირობის შექმნა; ან ნოღაიდელთან – როგორც პრორუსულ ძალასთან – დაპირისპირება და, ნებსით თუ უნებლიეთ, უგულავას, როგორც პროდასავლური ლიდერის, გაძლიერება.

პოლიტიკურ სამკუთხედში ძალთა საბოლოო განლაგება ყოველთვის ასეთია – ორი ერთზე. და, როგორც წესი, ორი ამარცხებს ერთს. 30 მაისის არჩევნების ბედი დიდწილად გადაწყვიტა ირაკლი ალასანიამ, რომლის მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა არა უგულავას დამარცხება რაგინდარა ფასად, არამედ, პირველი ადგილის ნებაყოფლობით დათმობა დასავლური იმიჯის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად.

* * *

ალასანიასა და სუბარის გზები ზუსტად მაშინ გაიყარა, როცა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ საბოლოო არჩევანი გააკეთა ნოღაიდელის საზიანოდ და უგულავას სასარგებლოდ. თუმცა, „ალიანსის“ ლიდერი არ მალავს, რომ მისი გათვლა გრძელვადიანია და იგი კმაყოფილია საკუთარი არჩევანით. სოზარ სუბარმა კი განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა და ჩერჩილმა ითანამშრომლეს ჰიტლერის დასამარცხებლად. ამ ციტატით საბოლოოდ დადასტურდა, რომ სუბარის პირველი პრიორიტეტი უგულავას დამარცხება იყო, რაშიც მან „ალიანსის“ მხარდაჭერა ვერ მიიღო.

სამომავლოდ ოპოზიციაში ძალები სწორედ იმის მიხედვით გადანაწილდება, ვინ იბრძოლებს მიხეილ სააკაშვილის დასამარცხებლად „დღესვე“ და ვინ დაელოდება „ხვალინდელ დღეს“, როდესაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ვადა და რესურსი ბუნებრივად ამოიწურება.

გამოდის, რომ ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება არსებობს, „ალიანსი“, ნებსით თუ უნებლიეთ, მის მოკავშირედ რჩება. თუ პოლიტიკური პროცესი ბუნებრივად განვითარდება, შესაძლოა, ალასანია სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრე აღმოჩნდეს და ძალაუფლებაც მშვიდობიანად გადაიბაროს. ხოლო თუ პროცესი ხელოვნურად გამძაფრდება და დაჩქარდება, მაშინ ასპარეზზე სხვა ლიდერები დაწინაურდებიან და ქვეყანა მორიგ პოლიტიკურ შარში გაეხვევა.

* * *

წილი ნაყარია. აგვისტოს ომის შემდეგ ოპოზიციაში დაწყებული თვითგამორკვევის მწვავე და ხანგრძლივი პროცესი დასასრულს უახლოვდება. ოპოზიცია ორ ბანაკად ლაგდება. „მტრედების“ ბანაკის ლიდერი ირაკლი ალასანიაა, „ქორების“ ბანაკის ლიდერად კი, ჯერჯერობით, ნინო ბურჯანაძე იკვეთება. თუმცა, პროცესი დასრულებული არ არის. ბუნდოვანია ეროვნული ფორუმის პოზიცია. სოზარ სუბარის როლიც გაურკვეველია. თავის მხრივ, ოპოზიციის „მშვიდობიანი“ და „შფოთიანი“ ფლანგების პერსპექტივას დიდწილად განსაზღვრავს პროცესი, რომელიც უსათუოდ განვითარდება ნაციონალურ მოძრაობაში.

საერთაშორისო ფაქტორების მნიშვნელობაც არ დავივიწყოთ.

და ყველაზე მთავარი: საქართველოს მოსახლეობის ის ნახევარი, რომელიც 30 მაისის არჩევნებზე არ მივიდა, მოვლენების შემდგომი განვითარების კვალდაკვალ გააქტიურდება, ან კვლავ პასიურ მეთვალყურედ დარჩება. სხვა ფაქტორებთან ერთად, პროცესი დამოკიდებული იქნება სწორედ მათ პოლიტიკურ გემოვნებასა და მოლოდინზე.

დანარჩენსაც, გზადაგზა შევხედოთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG